გაძვირება აღარ იქნება, მაგრამ შედარებით დაბალ ფასს მომხმარებლებს მხოლოდ აქციის ფარგლებში თუ შესთავაზებენ
ქეთო გოგოხია
17.05.2022

ლარის კურსი გამყარებას განაგრძობს, თუმცა ფასებზე ამ პროცესის გავლენა ჯერჯერობით არ იგრძნობა. ერთადერთი შეღავათია, რომ მომხმარებელს პროდუქტი აღარ გაუძვირდება, რასაც იმპორტიორებიც და მწარმოებლებიც უკვე პირდაპირ აცხადებენ. ალაგ-ალაგ ფასდაკლების საშუალებით, ზოგიერთი პროდუქტი ცოტათი გაიაფდა, ეს ეხება რძის პროდუქტებს, შაქარს და ბურღულეულს. სავაჭრო სექტორი წამახალისებელ აქციებს დრო და დრო სთავაზობს მომხმარებელს, თუმცა ვერავინ დებს პირობას, რომ ამას სისტემატური  ხასიათი ექნება.

მთავარი  პრობლემა, რის გამოც პროდუქტები არ იაფდება, გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესია, კერძოდ, გაძვირებული ლოგისტიკა და პირველადი დანიშნულების საქონელზე მზარდი ფასები, რისი ტენდენციაც, სავარაუდოდ, 2024 წლამდე შენარჩუნდება, როგორც ეს უცხოეული ანალიტიკოსების კვლევებშია აღნიშნული.

ლარის კურსი სამომხმარებლო ბაზრის ფასებზე ვერ ახდენს გავლენას, მით უმეტეს, რომ არ ჩანს ამ პროცესის ფუნდამენტური ფაქტორი და კურსის მიმართ ნდობაც არავის აქვს.

გავრცელებეული ინფორმაციით ლარი შეიძლება 2,90-იან მაჩვენებელამდე  გამყარდეს, მაგრამ ფასებთან დაკავშირებით პროგნოზს მაინც ვერავინ აკეთებს.  საუკეთესო შემთხვევად განიხილება არსებული ნიშნულის შენარჩუნება, რაზეც ,,რეზონანსთან“  დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ ისაუბრა.

,,პროდუქტის გაიაფებაზე ფიქრიც კი ნაადრევია, არ ვართ მზად ამისთვის, ვინაიდან ფასების კლების არანაირი პირობა არ არსებობს. პროდუქტი ნამდვილად აღარ გაძვირდება, მაგრამ ფასის შემცირებაზე საუბარი არც შეიძლება, დღის წესრიგიდან ეს საკითხი ჯერეჯრობით მოხსნილია და ასე გაგრძელდება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.

საერთაშორისო გადაზიდვები როგორი გაძვირებულია, ვხედავთ! ადგილზეც, სადაც პროდუქტს ვყიდულობთ, ფასები გაზრდილი. ახლა ლარის კურსის გამო ვინმემ რამე გააიაფოს, ამაზე საუბარი წარმოუდგენელია. ადრეც გვინახავს გამყარებული ლარი, მაგრამ  მერე ისევ გაუფასურებულა. ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როცა ლარის გამყარების ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს, ამიტომ არანაირი პირობა არ არის ბაზრებზე, რომ ფასების შემცირებაზე დავიწყოთ საუბარი“, - განაცხადა ჭყონიამ ,,რეზონანსთან“.

სამომხმარებლო ბაზარს თვალს თუ შევავლებთ და ფასების დინამიკას დავაკვირდებით, აშკარაა, რომ შაქარი ცოტათი გაიაფდა და 1 კგ ახლა 2,65 ლარის ფარგლებშია. ფქვილის ფასიც დაახლოებით 15 თეთრით შემცირდა. უმნიშვნელოდ იკლო ბურღულეულის ფასმაც. ლარის კურსი კი ამასობაში 3 ლარს საგრძნობლად ჩამოცდა და არსებობს ვარაუდი, რომ 2,85-2,90 -იან ნიშნულს მიაღწევს.

ეს მხოლოდ შედარებისთვის, თუმცა როგორც ივა ჭყონია ირწმუნება, ფასები არ შეიცვლება, მაგრამ სხვადასხვა კომპანიის მიერ გამოცახდებული აქციის ფარგლებში მოხმმარებელი მცირე შეღავათს ნამდვილად იგრძნობს.

,,ლარის გამყარების ეკონომიკური ფაქტორს ვერ ვხედავთ, არ ვიცით, რეალურად რა ამყარებს კურსს, ამიტომ ნდობაც ნაკლებია. ჯერჯერობით სიახლეს ფასებთან დაკავშირებით არ უნდა ველოდეთ, თუმცა  ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია და თუ რომელიმე კომპანია შეძლებს გაიაფებას, ინდივიდუალური გადაწყვეტილება იქნება. 

ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ, უნდა ველოდოთ სააქციო ფასებს, ეს ტენდენცია მუდმივად არის ბაზარზე, ვის რა შესაძლებლბაც აქვს ფასის კლების, გარკვეულ "სეილებს" აკეთებენ სხვადასხვა წამახალისებელი აქციის ფარგლებში“, - არნიშნა ჭყონიამ.

როგორც აღმოჩნდა, პროდუქტის გაიაფების რესურსი ამ ეტაპზე არც მწარმოებლებს აქვთ. ფაქტობრივად, ყველა ტიპის ადგილობრივი წარმოება, პირდაპირ თუ ირიბად,გლობალურ ფასებზეა დამოკიდებული. კომპანია ,,კუმისის“ შემთხვევაში ეს ფრინველის საკვებს ეხება, რომელიც უცხოურ ბაზრებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად ძვირდება. შესაბამისად, როგორც კომპანიის დირექტორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა ,,რეზონანსთან“ აღნიშნა, ფასის შემცირების რესურსი ამ ეტაპზე რეალურად არ არის.

,,ქათმის ხორცის წარმოების ხარჯი კატასტროფულად გაზრდილია, ამიტომ ცოტა ხნის წინ ყველამ გააძვირა, ვის როგორც უღირდა. ფასები გაზრდილია გლობალურ ბაზრებზე და ხარჯი გაგვეზარდა. ამ დროს საკვების კომპონენტს თვითღირებულებაში 65-70% უჭირავს. საფასო ცვლილება   დღევანდელ მდგომარეობაში წარმოუდგენელია გაძვირებული ნედლეულის გამო, თუმცა არსებულ ფასებს ვინარჩუნებთ.

გარდა საკვებისა, სხვა ნედლეულიც გაძვირებულია, კვერცხის წარმოება რომ ავიღოთ, მარტო მუყაოს ყუთი, რითაც მაღაზიებში პროდუქტი შედის, 3,20 ლარი გვიჯდება, როცა ადრე 1,20 ღირდა. 23 თეთრი ღირს ქაღალდის თითო ფირფიტა, რომელსაც აქამდე 13 თეთრად ვყიდულობდით. ყველაფერს ,,ცეცხლი უკიდია“, ბიზნესიც რთულ სიტუაციაშია.

ყოველი თეთრი მტკივნეულია როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ინდუსტრიისთვისაც, რადგან რეალიზაცია ჭირს. დაინტერესებული ვართ და თუ მცირე საშუალებაც გამოჩნდება, საქონლის ღირებულებას შევამცირებთ, მაგრამ დღეს ამის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს“, - დასძინა ,,რეზონანსთან“ უჩუმბეგაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×