აპრილში დაგეგმილი ცვლილებები ჯერ კიდევ იმდენად ბუნდოვანია, რომ სპეციალისტებსაც უჭირთ დეტალებზე საუბარი
გვანცა წულაია
13.01.2022

მართვის მოწმობის გაცემისა და გამოცდების ჩაბარების კუთხით სულ მალე ცვლილებები ამოქმედდება. კანონი, რომელიც პარლამენტმა, 2021 წელს დაამტკიცა, მართვის მოწმობის მიღების გართულებას და თანაც გაძვირებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონის ძალაში შესვლამდე 3 თვე რჩება, ოფიციალურად თითქმის არაფერია ცნობილი, თუმცა „რეზონანსმა“ რამდენიმე დეტალი გაარკვია. 

ახალი ნორმატიული აქტი ძალაში 2022 წლის 25 აპრილიდან შევა. სწორედ აღნიშნული თარიღიდან, მართვის მოწმობის გამოცდას ქუჩაში მართვის კომპონენტი დაემატება, ანუ გამოცდა ჯერ იქნება თეორიული, შემდეგ ადგილზე - მოედანზე და ბოლოს უკვე ქალაქში. ქალაქში გამოცდა „ბ“ და „ბე“ კატეგორიისათვის 90 ლარი ეღირება, რომელიც მხოლოდ ერთჯერადი ჩაბარებისთვის იქნება საკმარისი. არ იცვლება თეორიული გამოცდის ჩაბარების ღირებულება და ის კვლავ – 40 ლარი იქნება. გარდა ამისა, წინასწარ დადგინდება ცნობილი ქალაქში გამოცდაზე გასასვლელი რამდენიმე ქუჩის ჩამონათვალი და  მათგან ერთ-ერთის არჩევა კომპიუტერული სისტემით მოხდება. 

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე აცხადებს, რომ ქალაქში გამოცდისთვის განისაზღვრება 5 მარშრუტი და კომპიუტერი ერთ-ერთი მათგანს შეარჩევს.  

„ზუსტი მარშტუტები იქნება ცნობილი, რომელზეც აიკრძალები სასწავლო სვლა, რომ იმ ადგილებში არ მოხდეს პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება. მე ამას ვეწინააღმდეგებოდი, რადგან ევროპული და ამერიკული მაგალითები არსებობს, რომ არანაირი მარშრუტი არ არის განსაზღვრული. ჩვენთან არ ვიცი ასე რატომ გააკეთეს. ყოველ შემთხვევაში, კომპიუტერი 5 მარშრუტიდან ერთ-ერთს აირჩევს და გამოცდაზე გასვლა ასე მოხდება. მოქალაქეს წინასწარ არ ეცოდინება, კომპიუტერი რომელ  მათგან შეარჩევს, მაგრამ, როგორც გითხარით, 5 მარშრუტი იმთავითვე დადგენილი იქნება. 

პრაქტიკული ცოდნის გავლას რაც შეეხება, სწავლებას ავტოსკოლები გაუძღვებიან. საკმარისი აღარ იქნება ის საგამოცდო პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. შესაბამისად, ამის გათვალისწინებით, სკოლების დონე აიწვეს, რადგან მოთხოვნა გაჩნდება იმაზე, რომ ავტომობილის მართვა ასწავლონ, რათა შემდგომში მოსწავლემ გამოცდის ჩაბარება მოახერხოს. 

ძალიან ცუდია, რომ დღესდღეობით არ არსებობს სტრუქტურა, რომელსაც დაევალება სკოლების კონტროლი ან პროგრამების დაწერა, ან ლიცენზიის გაცემა. დღეს ნებისმიერს შეუძლია ეს საქმე აკეთოს და მოსწავლე ამეცადინოს. 

კიდევ ერთი ნიუანსი არის ის, რომ ვთქვათ, მსურველმა ვერ ჩააბარა გამოცდა, რა ხდება ამ დროს? ეს და სხვა დეტალები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და მინისტრის ბრძანებით დარეგულირდება, ასეთი პასუხი გვაქვს ამ ეტაპზე. ზუსტად როგორ უნდა იყოს, არ არის ცნობილი, თუ პირველად ვერ მოხდა გამოცდის ჩაბარება, როდის ჩაბარდება მეორედ, რამდენს იხდი და ა.შ. ის ვიცით, რომ ჯერ იქნება თეორია, მერე მოედანი და ბოლოს ქალაქის ნაწილი. ადამიანი სასწავლო მოედანზე თუ ჩაიჭრა, ძველებურად ისევ მოედანზე მოუწევს დაბრუნება, მაგრამ თუ ქალაქში ჩაიჭრება, მაშინ რა მოხდება? ასეთი საკითხები არ ვიცით, ჩამოყალიბებული არ არის. წვრილმანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია, რაზეც სისტემა უნდა იდგეს და ამ დროს არაფერი ცნობილი არ არის“, - განუცხადა „რეზონანსს“ მელაძემ. 

იმის გათვალისწინებით, რომ მალე გამკაცრებული ცვლილებები ამოქმედდება მოქალაქეები მართვის მოწმობის აღებას ჩქარობენ, რათა გართულებულ გამოცდას თავი ააროდონ. სწორედ ამიტომ, ქვეყნის მასშტაბით არსებულ საგანომოცდო ცენტრებთან რიგებია. 

„მომსახურების სააგენტო ამბობს, რომ მზად არის, ავტომობილების მზად ჰყავს, ჩამოიყვანეს უცხოელები და პატარა გადამზადება ჩაატარეს. ახლა მოთხოვნა უფრო მეტია, ყველას უნდა მარტივად მოიშოროს მომავალი პრობლემა, ამიტომ ახლა ადგილები საერთოდ არ არის, ყველა მათგანი შევსებულია, რუსთავში, ქუთაისში, თბილისში, ყველგან. თუკი სადმე რაიმე ფანჯარა არის, ხალხი ეწერება, რომ რაც შეიძლება მალე ჩააბარონ გამოცდები, რომ ცვლილებამდე არ მივიდნენ. როგორც დღეს ხდება მართვის მოწმობის აღება, არაფერს გვაძლევს, ნულოვანი ცოდნით გამოვდივართ და ის, რაც ქუჩებში გვჭირს, სწორედ ამის ბრალია და სხვა არაფრის“, - დასძინა „რეზონანსთან“ მევლუდ მელაძემ. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ აღნიშნული ცვლილება საკმარისი არ არის და გადასადგმები ნაბიჯი კიდევ ბევრია. ეს კი ყველა მინიმუმია, რისი გაკეთებაც ამ მიმართულებით შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონი ყველაზე მცირედია, სპეციალისტები სიახლეს მაინც მიესალმებიან, მაგრამ იქვე ამბობენ, რომ გადაწყვეტილება დაგვიანებულია. 

პრეტენციებია ავტოსკოლებთან დაკავშირებით. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ სკოლები არ იძლევიან საკმარის ცოდნას, რაც მძღოლისთვის რეალურად საჭიროა, ამიტომ მათი მოთხოვნაა, რომ პასუხისმგებელი ორგანო არსებობდეს და სიტუაციას მუმდივად აკვირდებოოდეს, იქნება ეს კონტროლი, ლიზენციის საკითხი, თუ სხვა.  

ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტი ეკა ლალიაშვილი იმედოვნებს, რომ  ახალი კანონი ძალაში შესვლისთანავე სამზადისი უკვე დასრულებული იქნება. 

„ეს არ არის ახალი კანონი, ამაზე შინაგან საქმეთა სამინიტრო წლებია მუშაობდა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით წლების წინ იყო მზადყოფნა. ამიტომ, როდესაც კანონი ძალაში შევა, ყველაფერი დასრულებული იქნება. 

ქუჩის მარშრუტი რაც არ უნდა ცნობილი იყოს, ეს ხომ ცოცხალი პროცესია და ადამიანმა რეალურ მომენტში უნდა მოახერხოს გამოცდის ჩაბარება, ამიტომ ქუჩის წინასწარ ცოდნა ან არ ცოდნა, არა მგონია, რომ დიდად რამეს ცვლიდეს. აქ მთავარია როგორ გაართმევს თავს გამოცდის ჩაბარებას მოსწავლე ნებისმიერი სიტუაციის გათვალისწნებით, როგორ მოახდენს პარკირებას და ა.შ. 

დღეს მოთხოვნა არ არის, რომ ადამიანმა მაინცდამაინც ავტოსკოლაში იაროს, ამიტომ მოქალაქეს შეუძლია პროქტიკული ნაწილი თავადაც შეისწავლოს. სამომავლოდ კი ძალიან მნიშვნელოვანი გახდება ავტოსკოლების კვალიფიკაციის შემოწმება. აკრედიტაცია, ლიცენზირება და ა.შ. თეორიულ ნაწილს გარკვეული ხრიკებით ასწალიან და რეალურად ეს სწავლება არ არის, ეს არის პოტენციური მძღოლის მოტყუება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ეკა ლალიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×