"თითქმის ყველაფერი გაქირავებულია, თავისუფალი ფართების სიმცირეა. ის ხალხი, ვინც ომის შემდეგ შემოვიდა, ისევ ცხოვრობს და არსად წასულა"
გვანცა წულაია
24.05.2022

უძრავი ქონების ბაზარზე დიდი სიძვირეა. მაღალი ფასები ფიქსირდება როგორც ყიდვა-გაყიდვის, ისე გაქირავების მიმართულებით. ქვეყანაში ბინები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე გაძვირდა და განსაკუთრებული სიძვირე შეინიშნება დედაქალაქში. აჟიოტაჟური მოთხოვნა შედარებით შემცირდა, მაგრამ ფასები ისევ მაღალ ნიშნულზე დარჩა.

გარდა იმისა, რომ რუსი მიგრანტების ხარჯზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა, ასევე უკრაინიდან იმპორტის შეზღუდვამ სამშენებლო მასალებზე დეფიციტი წარმოქმნა, რამაც მშენებლობის თვითღირებულება 20%-ით გაზარდა.

ყველაზე მეტად არმატურის ღირებულებაა გაზრდილი - 1 ტონაზე 700-დან 1100 დოლარამდე, რაც 57%-იან მატებას ნიშნავს, თუმცა 15-30%-ის ფარგლებში ფასები ბლოკზე, აგურზე, ცემენტსა და სხვა სამშენებლო მასალებზეც მომატებულია. ამან, ომამდელ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის თვითღირებულება, საშუალოდ, 20%-ით გააძვირა.

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბესო ორთოიძემ აღნიშნა, რომ ფასებმა ზრდა გასულ წელს დაიწყო, რაც მომხმარებელმა ვერ იგრძნო, რადგან დეველოპერებმა საკუთარი მოგების მარჟა შეამცირეს. წელს ბინები ომის გარეშე მაინც გაძვირდებოდა. არმატურისა და ცემენტის გარდა, მშენებლობაზე დასაქმებულთა ანაზღაურებაც, დაახლოებით, 20%-ითაა გაზრდილი.

როგორც უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი, კომპანია „ნოუბლ რიალ ისთეითის” დამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი აცხადებს, შოკური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მოიხსნა, მაგრამ უძრავი ქონების ბაზარზე მაინც სიძვირეა.

„საერთო ფონი შეიცვალა იმ კუთხით, რომ შოკური მდგომარეობა, რაც მანამდე უძრავი ქონების ბაზარზე გვქონდა, მეტ-ნაკლებად შეიცვალა, მაგრამ დეფიციტი ისევ შეინიშნება, რადგან მიწოდება იყო ლიმიტირებული. დღესაც იგივე სიტუაციაა, მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე მიწოდებაა. რაც შეეხება ფასებს, ღირებულება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, მაგრამ, ჯერჯერობით, ძველ ნიშნულს არ დაბრუნებია, სიძვირე მაინც შეინიშნება და ამ მხრივ ვითარება დიდად შეცვლილი არ არის.

რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან აჟიოტაჟი მეტ-ნაკლებად მიწყნარდა, საქართველოს მოქალაქეებისგან კი მანამდე იყო დაბალბიუჯეტურ ბინებზე მოთხოვნა, ახლა გაზრდილია მათი ბიუჯეტები, ეძებენ კერძო სახლებს და უფრო დიდი მოთხოვნები აქვთ”, - განუცხადა „რეზონანსს” ვაჟა მებაღიშვილმა.

სიტუაციას შედარებით ლარის გამყარება აბალანსებს. ბოლო 2 თვეში კურსი დოლართან მიმართებით 15%-ით გამყარდა და 2.85-ის ფარგლებში ტრიალებს. ბოლოდროინდელმა გამყარებამ შესაძლოა, მხოლოდ ფასების ზრდის ტემპი შეანელოს. რამდენადაც არც საწვავზე და არც სხვა პროდუქტებზე კურსის ცვლილებას სამომხმარებლო ბაზარზე დადებითი ეფექტი არ გამოუწვევია, ვაჟა მებაღიშვილის ინფორმაციით, ლარის გამყარებას არც უძრავი ქონების ღირებულებაზე უმოქმედია. 

„კურსი არ ყოფილა იმის განმაპირობებელი, რომ ღირებულება შეცვლილიყო იჯარებსა და გაყიდვაში. ლარის გამყარებამ ნაკლებად იმუშავა, ფასები ისევ სტაბილურად ინარჩუნებს მაღალ ნიშნულს და, როგორც გითხარით, ცვლილება არ შეიმჩნევა.

ახლა თითქმის ყველაფერი გაქირავებულია. ვაკანტური ფართების სიმცირეა. აქედან გამომდინარე, გაიაფება ვერ ხერხდება, რადგან, მაგალითად, კერძო სახლები ძალიან ცოტაა დარჩენილი. რაც შეეხება ბინებს, იქაც ყველაფერი დაკავებულია. ის ხალხი, ვინც ომის შემდეგ შემოვიდა, ისევ ცხოვრობს და ჯერ კიდევ რჩება ადგილზე, ამიტომ უძრავი ქონების ბაზარზე დეფიციტია და ეს სიმცირე განაპირობებს მაღალ ფასს”, - დასძინა მებაღიშვილმა „რეზონანსთან”.

სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდამ უძრავი ქონების ბაზარზე სწრაფად იმოქმედა. უკვე აშენებულ კორპუსებში გასაყიდი და გასაქირავებელი ფართები მნიშვნელოვნად გაძვირდა. თუ დეველოპერთა ნაწილმა და მეორეული ბინების მფლობელებმა, განსაკუთრებით გარეუბნებში, არსებული ფასი შეინარჩუნეს ან მხოლოდ მცირედით გაზარდეს, მშენებარე და უახლოეს მომავალში ასაშენებელ ბინებზე იგივე შეუძლებელი იქნება. 

მიწოდება-მოთხოვნის დისბალანსზე საუბრობს სამშენებლო სფეროს წარმომადგენელი, კომპანია „ბერუკას” ხელმძღვანელი ავთანდილ გუგეშაშვილი და აცხადებს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდება ფაქტობრივად არ არის, მოთხოვნა კი ისევ მაღალ ნიშნულზეა და კვლავ სიძვირეა.

„უძრავი ქონების ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს. მიწოდება კი ფაქტობრივად არ არის, ანუ მოთხოვნა-მიწოდება ერთმანეთს ვერ აბალანსებს. უძრავი ქონების ფასი გაზრდილია და თანაც მკვეთრი ზრდა შეინიშნება”, - განუცხადა „რეზონანსს” გუგეშაშვილმა.

დიდი აურზაური, რომელიც უძრავი ქონების სეგმენტში სამი თვის წინ დაიწყო, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია. ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ჩამოვიდნენ. მათ ბინით უზრუნველყოფა ჯერ კიდევ სჭირდებათ. ბაზარზე ახლა შედარებით სიმშვიდეა, გაზრდილმა მოთხოვნამ შედარებით იკლო, თუმცა ბინები ისევ ძვირი ღირს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×