იმპორტიორები საცალო ფასებში 5-15%-იან ცვლილებას ელოდებიან
გვანცა წულაია
27.09.2022

განსაკუთრებული სიძვირის შემდეგ, საქართველოში ზეთი კიდევ გაიაფდება. ამის შესაძლებლობას რუსეთში საბაჟო გადასახადის განულება იძლევა, რომელიც ძალაში ოქტომბრიდან შევა. იმპორტორები რუსეთიდან შემოტანილი ზეთის გაიაფებას 5%-დან 15%-მდე ელოდებიან.

საქართველოში იმპორტირებული მხესუმზირის ზეთის ფასი, ბოლო პერიოდში, ისედაც იკლებს. ამის მიზეზი, პირველ რიგში, რუსეთში საბაჟო გადასახადის შემცირებაა, შემდეგ კი, უკრაინული პორტების გახსნა.

მცურავი საბაჟო გადასახადი, რომელიც ერთ დროს დიდი პრობლემა იყო, დღეს შემცირებულია. სექტემბერში ზეთზე აღნიშნული გადასახადი 1 ტონაზე 8 621,3 რუბლს (148 დოლარს) შეადგენს, ოქტომბრიდან კი ამხელა განაკვეთი სრულად მოიხსნება. გადასახადების განულება კი საორიენტაციო ფასების შემცირების გამო მოხდება. დღეისთვის ზეთის საორიენტაციო ფასი ტონაზე 1 244 დოლარია, ნაცვლად ერთი თვით ადრე არსებული 1 583 დოლარისა.

ცვლილება საქართველოზე იქონიებს გავლენას. სწორედ საბაჟო გადასახადი იყო ის ფაქტორი, რამაც ქვეყანაში ზეთი ძალიან გააძვირა. სულ მალე კი ეს პრობლემა გადაიჭრება, რაც საქართველოში პროდუქტს კიდევ გააიაფებს. მოსალოდნელ პოზიტიურ ცვლილებას ადასტურებენ იმპორტიორები.

ერთ-ერთი მათგანია იმპორტიორი კომპანია "ალფას” ხელმძღვანელი, ირაკლი ციხისთავი, რომელიც საბაჟო გადასახადის განულების მოსალოდნელ შედეგზე საუბრობს.

"დიახ, როგორც ვიცით, საბაჟო გადასახადი ოქტომბრიდან საერთოდ განულდება. ეს გარემოება კი საქართველოზეც მოახდენს გავლენას. ამის გათვალისწინებითაც, სავარაუდოდ, რუსეთიდან იმპორტირებულ ზეთზე ფასები შემცირდება. ღირებულების კლება კი, ალბათ, 10-15%-ის ფარგლებში მოხდება. გაიაფების ტენდენციას მომავალშიც ველოდებით”, - განუცხადა `რეზონანსს” ირაკლი ციხისთავმა.

რუსეთში მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე მცურავი საბაჟო გადასახადი 2021 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტოს პერიოდში დაწესდა, თუმცა პროცესმა სექტემბერშიც გადმოინაცვლა. აღსანიშნია, რომ ივლისიდან საბაჟო გადასახადი რუბლში ანგარიშობენ, და არა დოლარში, როგორც ეს ადრე იყო.

იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ივა ჭყონია ამბობს, რომ საბაჟო გადასახადის განულების შედეგად, საქართველოში ზეთის ფასი მინიმუმ კიდევ 5%-ით შემცირდება.

„ადგილობრივ ბაზარზე ფასის კლება უკვე თვალში საცემია. ფაქტობრივად, ყოველკვირა იაფდება ზეთი. ეს გამოწვუელია, ერთი მხრივ, რუსეთის ჭარბი მოსავლით და მეორე მხრივ, უკრაინის პორტებისა და სხვა გზების გახსნით. ახლა რუსები ყველანაირად ცდილობენ კონკურენტუნარიანები იყვნენ და გაყიდონ თავიანთი პროდუქცია.

ზუსტი წარმოდგენა რომ ჰქონდეს საზოგადოებას, რუსული ზეთი 15-20%-ით უფრო იაფია, ვიდრე უკრაინული. შესაბამისად, ეს აისახება ფასებზეც. ვსაუბრობ არაბრენდირებულ ზეთზე. ბრენდების ნაწილში ფასი უფრო ნელა იკლებს.

ზოგადად რა თქმა უნდა, ტენდენცია დადებითია, ფასის ამ მასშტაბით კლება მომხმარებლამდეც მივა. რუსეთში საბაჟო გადასახადის კლება, კიდევ მინიმუმ 5%-ით შეამცირებს ზეთის ფასს“, - განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ივა ჭყონიამ და დასძინა, რომ რუსეთზე სასურსათო დამოკიდებულება ჩრდილოელი მეზობლის მიერ მუდმივ ეკონომიკურ ომში ყოფნაა.

„როცა საქართველოში საუბარია ბაზრების დივერსიფიცირებაზე, სულ ვამბობდი, რომ ამას ართულებს რუსეთის ფაქტორი. მართალია, რომ იქ ბევრი პროდუქტის თვითღირებულება და შემდეგ მისი საქართველოში შემოტანა იაფია, თუმცა არავინ იცის რას მოიმოქმედებს ეს ქვეყანა. 3 დღეიდან 1 კვირამდეა საჭირო რუსეთიდან ზეთის შემოტანისთვის და, მაგალითად, არგენტინიდან რომ წამოიღო, თვენახევარია საჭირო.

მომენტალურად შეიძლება შეცვალოს რუსეთმა საფასო პოლიტიკა. ჯერ კიდევ გზაში შეიძლება იყოს პროდუქტი, როცა ისეთი ფასს დააწესებს, რომ ბიზნესს, ფაქტობრივად, მოკლავს. ეს უკვე მოხდა უკრაინიდან შემომტანი კომპანიის შემთხვევაში. კერძოდ, იმპორტიორს შემოჰქონდა ზეთი უკრაინიდან, მაგრამ ვიდრე პროდუქტი საქართველოში ჩამოვიდა, რუსეთმა ფასი ისე დააგდო, რომ ახლა ამ იმპორტიორს მოუწევს, ზეთი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდოს“, - განაცხადა ჭყონიამ.

როგორც ირკვევა, უახლოეს პერიოდში მზესუმზირის ზეთზე ფასების შემცირებას და სტაბილურობას უნდა ველოდოთ. იმპორტიორების მსგავსად, ფასის კლებაზე საუბრობენ ადგილობრივი მეწარმეებიც. წელს საქართველოში მზესუმზირის კარგი მოსავალია. გლეხები აადასტურებენ, რომ იმაზე კარგი შედეგი მიიღეს, ვიდრე შარშან. ადგილობრივმა მცირე მეწარმეებმა ზეთი ცოტათი გააიაფეს და კარგი მოსავლის პირობებში, ფასის კლება კვლავ მოსალოდნელია. გამოდის, რომ როგორც ქვეყანაში წარმოებული, ისე იმპორტირებულ ზეთის ღირებულება მალე კიდევ შეიცვლება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×