სწორედ ადგილობრივი ფარმაინდუსტრიის განვითარების შემდეგ იქნება შესაძლებელი ბაზარზე წამლების მორიგი და უფრო შესამჩნევი გაიაფება
ქეთო გოგოხია
23.06.2022

საქართველოში წამლების შესაძლო წარმოება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაამარტივებს. კონკრეტულად  რამდენით შეიძლება შემცირდეს წამლის ღირებულება უცხოურ ანალოგებთან შედარებით, სპეციალისტებს ჯერ  საუბარი უჭირთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ფასი, მინიმუმ განახევრდება.

რეალურად რამდენად შესაძლებელია ქვეყანამ წარმატებით შეძლოს ადგილობრივი წარმოებისთვის გზის გახსნა, პროგნოზი ნაადრევია, თუმცა სხვა ზომებთან ერთად, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა, რაც  ფასებს შეამცირებს და მოსახლეობას შეღავათს მისცემს.

ამ მხრივ საკმაოდ იმედისმომცემია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ რამდენიმე ინვესტორი დაინტერესებულია საქართველოში წამლების წარმოება დაიწყოს. როგორც პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას დაადასტურა, აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე ქარხნის მეპატრონე მთავრობასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

,,მას შემდეგ, რაც ჩვენ თურქეთს ბაზარი გავხსენით, თითქმის 55 მლნ ლარამდე ეკონომია ნახა მოსახლეობამ. შემდეგ კი ბევრი მაღალტექნოლოგიური, ძალიან ძლიერი ქარხნების მფლობელი დაუკავშირდა მთავრობას და აქედან ორი, თუ სამი უკვე ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს სამინისტროსთან. მათი სურვილია, რომ აამოქმედონ ახალი ქარხნები საქართველოში და აქ დაიწყონ მაღალი ხარისხის წამლების წამოება.

ის პრობლემა, რაც იყო ფარმაცევტულ ბაზარზე, ეს ნაწილობრივ მოწესრიგდა. თურქეთის ბაზრის გახსნა იქნებოდა, თუ სხვა რეგულაციები, რაც განვახორციელეთ, - იქნება ეს ელექტრონული რეცეპტების შემოტანა თუ სხვა, ეს ძალიან კარგად წაეხმარება მედიკამენტების ფასების რეგულირებას, გაიაფებას და კონკურენციის გაზრდას, რაც რეალური პრობლემა იყო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წამლის გაიაფების პირველი მცდელობა, რომელიც თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტს უკავშირდება, მეტ-ნაკლებად წარმატებულია. სპეციალსიტების აზრით, თუკი შემდეგი ეტაპი ადგილობრივი წარმოების გახსნა იქნება და პარალელურად ხარისხის კონტროლი გაძლიერდება, წამლის გაიაფების პერსპექტივა სავსებით რეალურია.

ასე ფიქრობს ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი, ჯანდაცვის ექსპერტი მარინა ბერაძე, რომლის თქმითაც, ადგილობრივი წარმოების  ფარგლებში ხელი უნდა შეეწყოს ქართული ხალხური მედიცინის განვითარებას, რასაც დიდი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო  სფერო ვერ ვითარდება.

,,წამლის წარმოების იდეა ნამდვილად არ არის ცუდი, პირველ რიგში, იგი ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას. ამჟამად ბაზარზე არის  დემპინგური ფასი, კარტელური გარიგებები, არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია და ამიტომ ღირს წამლები ასეთი ძვირი. შემოვიტანეთ  თურქეთიდან შედარებით იაფი მედიკამენტები, მაგრამ  ცუდია, რომ მომხმარებელი ვერ ხვდება ბევრ აფთიაქში და უწევს მერე მთელი ქალაქის შემოვლა, რომ შეძენა მოახერხოს. ეს არის ახლა პრობლემა.

რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას,  მივესალმები,  თუკი ეს იქნება თავიდან ბოლომდე აწყობილი სისტემა.  მთავარია, წარმოება, შეფუთვას ახლაც ახერხებენ. თუ ეს იქნება ისეთივე საწარმო, ისე აწყობილი, როგორიც უცხოეთშია, ანუ სტანდარტების მაქსიმალური დაცვით,  დიდ შეღავათს მოგვცემს. მეტიც, შეგვეძლება პარალელურად განვავითაროთ ჩვენი ენდემური წამლების წარმოებაც და ამასაც შეეწყოს ხელი. საქართველოში გვაქვს წამლები, რომლებიც სახალხო მედიცინის თვალსაზრისით, ძალიან ეფექტური და კარგია, მაგრამ მწარმოებლებს ძალიან უჭირთ მათი წარმოება და რეალიზაციაც. ესეც თუ იქნება ამ სისტემასთან მიბმული და არ შევუშლით ხელს ჩვენსას, ხალხური მედიცინის პროდუქტების განვითარებას, შესანიშნავი იქნება“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ მარინა ბერაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ შეღავათს, როგორც ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, ეს უნდა შეეხოს როგორც ფასს და თანაც ქართული წამალი ხარისხითაც გამოირჩეოდეს.

"ის, რაც ახლა დაიწყო, 10 წლის წინათაც იყო შესაძლებელი. ამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში წარმოებული მედიკამენტი ამავე დროს ხელმისაწვდომიც უნდა იყოს. ახალი წამლის შექმნა ძვირადღირებული პროცესია, მაგრამ უკვე შექმნილისა გამოშვება არ არის ძვირი. ამიტომ ღირს გენერიკი უფრო იაფი, ვიდრე მისი პირველწყარო.  რამდენად მისაღები იქნება, ვინ  იქნება ჩართული ამ პროცესში - ახალი მოთამაშე შემოვა თუ ძველები გადაინაწილებენ, ესეც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით, მაშინ პროცესებიც ჯანსაღად წარიმართება. საწარმოს გახსნა დამოკიდებულია საწყის კაპიტალზე, რამდენი ჩაიდება წარმოებაში, სახელმწიფო გააკეთებს, კერძო სტრუქტურა თუ ორივე ერთად.

მიმაჩნია, რომ ახალი მწარმოებელი უნდა გამოჩნდეს და არსებულმა გვერდზე უნდა გაიწიოს, რაც კონკურენციას შექმნის.  დღეს წამლის ფასნამატი ძალიან გაურკვეველია. ზოგი ამბობს, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით 5-ჯერ და უფრო მეტადაც ძვირია. სამომავლოდ მხოლოდ 2-ჯერ ძვირი თუ იქნება, ესეც უკვე გარკვეული შედეგია. უნდა ვეცადოთ, რომ ფარმაცია მარტო ,,იყიდე-გაყიდე“ არ იყოს, ფარმაცია მეცნიერებაა, წარმოება, სპეციალისტების მომზადება, დასაქმება, ყველაფერი ეს შრომითი ბაზრის განვითარებასაც  შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ბერიძემ.

ქართული წარმოების პერსპეტივა რეალურად მიაჩნია ყოფილ დეპუტატს, ჯანდაცვის ექსპერტ აკაკი ზოიძეს, რომლის შეფასებითაც, თუკი ბაზარზე წამლების გაიაფება რაიმეს შეუძლია, ეს ადგილობრივი წარმოებაა, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი.

,,ინვესტორები რამდენად დაინტერესდებიან, ვერ გეტყვით, მაგრამ ადგილობრივი წარმოების კონტრიბუცია შეიძლება გაკეთდეს, რათა წამალი უფრო გაიაფდეს და ხელმისაწვდომი გახდეს. ცხადია,  მხოლოდ საწარმოს შექმნა არ არის საკმარისი. სხვა ზომებთან ერთად, ამაზეც უნდა ვიზრუნოთ. თურქეთის შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოება  100%-ია, თვითონ აწარმოებენ, პირდაპირ მათი კომპანიები თუ არა, ლიცენზირებული ფირმების საშუალებით.

2019 წელს  ადგილობრივი წარმოებებისთვის ძირითადი საშუალებების იმპორტი გაათავისუფლეს დღგ-სგან და  მსგავსი ნაბიჯების გადადგმა უნდა გაგრძელდეს.

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია ძალიან დაბალია, განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოების კუთხით, რითაც კარგად სარგებლობენ მსხვილი ფარმაცევტული ფირმები, რომლებიც ერთდროულად ფლობენ ადგილობრივ წარმოებას, იმპორტს, წამლების საბითუმო და საცალო ვაჭრობას, სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს, რაც განვითარებულ ქვეყნებში კანონით იკრძალება. ყველა ეს პრობლემა მოსაგვარებელია, რაც კანონით უნდა იყოს განმტკიცებული“, - განუცხადა აკაკი ზოიძემ ,,რეზონანსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×