ფინანსისტები ფიქრობენ, რომ დოლარის ჰეგემონია მთავრდება, ახლო მომავალში იგი დასუსტებას გააგრძელებს და პოზიციებს ვეღარ აღიდგენს
გვანცა წულაია
16.05.2022

რეგიონში ეროვნული ვალუტების გამყარების ტენდენცია გრძელდება. ომის ფონზე, ქართული ფული, მისი მეზობელი ქვეყნების ვალუტებთან ერთად, პოზიციებს სულ უფრო იუმჯობესებს. მართალია, ომი და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ეკონომიკურ სტაბილურობას დიდ რისკს უქმნის, მაგრამ რეგიონულ საფინანსო სისტემას ვერაფერს აკლებს. განსაკუთრებით გამორჩეულია ლარისა და რუსული რუბლის სწრაფი რევალვაცია.

თუ არ ჩავთვლით თურქულ ლირას, შეიძლება ითქვას, რომ ომმა მეზობელი ქვეყნების ვალუტებზე გავლენა ვერ მოახდინა. მყარდება ყველაზე სანქცირებული და აგრესორი ქვეყნის ვალუტაც კი. ომის წამოწყების შემდეგ თუკი ერთი დოლარი 120-125 რუბლი ღირდა, ახლა 64 რუბლი ღირს. მყარდება სომხური დრამიც. ცვლილებას არ განიცდის აზერბაიჯანული მანეთი, რომელიც ურყევად, 1.69 ნიშნულზეა. სწრაფად იუმჯობესებს მდგომარეობას ქართული ლარიც, რომელიც უკვე დაუბრუნდა ომამდელ ნიშნულს და 2.90-ისკენ მიიწევს, ქვეყანაში კი, სადაც ომია, 1 დოლარი 29 გრივნამდე ღირს, როცა რუსეთის აგრესიამდე  26 გრივნა ღირდა და ფაქტობრივად, არ გაუფასურებულა.

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ დოლარის მიმართ ნდობა ნელ-ნელა იკარგება და მომდევნო თვეებში რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ არსებობს. 

„ცხადია, რუბლის გამყარებას რაც იწვევს. რუსულ ფულზე მოთხოვნა იზრდება, რადგან რუსეთი დიდი საექსპორტო ქვეყანაა და დადებითი სალდო ყოველთვის ჰქონდა, ანუ უფრო მეტი გაჰქონდა, ვიდრე შეჰქონდა. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ რუსეთიდან გაყიდვები შეზღუდულია, ასე არ არის. ბოლო მონაცემებით, რუსეთმა წელს, შარშანდელ პერიოდთან შედარებით, 50%-ით მეტი ნავთობი გაყიდა. მომხმარებლები ფულს უმეტესად რუბლებში იხდიან, ამიტომ რუსულ ფულზე მოთხოვნამ რუბლის გამყარება განაპირობა.

ზოგადად კი, ბოლოს, როდესაც ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი ასწია, დოლარის გამყარება შეინიშნებოდა, მაგრამ ეს დროებითია. მსოფლიოს ქვეყნებმა როდესაც დაინახეს, რომ ნავთობზე ვაჭრობა წავიდა რუბლში, ჩინურ იუანში, ინდურ რუპიაში, ფაქტობრივად, დოლარის ნდობა იკარგება. არანაირი ნიშანი არ არის, რომ დოლარი გაძლიერდეს და რაიმე განსაკუთრებული მოხდეს მომდევნო თვეებში. დოლარმა, როგორც მსოფლიოს მთავარმა სარეზერვო ვალუტამ, პოზიციების დაკარგვა დაიწყო. ეს ცხადია და, გვინდა თუ არ გვინდა, ასეა“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ცდილობს, ლარი დაბალ ნიშნულზე ამყოფოს, რათა ფასები არ გაიზარდოს.

„რაც შეეხება საქართველოს მდგომარეობას, მოთხოვნა შემცირებულია, ამიტომ იმპორტი ნაკლები შემოდის. ის, რომ სავაჭრო ბრუნვა ციფრებში დიდია, არაფერს ნიშნავს, რადგან ფასები გაზრდილია. შარშან თუ შემოდიოდა 10 ათასი ტონა პროდუქცია და ჯდებოდა იქს დოლარი, წელს ამ მოცულობის საქონელში გადასახდელია უფრო მეტი თანხა. ციფრების ზრდა ცალსახად იმას არ ნიშნავს, რომ მეტი მოცულობის პროდუქცია შემოვიტანეთ ანდა გავიტანეთ. 

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ცდილობს, ლარი დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნონ, რადგან საწვავსა და ძირითად საქონელზე ფასები არ გაიზარდოს. წარმოიდგინეთ, ვალუტის კურსი რომ იყოს 3.30 ლარი, ასეთ ვითარებაში საწვავი 4.60 ლარზე ნაკლებად არ იქნებოდა. ვერც ერთი პროდუქცია ვერ ეღირებოდა ის თანხა, რაც დღეს ღირს, საწვავი 3.80-4.20 ლარს შორის რომ მერყეობს, ეს არის იმის დამსახურება, რომ ერთი დოლარი ღირს 3 ლარზე ნაკლები.

ლარს სიმყარეში ასევე ეხმარება გადმორიცხვები. რუსეთიდან და უკრაინიდან გადმორიცხვები კი შემცირებულია, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან მაინც რიცხავენ ჩვენი თანამოქალაქეები ფულს. თვეში, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის ტრანზანქცია ხდება, ეს კი პირდაპირ მიემართება ბაზარზე და ლარზე მოთხოვნა არსებობს“, - დასძინა „ბიზნეს-რეზონანსთან“ შენგელიამ. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ეკონომიკური ფასი დიდი იქნება არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ _ მთელი რეგიონისა და მსოფლიოსთვის. ომით გამოწვეული დანაკარგების ზუსტი პროგნოზირება ამ ეტაპზე რთულია, რადგან ყველაფერი სამხედრო კონფლიქტის ხანგრძლივობასა და მასშტაბებზეა დამოკიდებული, თუმცა, ამ ეტაპზე, მიმდინარე ომმა ცხადყო, რომ გავლენა ვალუტებზე არ იქნება.

ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს თავის შესაძლებლობებს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ქვეყანაში პრობლემას არ შექმნის.

„საერთოდ, ასეთი ტენდენცია მიმდინარეობს, რომ ამერიკამ დაბეჭდა საკმაოდ დიდი მოცულობით ფული, რადგან რეალურად სჭირდებოდა დოლარი პანდემიის შემდეგ. ამ ფულის მასამ შეასუსტა დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებით. ევრო უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე ფენომენი, რადგან ახლა ევროკავშირი აპირებს ობლიგაციების გამოშვებას იმისათვის, რომ მოიზიდოს კაპიტალი და რეალურად მოსახლეობაზე გასცეს კომპენსაციები ომის შედეგების გამო. ეს, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ევროს კურსზე.

ცალკე ევრო უფასურდება, ცალკე _ დოლარი. ჩვენს შემთხვევაში ლარი კია სტაბილური, მაგრამ ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ეკონომიკა სწრაფად ვითარდება. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მაქსიმალურად შევძლოთ უცხოური კაპიტალის მოზიდვა იმ დარგებში, რომლებიც იქნება პრიორიტეტული და პერსპექტიული. ეს საბოლოოდ გადაწყვეტს პრობლემას სავალუტო კურსსა და ეკონომიკასთან დაკავშირებით.

როდესაც სანქციები თავის სახეს აჩვენებს, ჩვენთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გამოიყენებს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გააჩნია. ეს იქნება შუააზიური სატრანზიტო და ჩვენი დერეფნები. თუ შევძელით ისეთი რეფორმების გატარება, რომლებიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ლარის პრობლემა საბოლოოდ დაიძლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ლარი იქნება ყოველთვის სუსტი“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ვახტანგ ხომიზურაშვილმა და დასძინა, რომ როდესაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციები შედეგს გამოიღებს, რუბლი გაუფასურება.

„რუსეთს სავალუტო რეზერვები დაუყადაღეს, ვერ იყენებენ, მაგრამ, ჯერჯერობით, მათი ცენტრალური ბანკი ამცირებს ფულის მასას მიმოქცევაში, რაც ზომიერად იჭერს რუბლს, თუმცა ეს იმ ფონზე, როდესაც მოხმარება მცირდება და ცხოვრების დონე ქვეითდება. ჯერჯერობით, ამ მდგომარეობაშია რუბლი, მაგრამ, როდესაც სანქციები თავის ძალას აჩვენებს, შემდეგ რუბლს დიდი ვარდნა ელოდება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტი და საერთაშორისო დამნაშავეა, ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკის რეზერვების დაყადაღება წმინდა იურიდიული თვალსაზრისით არასწორი ნაბიჯია, რადგან ცენტრალურ ბანკში აკუმულირებულია აბსოლუტურად სხვა წარმოშობის თანხები, მათ შორისაა ის რეზერვები, რომლებსაც სხვა დანიშნულება აქვს“, - დასძინა ხომიზურაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გამყარება ინფლაციური წნეხის შემცირების მიმართულებით ერთ-ერთი ფაქტორია. „თიბისის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაიაც ადასტურებს, რომ მონეტარულ პოლიტიკას შეუძლია ლარის კურსის კიდევ უფრო გამყარება და ეს იქნება ინფლაციის შემცირების კუთხით ყველაზე ქმედითი ნაბიჯი.

„თუ ავიღებთ ლარის კურსს იმავე ლირასთან, რუბლთან, ევროსთან მიმართებით, ის  მცირედით გამყარებულია, თუმცა ეროვნული ვალუტის შემდგომი გამყარების კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შემოდინებები საკმაოდ დიდია, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი უფრო ფრთხილია“, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×