გვანცა წულაია
27.09.2022

ქართული ბიზნესი კადრების სიმცირეს გამუდმებით უჩივის. ძნელად მოიძებნება სფერო, სადაც ეს პრობლემა არ დგას. თუკი სექტორის წარმომადგენლები სპეციალიტების სიმცირეს შესაბამისი კვალიფიკაციის არქონით ხსნიან, დარგის ექსპერტები შრომის ანაზღაურების მხრივ არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.

შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში არსებული რეალობა უცნაურია - საქართველოში თითქოს სამსახურს ბევრი ეძებს, მაგრამ ამ დროს ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია და დასაქმება პრობლემაა. განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ელემენტარულად მიწის დამუშავება, მოვლა და მოსავლის აღებაც კი ჭირს, თანაც მაშინ, როდესაც დღიური ხელფასი 50-60 ლარის ფარგლებშია, მაგრამ სამუშაოს მსურველებს ამ თანხადაც ვერ პოულობენ.

ბიზნესი კვალიფიკაციის არქონაზე აკეთებს აქცენტს, სპეციალისტები კი ამბობენ, რომ კერძო სექტორში, ერთი მხრივ, დაბალი ხელფასია, რის გამოც მოსახლეობა დასაქმებაზე უარს ამბობს.

სტატისტიკოსი, ეკონომისტი გივი მომცელიძე პირდაპირ ამბობს, რომ პრობლემა კომპლექსურია, რის მოგვარებასაც წლები დასჭირდება.

"პრობლემა, პირველ რიგში, ანაზღაურებაა. ინფლაციის გათვალისწინებით ადამიანს უკვე აღარ აწყობს ის ხელფასი, რასაც ბიზნესი სთავაზობს. ორგანიზაციებსაც ხელფასის ზრდა რომ მოვთხოვოთ, ასე მარტივადაც არ არის და ჩვენი სურვილით არ ხდება. ამ ყველაფერს სჭირდება სტაბილური ეკონომიკური ზრდა და თანაც დიდი ხნით, რათა ბიზნესმა შეძლოს ისეთი ხარჯის გაღება, რომ მოსახლეობას საქმე გასაქცევად არ ჰქონდეს. ეკონომიკა კი იზრდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, თანაც ზოგიერთი დარგი უფრო სწრაფად იზრდება, ზოგი - უფრო ნელა.

კადრების დეფიტიცი განსაკუთრებით მომსახურების სფეროშია, რაც ბევრი რამით არის გამოწვეული. პირველ რიგში, ხშირად გვესმის, რომ ანაზღაურება დაბალია და ადამიანებს მუშაობა არ სურთ. საერთოდ, ეს კომპლექსური პრობლემაა, რის მოგვარებასაც, ალბათ, წლები დასჭირდება. თუ რამე ამ ყველაფერს გამოსწორებს, ეს ეკონომიკის სტაბილური ზრდაა.

კვალიფიკაციის პრობლემაც არსებობს, რასაკვირველია. მაგალითად, ყველაზე ხშირია რესტორნებში კადრების პრობლემა. მაგალითად, კვალიფიციური მზარეული ნამდვილად არ დათანხმდება 2000 ლარს. გამოუცდელი ადამიანი კი, ამ თანხაზე იმუშავებს, მაგრამ ბიზნესი, რა თქმა უნდა, მას ეტყვის, რომ შესაბამისი დონის არ არის.

როგორც უკვე გითხარით, ეს კომპლექსური პრობლემაა და მის მოგვარებას წლები სჭირდება. ინფლაციის შემცირებით, სტაბილური ეკონომიკური ზრდით და ინვესტიციების შემოსვლით უნდა მოგვარდეს ეს ყველაფერი”, - განუცხადა "რეზონანსს” მომცელიძემ.

ჯერ მარტო 2022 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით "ჯობს.გე"-ზე 39 984 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მარტ-აგვისტოში ჯამში 11 757 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 64%-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვაკანსია ლოჯისტიკის/ტრანსპორტის/დისტრიბუციის დარგშია, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, 13 772 ვაკანსია გამოქვეყნდა ამ კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 54%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკიდანც ჩანს, რომ ქვეყანაში უამრავი სამუშაო ადგილია და ბიზნესი კადრებს გამუდმებით ეძებს, მაგრამ დასაქმება ისეთი მასობრივი არ არის, რამდენიც ვაკანსიებს შეესაბამება. პროფესორ ავთო სილაგაძეს მიაჩნია, რომ პირველ რიგში, პრობლემა კვალიფიკაციას ეხება.

"უნდა მივესალმოთ ბიზნესის სფეროში ნებისმიერ ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და სამუშაო ძალის მოთხოვნას. რა თქმა უნდა, საქმე ეხება კვალიფიკაციას. ბიზნესი ითხოვს საქმის მცოდნე ადამიანებს.

როდესაც ახალ სისტემაზე, საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადავედით, ბუნებრივია, რომ საჭირო გახდა ახალი დარგები, სფეციალობები და ამ მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადება. გაჩნდა გარკვეული სიცარიელე, ეს რამდენიმე წლის წინაც აშკარად იგრძნობოდა.

ის პროფესიული სასწავლებლები, რომელიც მეტ-ნაკლებად კარგ სპეციალისტებს ამზადებდნენ, თითქოს გაქრა ქვეყანიდან. ბოლო წლებში თითქოს დაიწყო ხელახლა განვითარება და ვიწრო სპეციალისტების მომზადება, მაგრამ ჯერჯერობით, ისეთ დონეზე არ არის, რომ ყველა სპეციალისტი მოამზადოს, რომელიც ბიზნესს სჭირდება. გავა დრო და ჩვენ მაქსიმალურად შევამცირებთ ასეთ სპეციალისტებზე მოთხოვნას.

ანაზღაურების საკითხიც შეიძლება იყოს პრობლემური. სახელფასო მომენტი გარკვეულ როლს თამაშობს და დაბალი ხელფასის გამო, შეიძლება დამსაქმებელმა შესაბამისი კადრი ვერ იპოვოს, მაგრამ ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. პრობლემაა ის, რომ სპეციალისტები საკმარისი რაოდენობით ჯერჯერობით ვერ მოამზადეს”, - განუცხადა ავთო სილაგაძემ "რეზონანსს”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×