"არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. ოქრო უნდა გაძვირებულიყო და პირიქით მოხდა"
ქეთო გოგოხია
27.09.2022

გლობალურ ბაზრებზე ოქროს და სხვა ძვირფასი ლითონები სულ უფრო იაფდება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, იკლო ყველა დასახელების ძვირფასი ლითონებისა და ქვების, ასევე ბრილიანტის ღირებულებამაც. ანალოგიური მდგომარეობაა ქართულ ბაზარზეც, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ტენდენცია მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ვითარება კი ნამდვილად დამაფიქრებელია, რადგან ოქროს ღირებულებამ 16 თვის რეკორდი მოხსნა. ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 2000 დოლარს აღემატებოდა, ახლა კი ფასი 1600-1700 დოლარის ფარგლებშია.

თბილისი ცენტრალის ოქროს ბირჟაზე ამბობენ, რომ ერთ გრამ ოქროზე ფასი, დაახლოებით, 30-35 ლარითაა შემცირებული. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ფასმა კიდევ უფრო მეტად, 50%-ითაც კი დაიწია.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნოდარ ფოფორაძე აცხადებს, ოქრო იმდენად გაიაფდა (განსაკუთრებით უცხოეთში) რომ არანაირ კანონზომიერებას აღარ ექვემდებარება.

,,ნამდვილად არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. ოქრო უნდა გაძვირებულიყო და პირიქით მოხდა. როგორც ვიცით, რუსეთს აუკრძალეს ლონდონის ბირჟაზე ოქროს შეტანა, ამას დეფიციტი უნდა შეექმნა, რაც ფასის ზრდას გამოიწვევდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს არ არის რაიმე ეკონომიკურ პროცესთან მიბმული. ოქროსთან ერთად სპილენძის ფასიც შემცირდა. ტენდენცია, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება და შემდეგ, ალბათ, საპირისპიროდ შეიცვლება.

ოქროსთან ერთად, ძვირფასი ქვების ღირებულებაც იკლებს. ომმა გამოიწვია მსოფლიოში ეკონომიკური უკუსვლა არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ასევე ევროპასა და აშშ-ში. ეს პროცესი გარკვეული პერიოდი გასტანს. უნდა ითქვას, რომ ოქროს ფასი ხშირად იცვლება, ბრილიანტის ღირებულება უფრო სტაბილურია. სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია და ანალოგიური მდგოამრეობაა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბაზარზე, მათ შორის საქართველოში", - აღნიშნა ფოფორაძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

მისი შეფასებით, ოქრო ბოლო პერიოდში იმდენად გაიაფდა, განსაკუთრებით ლონდონის ბირჟაზე, რომ არანაირ კანონზომიერებაში აღარ ჯდება.

,,მეგონა, რომ უკრაინის ომი და რუსეთიდან კეთილშობილი ლითონების უცხოეთის ბაზარზე აკრძალვა გამოიწვევდა გაძვირებას და რატომღაც პირიქით მოხდა. შესაბამისად, საქართველოშიც იგრძნობა სიიაფე. ჯერ არავის გაუკეთებია ანალიზი - გაიაფების გამო მოთხოვნა გაიზარდა, თუ არა. რაიმე ისეთი თვალში საცემი ცვლილება ჯერჯერობით არ შეიმჩნევა”, - განუცხადა „რეზონანსს” ნოდარ ფოფორაძემ.

როგორც ანალიტიკოები აცხადებენ, ძვირფასი ლითონების ღირებულების შემცირებას მსოფლიოსში რეცესიის მოლოდინი, ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა და დოლარის გამყარება განაპირობებს.

ფინანსისტი ნიკა შენგელია ოქროს ბაზარზე მიმდინარე პროცესს ტექნიკური ფაქტორებით ხსნის და ხაზს უსვამს, რომ ოქროს ექსპორტმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადაუსწრო. ფასზე მოქმედებს ასევე რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები და ოქროში ინვესტირების კლება, რასაც ასევე ომი განაპირობებს.

,,ოქროს გაიაფებას, პირველ რიგში, ტექნიკურ ფაქტორებს მივაწერთ. საერთოდ, როდესაც ნავთობისა და ოქროს ფასი იკლებს, შესაბამისად, ძლიერდება დოლარი და ახლა სწორედ ეს მომენტია, ტექნიკური ანალიზიდანგ ამომდინარე. მეორე ფაქტორია სანქციები, რის გამოც რუსული კონტრაბანდული ოქრო სხვადასხვა ხვრელებით ხვდება მსოფლიო ბაზრებზე, თანაც გაცილებით იაფად. რუსული ხარისხიანი ოქრო ბირჟის ფასთან შედარებით 40-50%-ით არის გაიაფებული.

ამასთან, ოქროში ინვესტირებამაც იკლო. მაშინ, როდესაც სასურსათო კრიზისი ანონსდება, ტრეიდერები ძვირფას ლითონებში კაპიტალდაბანდებას ძალიან ერიდებიან", - განაცხადა შენგელიამ.

აღსანიშნავია, რომ იგივე მდგომარეობაა ვერცხლისა და სხვა ლითონების შემთხვევაშიც - ვერცხლის ფასები 1 გრამზე 2-7 ლარს შორის მერყეობს. კლება აქაც 50%-მდეა. ქართულ ბაზარზე 10-15 ლარითაა შემცირებული ბრილიანტის ღირებულებაც.

რაც შეეხება ოქროს ექსპორტს, საქართველოდან ოქროს ექსპორტი 48%-ითაა გაზრდილი. "საქსტატის" ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან 43,517 მლნ დოლარის ღირებულების ოქრო გავიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 29,431 მლნ დოლარის.

ქართული ოქროს ძირითადი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა, სწორედ შვეიცარიაში გაიყიდა ქართული საექსპორტო ოქროს 90%-ზე მეტი. საექსპორტო ბაზრებს შორისაა გერმანია, თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×