შეიძლება, გაჩნდეს ისეთი დეფიციტი და შიმშილი, რომ ომში გარდაცვლილთა რიცხვი გადაფაროს
ქეთო გოგოხია
24.05.2022

მსოფლიოში შიმშილობის რისკი ერთბაშად გაიზარდა. ბოლო 10 წელია, ამ საფრთხეზე გაერო-ს ანალიტიკოსები აქტიურად საუბრობენ, თუმცა თუკი აქამდე ამის მიზეზად კლიმატის ცვლილება განიხილებოდა, პანდემიამ ეს მოცემულობა შეცვალა. ახლა უკვე უკრაინაში მიმდინარე ომმა სურსათის დეფიციტის საფრთხე სულ სხვა რაკურსით წარმოაჩინა. როგორც აღმოჩნდა, შიმშილობა მსოფლიოს უამრავი ქვეყნისთვის შეიძლება, დიდ პრობლემად იქცეს. საერთაშორისო ბაზრებზე უკვე ძალიან დაძაბული ვითარებაა. საქართველოს შემთხვევაში რისკები საკვების დეფიციტს იმდენად არ უკავშირდება, რამდენადაც _ გაზრდილ ფასებს, რაც გლობალური პრობლემაა.

ამ მხრივ საკმაოდ პესმისტურია გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტის მინისტრის,  გრანტ შეპსის პროგნოზი, რომლის თანახმადაც, უკრაინაში შეჭრის გამო,  მარცვლეულისა და სურსათის ნაკლებობამ შეიძლება, იმაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს, ვიდრე უშუალოდ ომმა.

„შეშფოთებული ვარ უკრაინაში არსებული ვითარებით. ჩვენ ვნახეთ უკრაინაში დაკარგული მრავალი ადამიანის სიცოცხლე და შეიძლება, ვნახოთ კიდევ უფრო მეტი დაკარგული სიცოცხლე მსოფლიოს სხვა ადგილებში, მარცვლეულისა და საკვების ნაკლებობის გამო, რაც შეიძლება იყოს იმაზე დიდი მაჩვენებელი, ვიდრე უშუალოდ ომში დაღუპულთა რიცხვი“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი აზრით, აუცილებელია უსაფრთხო გასასვლელის მოწყობა მარცვლეულისა და სხვა საქონლის ქვეყნიდან გასატანად. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, გაჩნდეს დეფიციტი და შიმშილი, რამაც შეიძლება, ომში გარდაცვლილთა რიცხვი დაჩრდილოს.

„რეზონანსი“ სპეციალისტებთან ერთად შეეცადა გარკვევას, ემუქრება თუ არა შიმშილი საქართველოს და რა შეიძლება გაკეთდეს პრევენციის მიზნით, რომ ომისგან თავს დატეხილ უბედურებას ქვეყანა მეტ-ნაკლებად გაუმკლავდეს.

როგორც სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ აღნიშნა, სურსათის ფიზიკურ დეფიციტს შეიძლება გადავურჩეთ, ისიც - სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, თუმცა სასურსათო უსაფრთხოების პრობლემას ვერაფერი მოგვიგვარებს.

„მსოფლიო გლობალური შიმშილობის საშიშროებას აღიარებს. ეს არ არის სიახლე. ეს საფრთხე გაამძაფრა სწორედ უკრაინაში მიმდიანრე ომმა, რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ! რუსეთი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი აგრარული ქვეყანა, მასზე მიბმული არიან ყაზახეთი და სხვა რიგი ქვეყნები, რომლებიც  ხორბლის დიდი მწარმოებლები არიან. თუნდაც უკრაინა, რომლის წილიც ხორბლის წარმოებაში მნიშვნელოვნად შემცირდება, ეს მოსალოდნელია ადამიანური რესურსების კრიზისის გამოც, ვინაიდან ხალხი სოფლის მეურნეობით ნაკლებად დაკავდება, ყველაფერი კი გავლენას მოახდენს სურსათის წარმოების მასშტაბებზე, რაც არ იქნება მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის პრობლემა.

ინგლისელები ჯერ კიდევ 2015 წლიდან პროგნოზირებდნენ, რომ 2021წლიდან 2030 წლამდე მოსალოდნელია გლობალური შიმშილობა. მართალია, ისინი ამას კლიმატის ცვლილებას უკავშირებდნენ, მაგრამ ზედ დაერთო პანდემია და შემდეგ უკვე _ ომი“, - აღნიშნა კობალაძემ.

ამდენად, ქართველი მეცნიერის აზრით, პრობლემა სერიოზულია, ვინაიდან კაცობრიობა ნამდვილად დგას შიმშილობის საფრთხის წინაშე და ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც დეფიციტზე მეტი პრობლემა გაზრდილი ფასების გამო ემუქრება.

„სურსათის უსაფრთხოება არის წარმოება, სურსათის უვნებლობა და მისი ხელმისაწვდომობა. თუ არ იქნება ნორმალური ფასები, თუ ადამიანი ვერ იყიდის საკვებს და ვერ გამოიყენებს, ცხადია, რომ უსაფრთხოება დარღვეულია.   საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, გამოკვებოს საკუთარი მოსახლეობა და იმპორტზე მინიმალურად იყოს დამოკიდებული. ამისთვის ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზე მთელი ყურადღება უნდა იქნას გადატანილი“, - დასძინა  კობალაძემ.

იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს შიმშილობის საფრთხის ასაცილებლად და განსაკუთრებით _ სტრატეგიული წარმოების მიმართულებით, „რეზონანსთან“ აგრარული სფეროს სპეციალისტმა, პროფესორმა ბადრი რამიშვილმა ისაუბრა.

„მთელი ყურადღება წარმოების ზრდაზე უნდა იქნას გადატანილი, ამისთვის კი აუცილებელია აგრარულ სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მრავალ პრობლემას მოხსნის. პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ მიწების დამცავი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიისა და ტექნიკის გამოყენება. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე გასარწყავებას - სადაც თვითდინება არ იქნება შესაძლებელი, ჭაბურღილი უნდა გაკეთდეს. ამ მიმართულებით ბოლო დროს მთავრობის მხრიდან გარკვეული ქმედითი ნაბიჯები იდგმება“, - განაცხადა რამიშვილმა.

მისი თქმით,  სწორი აგრარული პოლიტიკის პირობებში საქართველოს შეუძლია, დაახლოებით, 4-5-ჯერ გაზარდოს სამხრეთული კულტურების წარმოება. 

„მთავარია, სტრატეგიული პროდუქტების მარაგის მხრივ სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ამ მიმართულებით ზომებს თუ არ გავაძლიერებთ, საქართველოში შიმშილი გარდაუვალია, მაგრამ სწორ აგრარულ პოლიტიკას თუ გავატარებთ, შესაძლებელია სამხრეთული კულტურების წარმოების, დაახლოებით, 4-5-ჯერ გაზრდა. 

ღმერთმა ნუ ქნას, რომ მსოფლიოში ვითარება გართულდეს, ამიტომ სტრატეგიული პროდუქტების წარმოების ზრდაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და, ამავე დროს, ამერიკასთან პირდაპირი სტრატეგიული ურთიერთობა უნდა გავაძლიეროთ, რომ ხორბლით მომარაგების პრობლემა არ შეექმნას საქართველოს. რიგმა ქვეყნებმა ხორბლის  ექსპორტი შეზღუდეს, მომავალში უფრო მკაცრ ზომებს მიიღებენ. ფასები მომავალშიც  საგრძნობლად გაიზრდება, ამიტომ დროულად არის პრევენციის ზომები მისაღები", - განაცხადა რამიშვილმა.

საყურადღებოა ტენდენცია, რომელიც 2020-21 წლების განმავლობაში მსოფლიოში გამდიდრებული და გაღარიბებული ადამიანების სტატისტიკას ასახავს. როგორც საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის" ანგარიშშია აღნიშნული,  კორონაპანდემიის დროს ყოველ 30 საათში ახალი მილიარდერი ჩნდებოდა, წელს, დაახლოებით, იმავე ტემპით უკიდურეს სიღარიბეში შესაძლოა, თითქმის, მილიონი ადამიანი აღმოჩნდეს.

დოკუმენტში, ასევე ნათქვამია, რომ პანდემიის დროს მილიარდერი 573 ადამიანი გახდა, წელს კი „ოქსფამი" პროგნოზირებს, რომ კიდევ 263 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველ 33 საათში 1 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება.

კოვიდპანდემიის პირველ 24 თვეში მილიარდერების ქონება უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე წინა 23 წელიწადში ერთად. ამჟამად მსოფლიო მილიარდერების მთლიანი სიმდიდრე გლობალური მშპ-ის 13,9%-ს უტოლდება, რაც 2000 წლის 4,4%-ზე სამჯერ მეტია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×