„თურქეთიდან შემოვა წამალი იაფად თუ სხვა რომელიმე ქვეყნიდან, აქ მაინც ძვირად გაყიდიან, ამიტომ საჭიროა ოლიგოპოლიასთან ბრძოლა!"
ირაკლი ლომიძე
11.01.2022

მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით პრემიერი აპირებს, გახსნას თურქეთის ბაზარი. ამ ქვეყნიდან წამლები საქართველოში ისედაც შემოდის და თურქეთი მუდმივად ლიდერ სახელმწიფოებს შორისაა. რეალური პრობლემა, რაც წამლის ფასთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს, ბაზრის ოლიგოპოლიურ ვითარებას უკავშირდება, რაც ოფიციალურ დონეზე დადასტურებული არ არის, თუმცა ეჭვგარეშეა. ამიტომ ქვეყნის პრემიერს ურჩევენ, რომ სწორედ ოლიგოპოლიასთან ბრძოლით დაიწყოს ფარმაცევტული სფეროს რეფორმა, რის გარეშეც წამლის გაიაფების ყველა მცდელობა შეიძლება, უშედეგო აღმოჩნდეს. 

ის, რომ უპრეცედენტოდ მაღალი ფასნამატით იყიდება წამლები, სხვადასხვა კვლევით არის დადასტურებული. კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, 18%-დან 26%-მდე ფასნამატით იყიდება საქართველოს ძირითად სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტები, თუმცა ეს მხოლოდ ძირითადი დასახელების წამლებს ეხება. არსებობს შემთხვევები, როდესაც მედიკამენტები 300, 400 და 1000%-ის ფასნამატითაც იყიდება.

ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების დოკუმენტს ჯანდაცვის სამინისტრო გასული წლის ბოლოდან ამუშავებს. მან ბაზარზე თამაშის ახალი წესები უნდა განსაზღვროს. მთავრობის გაცხადებული მიზანი მედიკამენტებზე მოქალაქეთა დანახარჯების შემცირება და მასზე ხელმისაწვდომობის ზრდაა.

საერთაშორისო ფონდ „კურაციოს" მკვლევარი ლელა სულაბერიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთ მექანიზმად გარე რეფერენტულ ფასწარმოქმნას (გრფ) განიხილავს. ამ მექანიზმზე „კურაციომ” ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმ უპირატესობებზე, რომლებიც აღნიშნულ მექანიზმს გააჩნია. კერძოდ, გარე რეფერენტული ფასწარმოქმნა მედიკამენტების ფასების რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენების შედეგად შესაძლებელია, მედიკამენტები მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

„პარლამენტის წევრებთან შეხვედრა, ჯერჯერობით, არ გვქონია და ჯერ არც დაგეგმილა. ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ვიცით, თავად სამინისტრო ამ მექანიზმსაც განიხილავს.  შეხვედრა დეკემბრის ბოლოს შედგა და მას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა. არ შემიძლია იმაზე საუბარი, სამინისტრო რას და როგორ გეგმავს, მაგრამ როგორც მივისმინეთ, გარკვეულ პაკეტს ამზადებენ და სამინისტრო აპირებდა ჯგუფებში სხვადასხვა მექანიზმზე მსჯელობას, ხოლო ამის შემდეგ რეგულირების პაკეტი შემუშავდებოდა”, - განაცხადა „ბიემთან" სულაბერიძემ.

მედიკამენტებზე ფასის შემცირების შესაძლებლობას სპეციალისტები ოლიგოპოლიური ბაზრის პირობებში ნაკლებად ხედავენ. იმას, რაც თურქეთის ბაზარსა და წამლის ფასებთან დაკავშირებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი ვატო სურგულაძე არასერიოზულად მიიჩნევს. როგორც მან „რეზონანსთან“ განაცხადა, თურქული  ბაზარი ისედაც გახსნილია და იაფად შემოდის წამლები, რომლებსაც ქართული სააფთიაქო ქსელები უპრეცედენტოდ მაღალ ფასში ყიდიან.  

გარდა ამისა, სურგულაძემ ისაუბრა იმ ფაქტორებზეც, რომელთა გამოც თურქეთში მედიკამენტები იაფი ღირს. 

„ფასები რომ შემცირდეს, ბიზნესს საბაჟო გადასახადები არ უნდა გადაახდევინონ, მაგრამ ამ შეღავათზე ქვეყანა ვერ წავა, ეს წარმოუდგენელია.  რაც შეეხება თურქეთს, პრემიერმა უნდა ახსნას, რას ნიშნავს ბაზრის გახსნა, როცა წამლის იმპორტი ისედაც ხორციელდება. მექანიზმი უნდა ჩამოაყალიბონ, რას გულისხმობს ბაზრის გახსნა. 

რეალურად, თურქული წამალი დიდი ოდენობითაა ჩვენს ბაზარზე. ამასთან, იქ არის ხარისხიანი მედიკამენტებიც და უხარისხოც. ვერ დავინახე, როგორ აპირებენ საფასო პოლიტიკის შეცვლას ფარმაციაში. თურქეთში წამლის ფასი იმიტომ არის დაბალი, რომ სახელმწიფო თავის თავზე იღებს თანადაფინანსებას, არ ზარალდება არც მოსახლე, არც ფარმაცევტული კომპანია. ამასთან, ადგილობრივი ფარმაცევტული ინდუსტრია ძალიან დიდია, მოიცავს უამრავ ქარხანას. თურქეთი უცხოურ ვალუტაში არ ყიდულობს წამლებს და ლირის კურსი ამ მხრივ  გავლენას ვერ ახდენს“, - აღნიშნა სურგულაძემ და დასძინა, რომ აუცილებელია, ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა განხორციელდეს, რისთვისაც, პირველ რიგში, ოლიგოპოლია უნდა დაამარცხონ.

„თუკი რამე წამალი არ შემოდის თურქეთიდან, არ სურთ შემოტანა და ამიტომ, ისევ ოლიგოპოლიური მდგომარეობა უშლის ხელს. ძნელი დასამტკიცებელია კარტელური გარიგება, მაგრამ ნამდვილად არსებობს. სექტორს სჭირდება სერიოზული რეფორმა და ხისტი ზომებიც, რომ შევძლოთ და ფასები დავწიოთ. ჩვენი პრობლემა არა ფასები, არამედ დაბალი შემოსავალია, რაც ფასების ზრდას ვერ ეწევა. მედიკამენტები ძვირდება ყველა ქვეყანაში, მაგრამ გაუგონარია ის მდგომარეობა, რაც ამ მხრივ ქართულ ბაზარზეა", - განუცხადა სურგულაძემ „რეზონანსს“.

ჯანდაცვის ეკონომისტი, პროფესორი კახა ჯაყელი ფიქრობს, რომ შესაძლებელია მედიკამენტების 40%-მდე გაიაფებაც, მაგრამ არა იმ მექანიზმის გამოყენებით, რა გზითაც მთავრობა პრობლემის მოგვარებას აპირებს.

„თურქეთიდან შემოვა წამალი იაფად თუ სხვა რომელიმე ქვეყნიდან, მაინც ძვირად გაყიდიან. რეალურად არაფერი შეიცვლება იმით, თუ თურქეთის მიმართულებას გაააქტიურებენ, უბრალოდ, უფრო მეტი მოგება ექნება ბიზნესს. დღეს ინდოეთიდანაც შემოდის იაფი მედიკამენტები, მაგრამ ჩვენ მაინც ძვირად ვყიდულობთ. 

ბევრად სარწმუნო იქნებოდა, ღარიბაშვილს ეთქვა, რომ შეისწავლის კომპანიების მონოპოლიურ მდგომარეობას და, კანონიდან გამომდინარე, მონოპოლისტი კომპანიების წინააღმდეგ ზომებს მიიღებენ. ასეთ შემთხვევაში ბიზნესი თვითონვე შეეცდებოდა  ფასების დაწევას, მაგრამ ახლა არხეინად არიან, რადგან იციან, რომ არავინ შეეხება და დაუბრკოლებლად გააგრძელებენ მოსახლეობის ძარცვას. იმ შემთხვევაში, თუკი  კარტელურ გარიგებებს ბოლო მოეღება, მედიკამენტები შეიძლება, 40%-მდეც გაიაფდეს", - განაცხადა კახა ჯაყელმა „რეზონანსთან“.

შეგახსენებთ, რომ მედიკამენტების გაიაფების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე რამდენჯერმე ისაუბრა. ორიოდე დღის წინ, მთავრობის სხდომაზე მან გამოაცხადა, რომ იგეგმება თურქეთის ბაზრის გახსნა, საიდანაც საქართველოში მედიკამენტები უნდა შემოვიდეს. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კანონმდებლობაზე, რომელიც ამ მიმართულებით სიტუაციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. საბოლოო გადაწყვეტილება და მოქმედების გეგმა ამ კვირაში გამოქვეყნდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×