"შემოსული ადამიანების დიდი ნაწილი ტრანზიტული მიზნით არიან და 1-2 დღეში გადიან ქვეყნიდან"
გვანცა წულაია
29.09.2022

უძრავ ქონებასთან ერთად, რუსეთიდან წამოსულმა მიგრაციის ახალმა ნაკადმა მოთხოვნა სასტუმროებზეც გაზარდა. რუსებისგან სასტუმროებში მიმართვიანობა იმდენად დიდი არ არის, როგორც ბინების შემთხვევაში, თუმცა მოთხოვნა აქაც მომატებულია. შედარებით განსხვავებულია სიტუაციაა რესტონებთან დაკავშირებით. იქ რუსი მიგრანტები ნაკლებად იკვებებიან, რადგან, როგორც რესტორატორები ამბობენ, ბოლო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში შემოსული ადამიანები, არ არის ის კატეგორია, რომლებიც რესტორნებს სტუმრობენ.

რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ, საქართველოსკენ მიგრაციის ახალი ნაკადი დაიძრა. ლარსის გამშვებ პუნქტს ყოველდღიურად ათასობით რუსი კვეთს და როგორც აღმოჩნდა, მათი ნაწილი ღამეებს სასტუმროებში ათევს. შესაბამისად, მოთხოვნა, ბინებთან ერთად, სასტუმროებზეც შეიმჩნევა.

სწორედ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს `ინნ გრუპის” ხელმძღვანელი ერეკლე კოკაია და აცხადებს, რომ აქტიურობა დედაქალაქშია, რამაც სასტუმროების მომსახურება გააძვირა.

"საქართველოში შემოსულმა მიგრაციის ახალმა ნაკადმა სასტუმროებზე მოთხოვნა გაზარდა. რეგიონებში არა, მაგრამ თბილისში აშკარად შეიმჩნევა მოთხოვნა. ამ ყველაფრის ციფრებში გამოხატვა რთულია, მაგრამ გეტყვით, რომ აქტიურობა საგრძნობია. შესაბამისად, გაძვირდა სასტუმროები და ღირებულებამ თბილისის მასშტაბით, 50%-დან 100%-ის ფარგლებშია მოიმატა. სასტუმროების გაძვირება, რა თქმა უნდა, მოთხოვნის ზრდის გამო მოხდა, ეს პირდაპირ კავშირშია.

სასტუმრობის დატვირთულობაც თბილისის ცენტრში 100%-ს ხშირად აღწევს, ასეა ბოლო ორი თვის განმავლობაში, თუმცა ახლა ნელ-ნელა მცირდება”, - განუცხადა "რეზონანსს” ერეკლე კოკაიამ.

მკვეთრად გაზდილი მოთხოვნის გამო, ქვეყნაში ბინების მოძიება ძალიან გაჭირდა, განსაკუთრებით კი თბილისში, ამიტომ რუსების ნაწილი სასტუმროებს მიადგა. თანაც ის, ვინც საქართველოში დიდხანს დარჩენას არ გეგმავს, ბუნებრივია, ღამეს სასტუმროში გაათევს.

განსხვავებული მოსაზრება აქვს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელს შალვა ალავერდაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში ვიზიტორთა მზარდი ნაკადის მიუხედავად, სექტემბერში, სხვა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, სასტუმრო სექტორის დატვირთვა ნაკლებია.

,,ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ გაზრდილი ნაკადის ფონზე, სასტუმროებს მოაწყდნენ. რეალურად, შემოსული ადამიანების დიდი ნაწილი, ტრანზიტული მიზნით არიან და 1-2 დღეში გადიან ქვეყნიდან. რომ გითხრათ, რამე რადიკალურად შეიცვალა, ასე არ არის. პანდემიის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, წინა წლების პერიოდთან შედარებით ახლა თბილისში სასტუმროების დატვირთულობა ნაკლებია. ზუსტი კოეფიციენტის თქმა გამიჭირდება, რადგან თვე არ დამთავრებულა.

ცალსახად მინდა ვთქვა ისიც, რომ შემოსული რუსეთის მოქალაქეების 50% წარმოშობით ქართველია. მათ შორის ჩემი ნაცნობებიც, რომლებსაც, უბრალოდ, რუსული პასპორტი აქვთ და არ უნდათ ომში წასვლა. სამწუხაროა, რომ საზღვარზე და საქართველოში, მათაც იგივე დამოკიდებულება ხვდებათ, რაც ეთნიკურ რუსებს“, - განაცხადა ალავერდაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

რაც შეეხება რესტორნების ნაწილს, ვითარება აქ შედარებით სხვაგვარია. რუსები ქართულ რესტორნებს სტუმრობენ, თუმცა ვიზიტების რაოდენობა იმდენად მასშტაბური არ არის, რომ ამას მოთხოვნის ზრდის მიმართულებით, რაიმე გავლენა მოეხდინა.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რუსეთში სამხედრო მობილიზაციის შემდეგ საქართველოში შემოსული ადამიანები არ მიეკუთვნებიან იმ სეგმენტს, რომლებიც რესტორნებში იკვებებიან.

"სექტემბერი, როგორც წესი, იმდენად აქტიური აღარ არის, როგორიც ზაფხულის თვეები. რუსეთის მიერ გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის შემდეგ საქართველოში შემოსულ ნაკადს, გარკვეული ზეგავლენა ჰქონდა, მაგრამ არა იმგვარად პროპორციულად, რამდენი ადამიანიცაა შემოსული. შესაბამისად, ჯერჯერობით დამატებითი გავლენა, რაც სურათს შეცვლიდა, არ ყოფილა. ბოლო დროს შემოსული ადამიანები, არ არის ის სეგმენტი, რომელიც რესტორნებში იკვებება.

ტურისტულ სეზონზეც რომ ვისაუბროთ, აუცილებლად უნდა შეფასდეს ძალიან დადებითად. პანდემიის პერიოდში სრული ვარდნის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დიდი აღდგენა, რომელიც არა მხოლოდ ტურისტული ნაკადის ზრდით, არამედ ადგილობრივი მოთხოვნითაც აშკარა და შესამჩნევი იყო”, - განუცხადა "რეზონანსს” რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ რუსეთიდან მიგრაციის ახალი ნაკადი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც გავრცელებული მონაცემებიდან ირკვევა, 10 დღეში საქართველოს საზღვარი რუსეთის 78 742-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, ქვეყანა კი დატოვა რუსეთის 62 120-მა მოქალაქემ. მიგრაციის ახალი ნაკადი კი, საქართველოსკენ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ წამოვიდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×