საქართველოში დასაქმების ბაზარზე ვითარება სულ უფრო არასტაბილური ხდება
გვანცა წულაია
11.01.2022

საქართველო კადრების დეფიციტს განიცდის. განსაკუთრებული პრობლემა პანდემიის პერიოდში წარმოიშვა. კადრების მოძიება ყველაზე მეტად ჰორეკა სექტორს უჭირს. სპეციალისტები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რომელთა გამოც ქვეყანაში მუშახელის მოძიების პრობლემა გაჩნდა. 

ბიზნესი ამბობს, რომ პრობლემა არასაკმარისი კვალიფიკაციაა, თუმცა ფაქტია, რომ, ხშირ შემთხვევაში, ანაზღაურებაც საკმაოდ შეუსაბამოა, რის გამოც იქმნება კადრების პრობლემა. 

საქართველოს ბიზნესასოციაციის კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 60.2%-ის მოსაზრებით, უმთავრესი მიზეზი, რაც თანამშრომლების მოძიებას ართულებს, აპლიკანტთა არასაკმარისი ცოდნის დონეა, რაც სამი ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული: საქართველოში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები ძალიან მწირია ან საერთოდ არ არსებობს.

მათივე კვლევის მიხედვით, არასაკმარისი ცოდნის დონის გამო, კომპანიებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოძიება უჭირთ - გამოკითხულთა 47.6% ამბობს, რომ ასეთი თანამშრომლების მოძიება განსაკუთრებით რთულია მაშინ, როცა, გამოკითხულთა 55%-ის შეფასებით, დაბალი კვალიფიკაციის კადრების მოძიება არ წარმოადგენ სირთულეს ან მცირე სირთულეებთან არის დაკავშირებული.

საერთო ჯამში, 2021 წლის მეოთხე კვარტალში ჩატარებული გამოკითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს შრომითი რესურსების მოძიების საკითხის პრობლემურობას.

სპეციალისტთა ნაწილი კი სათანადო ანაზღაურების არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას. პროფესორი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ მთავრი პრობლემა კარგი კადრების მოძებნა და შეუსაბამო ანაზღაურებაა. 

„ძირითადად, კადრების დეფიციტი უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, ეს არის არასათანადო ანაზღაურება. თუ ადამიანს მიღებული აქვს თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება, საკმაოდ მაღალ დონეზე ფლობს ამა თუ იმ პროფესიას და მას შესთავაზებენ შეუსაბამო ანაზღაურებას, რა თქმა უნდა, ის უარს იტყვის. ასეთ შემთხვევაში მუდმივად დეფიციტი იქნება. 

მუშახელის ნაკლებობა შეიძლება, სხვა მიმართულებით უფრო თვალსაჩინო იყოს, ვიდრე ჰორეკა სექტორში. ზოგიერთ სექტორში მართლა არის მნიშვნელოვანი ჩავარდნა, მაგალითად, ენერგეტიკასა და ტექნიკურ სფეროებში, სადაც რთული მოსაძებნია კვალიფიციური კადრები. ამ შემთხვევაში ბიზნესისა და უმაღლესი სასწავლებლების ინტერესები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. მთავარია კადრების ძებნა და შესაბამისი ანაზღაურება, რომ ადამიანს უღირდეს, დაიწყოს მუშაობა და წავიდეს იმ მიმართულებით, რომელიც ყველა მხრივ მზარდი იქნება“, - განუცხადა „რეზონანსს“აროშიძემ და დასძინა, რომ საკმაოდ გართულებულია კარიერული წინსვლის პერსპექტივა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნელყოფაც.  

„არასაკმარისი ცოდნა იმდენად პრობლემა არ არის, როგორც არასაკამრისი ანაზღაურება. უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები იმ საწყის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, ასე თუ ისე, აძლევენ კურსდამთავრებულებს, რომ მათ შემდგომში მუშაობის დაწყება შეძლონ. არავინ ამბობს იმას, რომ ახალბედას მთავარი სპეციალისტის ან გამოცდილი მუშახელის ოდენობის ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, მაგრამ ადამიანს ორი რამ სჭირდება - კარიერული წინსვლა და ფინანსური უზრუნველყოფა, ეს კი დღეს საკმაოდ გართულებულია“, - დასძინა „რეზონანსთან“ პაატა აროშიძემ.  

კადრების დეფიციტს მხოლოდ ბიზნესი არ განიცდის. შარშან მუშახელის პრობლემა იყო სოფლის მეურნეობის სექტორში. აკადემიკოს ავთო სილაგაძეს საკუთარი მოსაზრება გააჩნია, თუ რის გამო იქმნება კადრების მოძიების პრობლემა. 

„ზოგადად, სპეციალისტთა ნაკლებობა ნამდვილად არ არის და მათ შორის, არც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, მაგრამ კონკრეტული მიმართულებით, ვიწრო სპეციალობების მქონე ადამიანები მართლაც არ იყვნენ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით. ასეთია, მაგალითად, ტექნიკური მიმართულებები, რომელსაც ხშირად უცხოელები და საშუალო დონის სპეციალისტები ანაცვლებენ; 

მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ სპეციალისტები არიან, მაგრამ ბიზნესში ახალი მიმართულებები წარმოიშვება და შესაძლებელია, აქაც საჭირო იყოს ყოველდღიური გადამზადება; 

მესამეც, ბიზნესში არის ცალკეული სფეროები, მაგალითად, ფინანსურ სექტორში, სადაც ანაზღაურება არის უფრო მაღალი, ვიდრე სხვაგან, მაგრამ მაღალკვალიფიცური სპეციალისტები უცხოეთში უფრო მეტს გამოიმუშავებენ და ბუნებრივია, უფრო დიდი შემოსავლისათვის საზღვარგარეთ მიდიან. ასევე შეიძლება, შრომა მეტი იყოს და შემოსავალი ნაკლები, ანუ შეუსაბამო ანაზღაურება და ესეც ერთ-ერთი მიზეზია“, - განუცხადა „რეზონანსს“ ავთო სილაგაძემ და დასძინა, რომ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები პრაქტიკული ცოდნის გაცემაზე უფრო მეტად უნდა იყვნენ ორიენტირებულნი.  

„ბიზნესი ახლოს უნდა იყოს კადრების მომზადებასა და უმაღლეს სასწავლებლებთან. ბიზნესი მისთვის მომავალ კადრებს სტუდენტებში უნდა ეძებდეს და მას უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, ვინ არის მისთვის პოტენციურად მისაღები კადრი. ვისურვებდი, რომ მათი მხრიდან პრაქტიკაზე ორიენტირება უფრო მეტად მოხდეს და განსაკუთრებით _ ბიზნესის მიმართულებით. აუცილებელია პრაქტიკულ სწავლებაზე აქცენტის გაკეთება“, - აღნიშნა აკადემიკოსმა. 

კადრების მიმართულებით განსაკუთრებული პრობლემა ჰორეკა სექტორში შეიქმნა. ამ ბიზნესში დასაქმებულებს არასტაბილურობის განცდა გაუჩნდათ პანდმიისას დაწესებული შეზღუდვების გამო. ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი სოსო ნიბლაძე აცხადებს, რომ თუ არ მოხდა გარკვეული თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავება, ეს კიდევ უფრო მზარდ პრობლემად იქცევა. 

„ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ საქართველოდან გამორჩეული, ეფექტური სამუშაო ძალა უცხოეთში ინაცვლებს. ეს ტენდენცია იგრძნობა და ამ მხრივ პრობლემებს ვაწყდებით. პრობლემა აქ მენეჯერულ პოზიციებზე ნაკლებადაა, საუბარია კვალიფიციურ მუშახელზე, რომელთა მოძიებაც გაზრდილ სახელფასო პირობებშიც კი პრობლემაა.

ძალიან აქტუალური გახდა დროებითი ემიგრაცია ევროპაში. სამუშაო ძალა გაედინება უცხოეთში გარკვეულ ანაზღაურებაზე, რომელიც შეიძლება იყოს 5-7 ევრო სააათში. ჩვენი ახალგაზრდები იქ მუშაობენ და პირობებით კმაყოფილნი არიან. შესაბამისად, საქართველოში რესურსი მცირდება“, - განაცხადა სოსო ნიბლაძემ „ბიზნესპარტნიორთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×