სოჭის ნერგების გამოყვანა მომავალში უკვე საქართველოშიც მოხდება და მზა პროდუქტი გავა ექსპორტზე
ქეთო გოგოხია
29.09.2022

სოჭის გირჩებისგან ნერგების გამოყვანა სამომავლოდ ქართულ ბაზარზეც დაიწყება. პროექტზე მუშაობა  2023 წლიდან იგეგმება. 10 000 ნერგისთვის საჭირო თესლით წარმოებას ლიცენზიანტები უსასყიდლოდ  მოამარაგებენ. ამ მიმართულებით სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია სოჭის გირჩის სარგებლობის ლიცენზიის გაცემა. აუქციონი მიმდინარე წლის აგვისტოში ჩატარდა და ლიცენზიები 5 და 10 წლის ვადით გაიცა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონის წესით, სოჭის გირჩის სარგებლობის ლიცენზიები რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და გურიის რეგიონებში  გაიცა. საქართველოდან გირჩის თესლი, საახალწლო ნაძვის ხეების წარმოების მიზნით, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იგზავნება.

"აღნიშნული აუქციონის შედეგად, 20 ლოტზე 215 ტონა სოჭის გირჩის რესურსის რეალიზაცია განხორციელდა. სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ 1 630 056 ლარი შეადგინა.

გაცემული ლიცენზიის პირობის თანახმად, სოჭის გირჩის თესლის კვოტის სრული ათვისება და ექსპორტზე გატანა მოხდება, რაც ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ხელს შეუწყობს,“ - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

უფრო ვრცლად, თუ რა შეიცვლება ამიერიდან და რას გეგმავს მთავრობა სოჭის გირჩის წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით,  რა ღირს პროდუქტი უცხოურ ბაზრებზე და რა ხელშემწყობი ღონისძიებები იგეგმება სამომავლოდ, ,,რეზონანსთან" გარემოს ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ დეკანოიძემ ისაუბრა.

,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩის მოპოვება და აქედან თესლის მიღებისთვის საჭიროა ლიცენზიის ქონა ტყის ფონდის ტერიტორიაზე. გამცემი უწყებაა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო. აუქციონი მიმდინარე წლის აგვისტოში ჩატარდა. გაიცა ლიცენზიები 5 და 10 წლით, ძირითადი ლოკაციებია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორია, ასევე სამჯხე-ჯავახეთის მხარე, ერთიც გურიაშია.

სოჭის გირჩის მოპოვების საერთო მოცულობა ყოველწლიურად 200 ტონის ფარგლებშია. ლიცენზიანტები კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლებენ, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, მათთვის ეს შემოსავლის წყაროა და ბიუჯეტშიც გადახდილი იქნება მოსაკრებელი, 1 კგ-ზე - 60 თეთრი, საბოლოო ჯამში 120 000 ლარზეა საუბარი, რომელიც ბიუჯეტში შევა", -  აღნიშნა დეკანოიძემ და დასძინა, რომ სამომავლოდ იგეგმება სალიოცენზიო პირობების დახვეწა და ახალი პროგრამის შემუშავება, რის ფარგლებშიც ნერგების გამოყვანა უკვე ადგილზე მოხდება და მზა პროდუქტი გავა ექსპორტზე.

,,ერთ-ერთი პირობაა, რომ პროგრამის ფარგლებში 10 000 ცალი ნერგისთვის საჭირო თესლი უნდა გამოყოს თითო ლიცენზიანტმა უსასყიდლოდ და ესეც დამატებითი სარგებელი იქნება. ჯერჯერობით  ბიზნესთანაც ვმუშაობთ, გაისად პროექტზე მუშაობა დასრულდება. ბევრი რამ ლიცენზიანტებზეც იქნება დამოკიდებული, რომ პირობები ყველასთვის იყოს მიმზიდველი და სახელმწიფომ  წარმატებით მოახდინოს პროგრამის უზრუნველყოფა.

სწორი და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელია, რომ არა მხოლოდ ადგილზე მოხდეს ტყის გაშენება, არამედ საექსპორტოდაც გავიტანოთ ქართული ჯიშის ნერგები, რომელიც ასე პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ჩვენთვის სოჭის გირჩი  ჯერჯერობით ნაკლებად მოთხოვნადია, უფრო მაინც ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი პროდუქციაა. საახალწლო ნაძვების ბაზრის დაახლოებით 80% ქართული თესლისგან გამოყვანილი ნერგებია.

რაც შეეხება ფასებს, ლიცენზიის გაცემამ, არ მგონია, ამ მხრივ არსებითი გავლენა იქონიოს. კიდევ თუ გაიზრდება ინტერესი, რესურსი საკმარისზე მეტია. ქვეყნების მიხედვით, გირჩის თესლის მინიმალური ფასი 50 დოლარია და 120 დოლარამდე მატულობს.

სეზონი გაგრძელდება ნოემბრამდე და შემდეგ უკვე დამუშავებისა და შენახვის ეტაპზე გადავა,  წლის ბოლოდან კი პროდუქტი ექსპორტზე გაიგზავნება", - განაცხადა "რეზონანსთან" ზურაბ დეკანოიძემ.

გირჩის თესლის შეგროვება აქაურებისთვის უკვე დიდი ხანია, შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გირჩის "რთველის" მიმართ მოსახლეობაში განსაკუთრებული მოლოდინია. ეს სეზონური დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობაა, რითაც რეგიონი განებივრებული არ არის.

ამბროლაური მუნიციპალიტეტის სოფელ გორისუბნის მკვიდრი ლაშა მდივნიშვილი  ამბობს, რომ მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაიკრიფა და დამზადების პროცესშია, თუმცა სავარაუდო მოცულობას ის ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

,,გირჩის მოსავლის აღებაში რამდენიმე სოფელი ვმონაწილეობთ, ხალხი საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც არის ჩამოსული. გირჩის "რთველი" ბევრ ადამიანს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. ლიცენზიის გაცემა ამ მხრივ მეტ შესაძლებლობას გააჩენს, ბაზარიც უფრო მოწესრიგებული გახდება, დანარჩენს სეზონის ბოლოს ვნახავთ.

მოსავალი ჯერ დამუშავების პროცესშია, რის გამოც მისი სავარაუდო რაოდენობა არ ვიცით. შარშანდელზე ნაკლებია, მაგრამ შარშანწინდელზე – მეტი, ასეა მეწლეობიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. რთულად შესასრულებელი სამუშაოა. 40 მ სიმაღლეზე გვიწევს ასვლა და გირჩის კრეფა, მარტივი არ არის. მთავარია, უსაფრთხოების ზომები დაცულია და რისკიც ნაკლებია.

წლების წინ ჩვენი სოფლიდან ათობით ადამიანი ჩადიოდა თლუღში გირჩის საკრეფად. ახლა სულ 2 კაცი ვართ, ვინც იქ დასაქმება შეძლო, თუმცა ახლო-მახლო სოფლების მოსახლეობისთვის ეს გაცილებით ადვილია”, – აღნიშნა  ლაშა მდივნიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპაში გირჩს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. დანიამ, მაგალითად, ამ თესლით მთელ ევროპაში საახალწლო ნაძვის ხეების ბიზნესი დაიწყო. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ჩვენებური სოჭის თესლიდან ხე 7-8 წელიწადში იზრდება. მწიფე გირჩაში დაახლოებით 25 ცალი თესლია.

ზოგიერთ ქვეყანაში გირჩის თესლს პარფიუმერიასა და კულინარიაში იყენებენ, თუმცა ძირითადად მაინც რაჭიდან გირჩი ევროპელების საყვარელი ნაძვის ხეების გასამრავლებლად გააქვთ და ნერგები ევროპაშიც გამოყავთ.

ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 80-90% საქართველოდან გატანილი სათესლე მასალითაა მოყვანილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×