საპოლიციო გამოსახლების შემდეგ, თაღლითობამ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია და ამაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ჩაერთნენ
რეზონანსი
03.08.2022

ფინანსური სარგებლის ნაცვლად, ბინის გამქირავებლების დიდი ნაწილი მდგმურების თაღლითობის მსხვერპლი ხდება. მსგავსი შემთხვევები აქამდე, ძირითადად, ადგილობრივ დამქირავებლებს უკავშირდებოდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, მსგავს პრობლემას ბინის მფლობელები ინტენსიურად აწყდებიან რუსეთის, ბელარუსის, ირანის მოქალაქეებისგან, რომლებიც შეგნებულად ქირაობენ ბინებს და გადასახადს არ იხდიან თვეობით. მათ ზოგ შემთხვევაში წელზე მეტი ვადითაც შეუძლიათ, იცხოვრონ სხვის ბინაში ისე, რომ მათ ვერავინ გაასახლებს.

კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო, მესაკუთრეები  თავიანთი უფლებების დაცვას  ვერ ახერხებენ მაშინაც, როცა გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის გაფორმებულია  ხელშეკრულება და მხარეების უფლებები მკაცრად არის განსაზღვრული. ყველაფრის მიუხედავად,  შეიძლება, მდგმური ვერ გამოასახლო და ბინაში დიდხანს ისე იცხოვროს, საერთოდ არაფერი გადაიხადოს, ბოლოს კი ვერც ზარალის კომპენსაცია მოხდეს და სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოდ ფარატინა ქაღალდზე დარჩეს.

როგორც უძრავი ქონების სფეროს იურისტი უჩა ზაქაშვილი „რეზონანსთან“ განმარტავს,  აუცილებელია კანონში ცვლილება, რომ პოლიციური გამოსახლება ნებადართული გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტები კიდევ უფრო გახშირდება და ადამიანები ფინანსურად დიდ ზარალს მიიღებენ, გადაუხდელ ქირასთან ერთად.

„2015  წლამდე რეგულაცია არსებობდა და მესაკუთრეს შეეძლო საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე პოლიციასთან ერთად მოეხდინა უკანონოდ ან კანონიერად (პირობების დარღვევის გამო) ურჩი მოიჯარეების გამოსახლება. კანონმდებლობის გაუქმება პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რაც აიხსნა იმით, რომ იპოთეკარებისთვის ბინის წართმევის პროცესისთვის შეეშალათ ხელი.

დღეს მსგავსი დავები ათასობითაა და წლობით იწელება. მართალია, დალოდების ვადა კანონით 8 თვეა, მაგრამ ეს პირობა არ სრულდება. ამასობაში, ბინების მესაკუთრეები ინტენსიურად ხდებიან დამქირავებლების თაღლითობის მსხვერპლნი და ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს. არაფერი ახლის გამოგონება არ არის საჭირო, კანონი უნდა აღდგეს.

სამოქალაქო კოდექსიდან პარლამენტმა კანონი იმავე რედაქციით უნდა დააბრუნოს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. პირიქით, თუკი აქამდე  ასეთი პრობლემის მატარებელი 1000 მოქალაქე იყო, უახლოეს მომავალში 10 000 გახდება“, - განაცხადა ზაქაშვილმა და დასძინა, რომ მსგავსი ფაქტები დიდწილად ადგილობრივ მოქალაქეებს უკავშირდება, თუმცა ბოლო დროს გახშირდა თაღლითობა უცხოელებთან დაკავშირებითაც, რომლებიც შეიძლება, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

„უცხოელ მოიჯარეებზე საუბრობენ, მაგრამ არანაკლებ ხშირია მსგავსი პრობლემა ადგილობრივ მდგმურებთან დაკავშირებითაც. გარკვეული კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისთვის ასეთი ტიპის თაღლითობა ცხოვრების წესს წარმოადგენდა და ასეა დღესაც. მათ არაფერი აქვთ თავიანთ სახელზე, ზარალის ანაზღაურება რომც დაეკისროთ, ვერაფერს გადაიხდიან, ზოგი ამას  შეგნებულად აკეთებს. 

ახლა კი რუსებიც, ირანელებიც, თურქებიც და ყველა სხვაც შეეცდება მსგავს თაღლითობას, როცა ნახავენ, რა უბადრუკია კანონმდებლობა ამ მიმართულებით. ბევრს გაუჩნდება ცდუნება. ტენდენცია ქართველებმა ჩამოაყალიბეს, ბოროტად ისარგებლეს ამ რეგულაციით  და ახლა უკვე უცხოელებიც სარგებლობენ კანონმდებლობის ხარვეზით. პრობლემაა სახელმწიფოს ცუდი ადმინისტრირება ამ ნაწილში და სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს“, - დასძინა „რეზონანსთან“ უჩა ზაქაშვილმა.

დღესდღეობით უძრავი ქონების მესაკუთრეები ურჩი გადამხდელებისგან სრულიად დაუცველნი არიან. საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის საბჭოს წევრი ოთარ კაჭკაჭიშვილი ადასტურებს, რომ ბინის გამქირავებლებისთვის ახალ საფრთხეს ჭარბი მიგრანტები წარმოადგენენ, რომელთა იდენტიფიცირება და შემდეგ სასამართლო დავის წარმოება გართულებულია.

„მე, როგორც იურისტი, ვურჩევდი ყველას, რომ მაქსიმალურად მოახდინონ პირის იდენტიფიცირება პირადობით. ამასთან, კონტრაქტი იმდაგვარად იყოს შედგენილი, რომ ზემოქმედების სხვა დამატებითი საშუალებები იყოს. მაგალითად, ეს არის უძრავ ქონებაში განთავსებული ნივთების გირავნობის უფლების წარმოშობა, რომ მათი სწრაფი რეალიზაცია მოხდეს, თუკი დავალიანებაა დარჩენილი.

ვფიქრობ, ალტერნატივა არ ჰქონდა იმას, რაც არსებობდა, ანუ პოლიციურ გამოსახლებას. დღეს სახელმწიფოს როლი, ფაქტობრივად, ნულამდეა დაყვანილი. პირიქით, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ხედავენ ასეთ მდგომარეობას, მათაც ერთგვარად იგივე განცდა ეუფლებათ, უნდა გამოსახლდეს თუ არა დაჩქარებული წესით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიახ, უნდა გამოსახლდეს.

ისეთ პირებზე, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები ან რომელთა გამოსახლება და უსახლკაროდ დატოვება არ შეიძლება, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გაათავისუფლოს კერძო მესაკუთრისგან. მან უნდა უზრუნველყოს საცხოვრებლით, ეს იქნება ქირის საფასურის გადახდა ან სხვა საცხოვრებელი ფართის გამოყოფა. ეს არის სახელმწიფოს როლი, აქ უნდა მოხდეს ჩარევა.

არ შეიძლება, ერთ მესაკუთრეს მთელი სოციალური პასუხისმგებლობა დავაკისროთ. სხვაგვარად ეს ხელს შეუშლის უძრავ ქონებაში ინვესტირებას იმიტომ, რომ თუ ადამიანებმა ასეთი რისკები დაინახეს უძრავ ქონებაში, ისინი ინვესტირებას აღარ მოახდენენ“, - განაცხადა ოთარ კაჭკაჭიშვილმა.

ცნობისთვის, საპოლიციო გამოსახლების კანონპროექტი  2015 წელს გაუქმდა და იგი სასამართლო გამოსახლების ნორმებით შეიცვალა. აქამდე მოქმედი ნორმის მიხედვით, მესაკუთრეს მისი კუთვნილი უძრავი ნივთის მფლობელის (რომელსაც მფლობელობის უფლების დამდგენი წერილობითი საბუთი არ გააჩნია) გამოსახლების მოთხოვნით შეეძლო, პოლიციისთვის მიემართა. ამ ნორმის გაუქმების შედეგად, მესაკუთრეს იმავე შედეგის მისაღწევად სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×