წამლების ფასზე ზედა ზღვარი დაწესდება და მასზე ძვირად აფთიაქებში ვერ გაიყიდება
ქეთო გოგოხია
16.05.2022

თურქეთიდან იაფი მედიკამანეტების შემოტანა ფასების მხრივ ფარმაცევტულ ბიზნესში არსებული პრობლემის მოგვარებას ვერ შველის. გარკვეული დასახელების წამლები გაიაფდა, თუმცა დიდზე დიდი უმეტესობა მოსახლეობისთვის კვლავ ძნელად ხელმისაწვდომია. აშკარაა, რომ ბაზარს დამატებითი რეგულაციები სჭირდება, რაზეც ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა და აღნიშნა, რომ თურქული, იაფი მედიკამენტების შემოტანის შემდეგ, სახელმწიფო წამლების გაიაფებას ე.წ. რეფერენტული ფასის შემოღებით აპირებს.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, წამლების ფასის ზედა ზღვარი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ჩვეულებრივი მეთოდია, მათ შორის _ თურქეთსა და რეგიონში მდებარე სხვა სახელმწიფოებში, თანაც ამ მიდგომამ აბსოლუტურად ყველგან გაამართლა.

იქიდან გამომდინარე, რომ წამლები მასობრივად ძვირია და თურქეთიდან წამლების იაფი იმპორტი პრობლემას ვერ შველის, შემდგომ ნაბიჯად ჯანდაცვის ექსპერტები სწორედ რეფერენტული ფასის დაწესებას მიიჩნევენ.

ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის ,,გახსოვდეს ჰიპოკრატე“ დამფუძნებელი მარინა ბერაძე „ბიზნეს-რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, წამლები შედარებით იაფი და ხელმისაწვდომი იყოს, ამისთვის კი მარტო თურქეთიდან იმპორტისთვის დაწესებული შეღავათი საკმარისი არ არის. შეღავათი ყველა ექსპორტიორ ქვეყანაზე უნდა გავრცელდეს, საიდანაც საქართველოს წამლები შემოაქვს.

„თურქეთიდან იაფი წამლების იმპორტი კარგია, მაგრამ აუცილებალია ამ მიმართულების ბოლომდე სისტემატურად და კვალიფიციურად გადაწყვეტა, ერთი ბაზარი პრობლემას ვერ მოხსნის. კარგი მეთოდი გამოინახა და უნდა გავრცელდეს ყველა ექსპორტიორ ქვეყანაზე, საიდანაც საქართველოს მედიკამენტები შემოაქვს.

წამალი აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, ამას სჭირდება სისტემური ცვლილება. რა თქმა უნდა, ზედა ზღვარი უნდა შემუშავდეს, ესეც გასაკეთებელია. ეს გზა გაიარა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის _ თურქეთმა, რეგიონის სხვა სახელმწიფოებმა და ევროპამ. არ შეიძლება ერთ რომელიმე იმპორტიორს ჰქონდეს ასეთი უპირატესობა და ფლობდეს როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბიზნესს. ფარმაცევტულ ბიზნესთან დაკავშირებით შეგვიძლია, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა და გამოცდილება პირდაპირ დავნერგოთ. 

ფარმაცევტული სექტორი ეყრდნობა ფინანსურ მოგებას, მაგრამ სამკურნალო მიმართულება არ შეიძლება, მხოლოდ მოგებაზე იყოს ორიენტირებული. შესაბამისად, ორივე სეგმენტის ერთ ხელში მოქცევა არასწორია, კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს, როგორც არის სხვაგან, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ფასების კლებასა და კონკურენციის გაძლიერებას ბაზარზე. პარალელურად, კონტროლის გაძლიერებაც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბერაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“.

მისი თქმით, მთლიანობაში მიდგომა უნდა იყოს მხოლოდ ჰუმანური და არა - ჰუმანიტარული, რათა შეღავათი მთელმა მოსახლეობამ იგრძნოს და არა _ კონკრეტულმა ჯგუფმა.

„რეალურად მძიმე მდგომარეობაა წამლის ფასთან დაკავშირებით, გეომეტრიული პროგრესიით ძვირდება მედიკამენტები და ზედა ზღვარი აქამდე არასდროს დაწესებულა. ასეა იმის გამო, რომ კანონი ვერ არეგულირებს. წინააღმდეგი ვარ ჰუმანიტარული მიდგომის, მაგრამ ჰუმანური ნამდვილად უნდა იყოს, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია. ეს თუ მოგვარდა, მაშინ ცივილიზებული ქვეყნების რიგში ჩავდგებით, გვჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება“, - დასძინა ბერაძემ.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მეორე ნაწილი იაფი წამლების პოლიტიკის მიმართ უფრო სკეპტიკურად არის განწყობილი. როგორც ჯანდაცვის ექსპერტი კახა ჯაყელი „ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობს, პრობლემა არა წამლის ფასი, არამედ მონოპოლიური ბაზარია, რის გამოც საქართველოში მედიკამენტები ძალიან ძვირია. იგი წამლის ფასის ზედა ზღვრის იდეასაც იწუნებს.

„რა ფასადაც არ უნდა მოხდეს წამლების შემოტანა, მონოპოლისტი კომპანიები მაინც ძვირად გაყიდიან, ამიტომ თუ მთავრობას რეალურად სურს პრობლემის მოგვარება, პირველ რიგში, მონოპოლიას უნდა ებრძოლოს. გარდა თურქეთისა, ინდოეთშიც არის ფარმაცევტული ქარხნები, წამლები იაფია, მაგრამ აქ მაინც ძალიან ძვირად იყიდება. მაღალი ფასებია იმიტომ, რომ ოლიგოპოლიური მდგომარეობაა.

სულ რამდენიმე კომპანიას აქვს მთელი ბაზარი გადანაწილებული. მთავრობამ უნდა შექმნას ძალიან მძლავრი ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც შეისწავლის კომპანიების მონოპოლიურ მდგომარეობას და, კანონიდან გამომდინარე, მონოპოლისტ კომპანიებს დაშლის მარტივ მამრავლებად, როგორც ეს აშშ-ში, ჰოლანდიასა და ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოხდა.

ზედა ზღვრის დაწესება რთული და არაპოპულარული ნაბიჯია. უნდა შემოიღონ სპეციალური ვაუჩერი ფარმაციის ბაზრისთვის, ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური გზა. ვაუჩერი უნდა დაურიგდეს ყველა ოჯახს, სოციალური სტატუსის განურჩევლად, რისთვისაც ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს მრავალჯერადი აქცია და ამის საშუალებით წამლები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს“, -  განაცხადა ჯაყელმა.

ზედა ზღვართან დაკავშირებით რისკზე საუბრობს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილიც. მისი აზრით, რეფორმა ძალიან საფრთხილოა და აუცილებლად დაინტერესებულ მხარეებთან უნდა დაიგეგმოს, რათა თავიდან იყოს აცილებული ისეთი რისკები, როგორებიცაა მედიკამენტების დეფიციტი.

„სწორად თუ არ შეირჩა იმ ქვეყნების სია, რომლებსაც ჩვენი ფასები უნდა შევადაროთ, შეიძლება, ფასების ფიქსირება მოხდეს არასწორად და ამან გამოიწვიოს გარკვეული მედიკამენტების მოწოდების შეფერხება. ამის მაგალითები გვაქვს, მათ შორის _ ევროპის ქვეყნებში”, - აღნიშნა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ თუ ხელისუფლების მიერ დაწესებული ფასები კომპანიებისთვის არახელსაყრელი იქნება, ისინი ამ მედიკამენტების შემოტანაზე, უბრალოდ, უარს იტყვიან.

რამდენიმე დღის წინ მთავრობამ მედიკამენტების გაიაფების მომდევნო ტალღა დააანონსა. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დააწესებს ზედა ზღვარს, რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი, ფასები კი, სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით დადგინდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×