შეიძლება ითქვას, რომ გაცვლითი კურსი მალე პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება
თიკა სიბოშვილი
06.07.2022

ეროვნული ვალუტა, დიდი ხანია გამყარების გზას ადგას და დადებითი დინამიკა წლის ბოლომდე გაგრძელდება. პოზიტიური მოლოდინი აქვთ ფინანსისტებსაც. როგორც ვარაუდობენ, კურსი ჯერ კიდევ ახალი წონასწრული ნიშნულის ძიებაშია და გამორიცხული არ არის, ეს 2.80-ს დაბლაც კი იყოს.

უკრაინა-რუსეთის ომიდან გამოწვეული დიდი გაუფასურებისა და არასტაბილურობის შემდეგ, ლარმა გამყარება დაიწყო. აპრილიდან მოყოლებული გაცვლითი კურსი შესამჩნევად გაუმჯობესდა. პროცესი კიდევ გრძელდება. სპეციალისტებიც პოზიტიურად არიან განწყობილნი. "თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას პროგნოზით, სავარაუდოდ, ლარი 2.80-მდე გამყარდება.

„ამაზე გავლენა ექნება ტურიზმს, ფულად გზავნილებს, ექსპორტის მაჩვენებელსაც. საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის დასუსტება თუ არ მოხდება, რაც ამ თვეებში ნაკლებად სავარაუდოა, ვფიქრობთ, დაახლოებით 2.80 არის ის ნიშნული, სადამდეც ლარი გამყარდება. შემდეგ უფრო ეროვნული ბანკის მხრიდან აქტიურ ინტერვენციებს განვიხილავთ, დოლარის შესყიდვის მიმართულებით”, – განაცხადა ნადარაიამ.

მიმდინარე პროცესებთან ერთად, აშკარად შეინიშნება, რომ ლარის ზედმეტად გამყარების ნიშნებია, რადგან ბაზარზე ჭარბი რაოდენობით არის დოლარი. ამაზე მეტყველებს ბლუმბერგის "ბიმაჩ" პლატფორმაზე სებ-ის ტრანზაქციების ზრდა.

„ეროვნულმა ბანკმა ივნისში 23 მლნ დოლარის ფარგლებში შეისყიდა და ამ არხით, ბაზარს 69 მლნ ლარის ფულადი მასა მიაწოდა.

სებ-ის „თვის მიმოხილვით“ მაისში სებ-მა "ბიმაჩზე" 21.3 მლნ დოლარი, სავალუტო აუქციონზე კი 10 მლნ დოლარი შეისყიდა და მიმოქცევაში 90 მილიონი ლარი გაუშვა, რაც დააკორექტირა 45 მლნ-ის გაყიდვამ შიდა სამთავრობო კონვერტაციებმა. მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით და სავალუტო ინტერვენციებით, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 14 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

მონეტარული ოპერაციებით მაისში ლიკვიდობა 65 მლნ ლარით შემცირდა, მათ შორის, რეფინანსირების სესხები, წინა თვესთან შედარებით, 90 მლნ ლარით, 2,7 მლრდ-მდე გაიზარდა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ყველანაირი პირობა არსებობს იმისთვის, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდეს. ეკონომიკა გახსნილია, ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს, არ არის მიზეზები, რამაც შესაძლოა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვიოს.

როგორც საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს,  რთული სათქმელია რა ნიშნულამდე შეიძლება ჩამოვიდეს კურსი, თუმცა ფაქტია, რომ ვალუტა გამყარებას გააგრძელებს.

„კურსი რა ნიშნულზე გაჩერდება, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია. წლის ბოლომდე, შესაძლოა, სრულად საწინააღმდეგო მოვლენები განვითარდეს, თუმცა ჯერჯერობით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში მაღალი ინფლაციაა, რაც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, ამიტომ დოლართან მიმართებით გამყარება აშკარაა, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება და როგორ წარიმართება, ახლა პროგნოზი რთულია.

როცა ქვეყანაში ტურისტები შემოდიან, მათ უცხოური ვალუტა შემოაქვთ და მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე იზრდება, რაც ამყარებს ლარს, მაგრამ ასევე არის საწინააღმდეგო მოვლენებიც - ეს არის იმპორტზე მოთხოვნა. მაშინ, როცა უცხოურ საქონელზე მოთხოვნა იზრდება, მატულობს მოთხოვნა დოლარზეც და პროცესი მიმდინარეობს ერთდროულად, ხოლო რომელი გადაწყონის ამის ყოველდღიურად და ყოველთვიურად პროგნოზი შეუძლებელია“, - აღნიშნა თოქმაზიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ლარის სტაბილიზაცია და პოზიციების გამყარება არა მხოლოდ ეკონომიკაზე იმოქმედებს დადებითად, არამედ მოსახლეობისთვისაც შვების მომგვრელი იქნება. ახლა, ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ პროცესი კიდევ გაგრძელდეს და არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ კურსი იმ ნიშნულსაც კი ჩამოსცდეს, რაზეც სპეციალისტები საუბრობენ. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე საქართველოში კარგი სიტუაციაა და მნიშვნელოვანია რესურსების სწორად გამოყენება.

როგორც საფინანსო საკითხების ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, ქვეყანაში არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ კურსი იმ ნიშნულზე ჩამოვიდეს, რასაც სპეციალისტები პროგნოზირებენ, რადგან ამის ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს.

„პროგნოზის მიხედვით, რომ კურსი მაისის პერიოდში 2.85-2.90-ის ფარგლებში იქნებოდა, ფაქტობრივად გამართლდა, რაც ემყარებოდა რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს. პირველი ეს იყო, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი - 11,6%. პარალელურად, გაზრდილია ფულადი გზავნილები აპრილში, მაისში და დიდი ალბათობით ასეთივე მაჩვენებელი იქნება ივნისშიც. ასევე ჩანდა, რომ სარეკორდოდ იყო მომატებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - 4,4-ჯერ იყო გაზრდილი და თუ შევხედავთ კურსის გამყარების დინამიკას, რაც ბოლო დღეებში სახეზეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალშიც გაზრდილია“, -  აღნიშნა ცუცქირიძემ „რეზონანსთან“და დასძინა, რომ აღდგენილი ტურიზმი, უცხოური გზავნილები და მსგავსი ეკონიმიკური აქტივობები, პროცესზე პოზიტიურად მოქმედებს.

„კურსის გამყარების დინამიკიდან გამომდინარე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ექსპორტია მომატებული, ასევე აღდგენილია ტურიზმი, რომელიც ხელს უწყობს უცხოური ვალუტის შემოდინებას, ამას ემატება ფულადი გზავნილები და ექსპორტი, რაც ორნიშნა ზრდასთან ერთად, აუცილებლად გამოიწვევს სავალუტო კურსის გამყარებას.

რომ არსებობდეს უარყოფითი მოლოდინი, თუნდაც ომის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ეს აისახებოდა სავალუტო კურსზე, რადგან ინვესტორები გაიტანდნენ ვალუტის ნაწილს, მათ შორის დივიდენდების სახით, თუმცა ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს, რომ პირველ კვარტალში რეინვესტირებაც და კაპიტალური ინვესტიციებიც გაზრდილია, რაც არის პოზიტიური მოლოდინის ასახვა და ზეგავლენა. ამიტომ, აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ კურსი მართლაც პოზიტიურ ნიშნულს დაიკავებს“, - დასძინა ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტის მეორე ნახევრიდან ლარი სულ უფრო და უფრო მყარდებოდა დაპოზიციების გაუმჯობესებას თითქმის ყოველდღიურად ახერხებდა. ახლა კი რეალურია მოლოდინი, რომ კურსი პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდეს და ახალი წონასწორული ნიშნული იპოვოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×