მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, მოსახლეობა შეღავათს ჯერ მაინც ვერ გრძნობს
თიკა სიბოშვილი
03.08.2022

საქართველოში ისევ ორნიშნა ინფლაციაა, თუმცა აქტიური ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია და ივლისში, ქვეყანაში ფასების ზრდის ტემპი 11.5%-მდე შემცირდა. მიუხედავად სტატისტიკური მონაცმებისა, მოსახლება ამას საერთოდ ვერ გრძნობს და ისევ მაღალ ფასებთან უწევთ ბრძოლა. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია თუ რას უნდა ველოდოთ მომავალ თვეებში და როდის ექნება თუნდაც მცირეოდენი შეღავათი მოსახლეობას?

ბოლო წლებში, საქართველოში მუდმივად ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდებოდა და ახლა, როცა მაჩვენებელმა ივნისთან შედარებით, ივლისში 1,3%-ით დაიკლო, გარკვეული პოზიტიური მოლოდინი გააჩინა. ეროვნული ბანკი თვლის, რომ სასურველი ტენდენცია ეს ჯერ კიდევ არ არის, ამიტომაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა, თუმცა მიმდინარე მოვლენები იძლევა იმედს იმისა, რომ მომდევნო თვეებში მაჩვენებელი ორნიშნა აღარ იქნება, რასაც მოსახლეობაც აუცილებლად იგრძნობს.

ეკონომიკის დოქტორის ირაკლი მაკალათიას აზრით, ქვეყანაში შემცირდა ინფლაციის ტემპი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაიკლებს ფასებიც.

„არსად არ შემცირებულა ფასები, შემცირდა მხოლოდ ინფლაციის ზრდის ტემპი, ანუ ახლა შედარებით უფრო ნაკლები სისწრაფით იზრდება ფასები. გვაქვს ისევ ორნიშნა მაჩვენებელი  და ბოლო 2 წელია ასე გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად გაუარესებულია.

ის, რომ მომდევნო თვეებში შესაძლოა, შემცირდეს ინფლაციის მაჩვენებელი, უკეთესობის მომასწავებელი სულაც არ არის. ეს ნიშნავს, რომ უკვე გაძვირებულ პროდუქტებზე ფასები შედარებით ნაკლებად გაიზრდება და არა შემცირდება; ანუ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობასა და ცხოვრების დონეზე დადებითად ვერ აისახება.

მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ სურსათის ჯგუფში 16%-იანი ინფლაცია გავქვს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. სამომხმარებლო ხარჯებში მოსახლეობა არჯების 1/3-ს სურსათზე მიმართავს. შესაბამისად, ამ ჯგუფის ინფლაცია ორმაგად მოქმედებს ადამიანებზე უარყოფითად“, - აღნიშნა მაკალათიამ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ აუცილებელია კიდევ უფრო მოითოკოს ინფლაცია, რაც საბოლოოდ შედეგსაც გამოიღებს.

ლარი მყარდება, საწვავის ფასი მცირდება, გლობალურ ბაზარზე კი ფასები სტაბილურდება, თუმცა ჩვენთან ამ პროცესებს შედეგი ჯერ კიდევ არ მოჰყოლია. როგორც, ეკონომისტი გივი მომცელიძე მიიჩნევს რთულია იმაზე საუბარი თუ რა იქნება მომავალში, მაგრამ მთავრობამ ყველა ბერკეტები აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

„რას უნდა ველოდოთ მომდევნო თვეებში, რთულია ამაზე ახლა პროგნოზის გაკეთება, რადგან სხვადასხვა ფაქტორებზე ვართ დამოკიდებული - იქნება ეს ნავთობის ფასი, თუ ხორბლის. ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, თუ როგორი სიტუაცია იქნება, ძალიან რთულია. ეროვნული ბანკის გამოქვეყნებულ ანგარიშშიც ჩანს, რომ ბოლომდე არ არიან დარწმუნებულები რა იქნება მომავალში.

ყველა რომ გაქცევაზეა და ქვეყნიდან უამრავი ადამიანი რომ მიდის, მათ შორის ინფლაციის დამსახურებაცაა და ამაზეც  ბევრი უნდა ვიფიქროთ. პირველ რიგში, რა ბერკეტებიც ხელისუფლებას აქვს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, მათგან ერთ-ერთია ნავთობპროდუქტებზე აქციზის შემცირება. შესაძლებელია ასევე, გადასახადების შემცირებაც, ცოტა ხნით მაინც, თუმცა ალბათ არც ამას გააკეთებენ.

მიგრაციის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის მაღალი ინფლაცია, ვერ დავკეტავთ საზღვრებს, ხალხს ვერ ავუკრძალავთ გასვლას, ღია საზღვრების მქონე ქვეყანა ვართ. ამიტომ ხალხი მიდის იქ, სადაც უფრო მარტივია ცხოვრება და არ რჩებიან იქ, სადაც არავინ ფიქრობს  სიტუაციის შემსუბუქებაზე“, - აღნიშნა მომცელიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ქვეყანაში ხელფასები ვერ ეწევა ხარჯების დონეს, რაც გამოსასწორებელია.

„ვნახულობდი სხვადასხვა ქვეყნებში ფასებისა და ხელფასების შეფარდებას და ჩვენ ვართ ევროპაში ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, სადაც უფრო მეტია საშუალო ხარჯი, ვიდრე საშუალო ხელფასი. მაგალითად, ანაზღაურება არის 1200 ლარი, ხოლო საშუალო ხარჯი არის 1500 ლარი. ბრიტანეთის მაგალითზე კი ეს შეფარდება ასე გამოიყურება: 4000 გირვანქა - ხელფასი, ხოლო დაახლოებით 1500 გირვანქა - ხარჯი“, - დასძინა მომცელიძემ.

მომავალში რას უნდა ველოდოთ ახლა რთული სათქმელია, თუმცა აშკარაა, რომ არსებობს შანსი იმისა, რომ ინფლაციის ზრდის ტემპი უფრო მეტად შემცირდეს. სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, დაღმავალი ტრენდის მიუხედავად, ზოგიერთ სექტორში ინფლაციის მაღალი რისკი ნარჩუნდება.

„საბაზო ეფექტის მილევა ხდება, აქედან გამომდინარე არის შემცირება. გარდა ამისა, ლარის გაცვლით კურსს გამყარების ტრენდი აქვს. ეს მოქმედებს ე.წ. იმპორტირებულ ინფლაციაზე, რომ მან საერთო მაჩვენებლის ზრდაში თავისი წვლილი არ შეიტანოს. მონეტარული პოლიტიკაც დიდი ხანია გამკაცრებულია და ამავე დონეზე ნარჩუნდება, რაც ინფლაციის შემცირებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძეც. იგი ხაზს უსვამს, რომ ინფლაციის დონე უკვე მესამე თვეა იკლებს.

„ამ ერთი შეხედვით ორდინარული ინფორმაციის მიღმა საკმაოდ საინტერესო პროცესები იმალება. ჯერ ერთი, ინფლაციის დონე ჩვენს ქვეყანაში მესამე თვეა, თანდათან იკლებს და მისი დონე შარშანდელ ივლისთან შედარებით 0.4 პუნქტით დაბალია. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენს ყველა სახმელეთო მეზობელს (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაეზარდა. ამჟამად ჩვენი ქვეყნის ინფლაციას, თურქეთში ინფლაცია უსწრებს 77.1 პუნქტით, რუსეთის ინფლაცია, შესაბამისად, 4.4 პუნქტით, აზერბაიჯანისა კი - 2.7 პუნქტით. თანაც გლობალური მასშტაბით შეინიშნება ეკონომიკური რეცესიისა და ინფლაციის ზრდის ნიშნები - ჩვენთან კი საპირისპირო პროცესები იკრებს ძალას“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ეფექტურად მოქმედებენ.

"საქართველოში, რომლის ეკონომიკა და მოსახლეობის კეთილდღეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის და კვების პროდუქტების მიწოდებისა და ფასების კონიუნქტურაზე, უკვე გამოიკვეთა ინფლაციის დათრგუნვის ნიშნები, რაც ნამდვილად  იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და ლარის გამყარება ასრულებენ ერთგვარი „სენდვიჩის ეფექტს“, რომელმაც არტახებში მოაქცია ინფლაციის მაჩვენებელი და არ მისცა მას გაცილებით მასშტაბური მატების შესაძლებლობა.

ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტები, აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მოქმედებენ გაცილებით ეფექტურად, ვიდრე რეგიონის იმ ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც, მართალია, ჩვენზე მეტ ბუნებრივ რესურსებს განკარგავენ, მაგრამ „რატომღაც“ მათი ეკონომიკური ზრდა საქართველოსთან შედარებით გაცილებით დაბალია, ინფლაცია კი - გაცილებით მაღალი“, - წერს იოსებ არჩვაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×