ეროვნული ვალუტის გაუფასურების არანაირი საფრთხე აღარ არსებობს
თიკა სიბოშვილი
12.01.2022

ეროვნული ვალუტა გამყარების ტენდენციის შენარჩუნებას ახერხებს. ლარმა ყველა კრიტიკული პერიოდი გაიარა და პოზიციებს თითქმის ყოველ კვირაში იუმჯობესებს.  მოლოდინიც საკმაოდ პოზიტიურია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იანვრის პირველი ნახევარი გამყარებით მიმდინარეობს და კურსი - 3.08 ნიშნულთან  ტრიალებს. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ლარის სტაბილიზაციას და გამყარებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა საინტერსოა, როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი?

დიდი გაუფასურების შემდეგ ლარმა მოახერხა და 2020 წელი პოზიტიურად დაასრულა. ფაქტია, რომ გაცვლითი კურსი ბოლო პერიოდში გამყარებისკენ შებრუნდა, ხოლო 2022 წლის დასაწყისი კურსისთვის უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა და არის შანსი იმისა, რომ ლარმა ურყევად გააგრძელოს პოზიციების მეთოდური გაუმჯობესება მომდევნო თვეებშიც. 

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ იანვრის ბოლომდე ლარი დღევანდელ გაცვლით კურსს შეინარჩუნებს და რაიმე მკაფიო ცვლილებები არ გვექნება.

„ლართან დაკავშირებით გვქონდა პროგნოზი, რომ იანვრის შუა რიცხვებიდან გაუფასურებას დაიწყებდა, თუმცა ახლა უკვე ვგულისხმობთ იანვრის ბოლოს. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს გაუფასურება არ იქნება მნიშვნელოვანი, რომ მან ფასებზე გავლენა მოახდინოს, რომლებიც ისედაც გაძვირებულია.

ეროვნულ ბანკს გააჩნია საკმარისი რეზერვები და იგი ისტორიულ მაქსიმუმზეა - 4 მილიარდ 200 მილიონ დოლარი ოდენობით. თუკი გაუფასურება დაიწყება, ვფიქრობთ, რომ აუცილებლად ჩაერევიან, რადგან დამატებითმა მერყეობამ არ გამოიწვიოს ფასების კიდევ უფრო მომატება.

იანვრის ბოლოს, ლარი თუ გაუფასურდება მაქსიმუმ 3.15 ნიშნულამდე ავა, შემდეგ ისევ დაუბრუნდება საწყის ნიშნულს. პირველ კვარტალში რაიმე რყევის ნიშნებს არც ველოდებით და თუ ასე მოხდა, როგორც ავღნიშნე, გვაქვს ძალიან კარგი საერთაშორისო რეზერვები“, - აღნიშნა შენგელიამ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ იანვრის თვე მაინცდამაინც აქტიურობით არ გამოირჩევა, რაც მეტ საფუძველს იძლევა იმისა, რომ კურსი არ შეიცვლება.

„პირველი კვარტალი შეინარჩუნებს სტაბილურ მდგომარეობას, არ არის იმის ნიშნები, რომ ლარს რაიმე სერიოზული ემუქრებოდეს, ამასთან იანვარი აქტიური არ არის იმპორტის მხრივ და დიდი უცხოურ ვალუტაზეც დიდი მოთხოვნა არ შეინიშნება.

ამ თვის ბოლოს შესაძლოა, მოთხოვნა იყოს არარეზიდენტების მხრიდან, რომლებიც შარშან ამ პერიოდში შემოვიდნენ საქართველოში და შეიძინეს ფასიანი ქაღალდები, გადმორიცხეს დოლარები და შემდეგ გადაიყვანეს ლარში. თუ ვინმე მოინდომებს, მაგალითად, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან მათ დაბრუნებას, ამ შემთხვევაში შესაძლოა, დოლარზე გაიზარდოს მოთხოვნა და ეს არის საფრთხილო, თორემ ეკონომიკური პროცესებიდან გამომდინარე, არავითარი სახიფათო ნიშნები არ ჩანს“, - დასძინა შენგელიამ.

ლარის კიდევ უფრო მეტად გამყარების შემთხვევაში, რაც უახლოეს პერიოდში გამორიცხული ნამდვილად არ არის, ქვეყანაში გაჩნდება იმის შანსი, რომ სხვა სფეროებსაც მიეცეთ გამოღვიძებისა და ეკონომიკურად გაჯანსაღების საშუალება. აშკარაა, რომ  ახლა, როცა ქვეყანაში საფინანსო ბაზარზე პოზიტიური ნიშნებია, აუცილებელია მისი შენარჩუნება და შემდგომში უკვე გაუმჯობესება.

როგორც საბანკო სფეროს ექსპერტმა მიხეილ თოქმაზიშვილმა "რეზონანსთან"  აღნიშნა, ლარი ჯერჯერობით დღევანდელ პოზიციაზე დარჩება. ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება, რადგან გაუფასურებული ლარი და ძვირი ფასები ბიზნესსა და მოსახლეობაზე უარყოფითად მოქმედებს.

„საქართველოს დღეს ეკონომიკურად საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპი აქვს და ამიტომაც, ბუნებრიავია, რომ ლარის კურსი შედარებით უფრო მყარი იქნება იმ პერიოდამდე, სანამ ეს ტემპი არ დაეცემა. მოკლე პერიოდში შესაძლებელიც არის, რომ ტრენდი გაგრძელდეს და მშპ-ს ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი შენარჩუნდეს.

საშუალოვადიან პერიოდში რაიმე პროგნოზის გაკეთება რთული იქნება, რამდენადაც ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება, თუ როგორ წარიმართება ვაჭრობა, რა მოხდება საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც ფასები ისედაც იზრდება“, - აღნიშნა თოქმაზიშვილმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს, ერთი ამერიკული დოლარი 3.08 ლარი ეღირება, ევრო – 3.50 ლარი. სადღესასწაულო დღეების შემდეგ ეროვნული ვალუტა შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც მყარდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×