„ომი ეკონომიკურ ზრდაზეც და ნავთობპროდუქტების იმპორტზეც პირდაპირ ახდენს უარყოფით გავლენას“
ირაკლი ლომიძე
16.05.2022

რუსეთ-უკრაინის ომმა ნავთობპროდუქტების ბაზარს ნეგატიური კვალი დაატყო. ბოლო პერიოდის  განმავლობაში, ფაქტობრივად, პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება შემცირდა. ცვლილება ძირითადად ბენზინისა და დიზელის საწვავს შეეხო.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემიდან ირკვევა, იმპორტმა ორივე მიმართულებით (ბენზინი და დიზელი) კლება განიცადა, რასაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ომის გამო რეგიონში მიმდინარე ომსა და, ამ პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის შესუსტებას უკავშირებს.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2022 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 333,7 ათასი ტონა, რაც 6,2 ათასი ტონით, ანუ 1,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (339,9 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2022 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 176 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 157,7 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემის თანახმად, 2022 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: „რეგულარის" ტიპის ბენზინი - 105,1 ათასი ტონა (59,7%);  „პრემიუმის" ტიპის ბენზინი - 66 ათასი ტონა (37,5%);  „სუპერის" ტიპის ბენზინი -  4,9 ათასი ტონა (2,8%).

როგორც ვანო მთვრალაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია ნავთობპროდუქტების მკვეთრი გაძვირება, რამაც საბოლოოდ მოხმარებაზე ნეგატიური ასახვა ჰპოვა და ბაზარზე აქამდე არსებული ზრდის ტენდენცია საპირისპიროდ შეაბრუნა.

„ნავთობპროდუქტების იმპორტმა და მოხმარებამ იკლო. აქამდე ზრდის ტრენდი შენარჩუნებული იყო, მაგრამ ომმა და გლობალურმა გამოწვევებმა თავისი გააკეთა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდაც შენელებულია და ეს ყველაფერი საწვავის ბაზარზეც აისახება. იმპორტიდან მიღებული შემოსავლები, გარდა იმისა, რომ უშუალოდ სახელმწიფოს ბიუჯეტის შემოსავლების მატებას განაპირობებს, თვითონ ეკონომიკური აქტივობის განმსაზღვრელიცაა.

რაც შეეხება კლებასთან დაკავშირებულ საკითხს, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, ტენდენცია შეიცვალა, რამაც გამოიწვია ღირებულების დიდი ზრდა. წელს ნავთობპროდუქტებზე ისტორიულად ყველაზე მაღალი ფასებია. გარდა ამისა, ამ მოვლენამ გამოიწვია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება, მათ შორის _ საქართველოში.

რასაკვირველია, ეს ყველაფერი მოქმედებს საწვავის მოხმარების დონეზეც, ფასები კვლავინდებურად მაღალია, ომის ნეგატიური გავლენა სახეზეა. სამხედრო მოქმედებები, სამწუხაროდ, ეკონომიკურ ზრდაზეც და ნავთოპროდუქტების იმპორტზეც პირდაპირ ახდენს უარყოფით გავლენას“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც მან „ბიზნეს-რეზონანსთან“ ყურადღება გაამახვილა, რუსეთიდან საწვავის იმპორტის ზრდაა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 83,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 25,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: რუმინეთი - 82,4 ათასი ტონა - 24,7%;   ბულგარეთი - 65 ათასი ტონა - 19,5%; აზერბაიჯანი - 50 ათასი ტონა - 15%; თურქმენეთი - 39,8 ათასი ტონა - 11,9%; თურქეთი - 7,6 ათასი ტონა - 2,3%; საბერძნეთი - 3,2 ათასი ტონა - 1%;  ყაზახეთი - 1,2 ათასი ტონა - 0,4%; სეიშელი - 0,5 ათასი ტონა - 0,1%; შვეიცარია - 0,1 ათასი ტონა - 0,03%.

„რუსეთიდან ნავთობპროდუქტების   იმპორტი გაიზარდა. ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ ფიქსირდება. არა მარტო საქართველო, ევროკავშირის ქვეყნებიც რომ ავიღოთ, იქაც შეუფერხებლად ხორციელდება რუსული საწვავის იმპორტი. საქართველოს შემთხვევაში, მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი დაბალი ფასია.  რუსული საწვავი ამ ეტაპზე  ევროპულ და თურქმენულ პროდუქტზე ნაკლებ ფასად იყიდება.

ბევრი ქვეყანა თუ  კერძო კომპანია უარს აცხადებს რუსული პროდუქტის შეძენაზე, ამიტომ რუსეთი ნავთობპროდუქტებს ფასდაკლებით ყიდის, ციფრებს ვერ დავასახელებ, თუმცა შეღავათი ნამდვილად დიდია. რაც შეეხება მოსალოდნელ ტენდენციას, რთულია ვარაუდი, ომია და რა  როგორ იქნება, ამაზე ცალსახა პასუხი არ გვაქვს“, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან" ვანო მთვრალაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×