„ასე თუ გაგრძელდა, მეწარმეები უკიდურეს ზომებს მიმართავენ, არ გამოაცხობენ პურს და გააჩერებენ საწარმოებს“
გვანცა წულაია
11.01.2022

რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადმა ისევ მოიმატა. დღეიდან მთავარი საექსპორტო მარცვლეულის გადასახადი ერთ ტონაზე 94.9 დოლარიდან 98.2 დოლარამდე გაიზარდა. რუსეთი გადასახადს უკვე ყოველკვირეულად ზრდის და შეიძლება ითქვას, რომ, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველო საფრთხეშია, თუმცა, მეორე მხრივ, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ღირებულება ეცემა, ქვეყანაში ფქვილის პირდაპირი იმპორტი მატულობს, ლარიც მყარდება და ამიტომ პურის ფასს, წესით, არაფერი არ უნდა დაემუქროს.

საბაჟო გადასახადი იზრდება რუსულ ქერზეც - 83.5 დოლარიდან 86.2 დოლარამდე, ხოლო სიმინდზე 69 დოლარიდან 67.7 დოლარამდე შემცირდება. აღნიშნული გადასახადი 18 იანვრამდე იმოქმედებს, მერე კი გადასახადი, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს. რუსეთი ხელოვნურ ბარიერებს ყოველკვირეულად მაღლა სწევს, მაგრამ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საგარეო ფაქტორზე უფრო მეტად საყურადღებო ქვეყანაში არსებული სიტუაციაა.  

პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ბაზარზე სრული გაურკვევლობაა, რომელიც წლის დასაწყისიდანვე დაიწყო, როცა საცხობებს ბუნებრივი აირის გადასახადის სხვადასხვა ტარიფი მიუვიდათ, ამიტომ „გაიზრდება თუ არა პურის ფასი, კომუნალურ გადასახდელებზე იქნება დამოკიდებული“. 

„პურის ფასში ენერგომატარებლების მოცულობა იყო 20%. ეს არის ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და საწვავი. თუ გახსოვთ, გაკეთდა ასეთი რამ: მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი ჯერ გახდა 54 თეთრი, მერე _ 56 თეთრი და საწარმოებისთვის _ 1.10-1.20 ლარი, თუმცა 83-თეთრიანი ტარიფი დატოვეს პურის საცხობებისთვის და გადასახადი მათთვის არ შეუცვლიათ.  

დღეს, როგორც მე ინფორმაცია მაქვს, გაურკვევლობა შეიქმნა. ვერ გავიგეთ, მოიმატა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფებმა თუ არა. სრულიად დამაბნეველი სიტუაციაა. მეწარმეები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ზოგ საცხობს სხვა ფასად აწვდიან ბუნებრივ არის, ზოგს - სხვა ფასად, ანუ უფრო ძვირად. რატომ იქმნება ასეთი ქაოსი? როგორ შეიძლება, ერთ წარმოებას ენერგომატარებელი სხვა ფასად მისცე და მეორეს - სრულიად სხვა ფასად? გამოვიდეს ვინმე და გვითხრას, რა ხდება. ალბათ, იტყვიან, რომ ეს „სოკარია“, ის „თბილისი ენერჯია“ და გადასახადი ამიტომაა სხვადასხვა, მაგრამ ამაშიც ხომ გარკვევა გვჭირდება? 

თუ მათ მხედველობაში ის სია აქვთ, რომლითაც პურპროდუქტების საწარმოები სუბსიდირებაში იყვნენ მოქცეულნი, სულ სხვა თემაა, რადგან ეს საკითხი იყო ფქვილთან დაკავშირებული და არა _ ენერგომატარებლებთან“, - განუცხადა „რეზონანსს“ მალხაზ დოლიძემ. 

გაურკვევლობაზე საუბრობენ რეგიონებშიც. მეწარმე და მეპურე ქობულეთიდან პირდაპირ ადასტურებს, რომ ზოგიერთ საწარმოს გადასახადი გაეზარდა, ზოგიერთს კი - არა. 

„ეს საკითხი ჩვენ ვერ გავარკვიეთ. 29-თეთრიანი სხვაობა არის დარიცხული დეკემბრის გადასახადთან მიმართებით. 86 თეთრი იყო და აყვანილია 1.15-ზე, გაუფრთხლებლად. არ ყოფილა წინასწარი ინფორმაცია, რომ გადასახადი გაიზრდებოდა, არავის მოუმართავს. ეს გადაწყვეტილება „სოკარმა“ მიიღო თვითნებურად. 

ბიზნესი ამხელა გადასახადის გადახდას ვერ შეძლებს, 30%-ით მატებაზეა საუბარი. როგორც ვიცი და რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ქობულეთში არსებული, დაახლოებით, 7 მსხვილი საცხობიდან 5-ს გაუძვირდა გადასახადი და 2-ს ძველი ტარიფი დაუტოვეს.   

ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მუშაობა არ მიღირს. უბრალოდ, ბანკის ვალი მაქვს და სხვა გზა არაა, თავი გამაქვს, თორემ უაზრობაა. ასე თუ გაგრძელდა, მეწარმეები უკიდურეს ზომებს მიმართავენ, არ გამოაცხობენ პურს და გააჩერებენ საწარმოებს“, - განუცხადა „რეზონანსს" ქობულეთელმა მეწარმემ. 

ჯერჯერობით გაურკვეველია, რის გამო წარმოიქმნა გაუგებრობა და საწარმოებს რატომ მისდით სხვადასხვა გადასახადი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×