მეპურეემა პირობა შეასრულეს, მაღაზიების მეპატრონეებმა - არა! კონტროლის მექანიზმი კი არ არსებობს
ქეთო გოგოხია
03.10.2022

ფქვილის  ფასი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ  დედაქალაქში პურის გაიაფებაზე არავინ ფიქრობს. მაღაზიებში მთავარი სოციალური პროდუქტი 50-60-თეთრიანი ფასნამატით იყიდება. ორმა ქარხანამ პური 10 თეთრით გააიაფა, თუმცა სავაჭრო ობიექტებში მათი ნაწარმი ისევ ძველ ფასად - 1,20 ლარად - იყიდება, როცა რალურად 1,10 ლარი უნდა ღირდეს.  მწარმოებლები კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა მომხმარებელტა უფლებადამცეველების ინფორმაციით, რეალურად არ ჰყავს ქვეყანას ისეთი სტრუქტურა, რომელიც მაღაზიებს ფასის შეცვლას აიძულებს.

ამასობაში მომხმარებლის ინტერესები ზარალდება და ბაზარზე მომხდარი ცვლილებით მოსახლეობა ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს. სავაჭრო სექტორი მეპურეებისგან პურს შემცირებული ფასით იღებს, ხოლო სხვაობა ბიზნესის ჯიბეში მიდის. როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" დაუდასტურა, მეპურეებმა პირობა შეასრულეს და პური გააიაფეს, თუმცა ამით მხოლოდ სავაჭრო ობიექტებმა იხეირეს და ხალხმა დაპირებული შეღავათი ვერ მიიღო.

ირკვევა, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართველოში 1 ტომარა ფქვილის ფასი 13 ლარით დაეცა. ახლა ყველა პირობაა, რომ მაღაზიებში პური 10 თეთრით იაფი ღირდეს, მაგრამ ასე არ არის, ბიზნესი მოსახლეობის ხარჯზე საუკუთარ მოგებას ზრდის.

,,ქსელური მაღაზიების ძალიან მცირე ნაწილმა პურის ღირებულება 10 თეთრით ნამდვილად შეამცირა. თუმცა მაღაზიები დიდმა უმეტესობამ, გაზრდილი სხვაობა თვითონ ჩაიდეს ჯიბეში. მეპურეემა პირნათლად შეასრულეს თავიანთი პირობა, მაღაზიების მეპატრონეებმა - არა! ადრე იყო ასეთი ფასნამატი, რომ მაღაზიას შეეძლო ღირებულების 5% დაემატებინა, ახლა ბაზრის ლიბერალიზაციის პირობებში, ვისაც რამდენიც უნდა, იმდენს ამატებს.

სუპერმარკეტებს არ დავასახელებ, არ მინდა მწარმოებლებსა და მაღაზიებს შორის დავძაბო სიტუაცია, მაგრამ 50-60-თეთრიანი ფასნამატით ყიდიან. აბა, მიუთითონ დახლებზე მოწოდების და გაყიდვის ფასები, მაგრამ ამას არავინ გააკეთებს, რადგან ყველა დაინახავს სიმართლეს", - განაცხადა დოლიძემ.

არსებულ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია გამონაკლისი დაუშვან და პურის ფასის რეგულირების მექანიზმი შემუშავდეს. საჭირო თუ გახდა, მერიის ჩართვით თვითღირებულებით უნდა მოხდეს პურის რეალიზაცია, რისი პრეცენდენტიც რამდენიმე ქვეყანაშია.

,,დღესდღეობით ყველაზე გამჭვირვალე არის პურის ფასი, ვინაიდან ყველამ იცის რა ღირს ფქვილი, წყალი, დენი. შესაბამისად, თვალნათელია რა დიდ მოგებაზე გადის სავაჭრო ბიზნესი. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და აუცილებლად მოუწევთ ფასის შემცირება. მით უმეტეს, ყაზახეთის ხორბალი თუ შემოვა, ფქვილი უფრო გაიაფდება.

უკიდურეს სიტუაციაში, ზომები უნდა იქნას მიღებული სახელმწიფოს მიერ. არის ამის რამდენიმე მეგალითი. უნდა გამოიყოს ადგილები, სტრატეგიულ ობიექტებთან, სადაც ხალხი მოძრაობს და მისცენ საშუალება თვითღირებულებით გაყიდონ პური, როგორც ზოგიერთი ქვეყნები იქცევიან.

მაპატიეთ, რომ რუსეთზე მიწევს საუბარი, მაგრამ პურის ფასთან დაკავშირებით ამ ქვეყნის პოლიტიკა ნამდვილად საყურადღებოა. მაგალითად, მოსკოვში პურის  ქარხნების წარმომადგენლები პროდუქტს მეტროების სიახლოვეს  თვითღირებულებით ყიდიან, რის ვალდებულებაც მათ მერიისგან აქვთ. სხვა ქვეყნებშიც არის ასეთი პრეცენდენტები.

რაღაც ზომები ჩვენთანაც უნდა იქნას მიღებული, თორემ მოსახლეობა ზარალდება. ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა რაიონებში, სადაც გაზის ტარიფი 1,10 ლარს შეადგენს, როცა დედაქალაქში 1,38 ღირს. 1,10 თეთრად ხორბალს იღებენ კახეთში და ამ ფასად თუ პური იყიდება, ძალიან დიდი შეღავათია", - განუცხადა დოლიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

პურის მაღაზიების წარმომადგენელთა ნაწილი ჯერჯერობით პროდუქტს ვერ აიაფებს, მიუხედავად იმსია, რომ ფქვილი იაფდება. მეპურეების ინფორმაციით, ბაზაზე ჯერ კდიევ არასტაბილურობა და ნეგატიური მოლოდინია, რის გამოც პურის გაიაფებისგან თავს იკავებენ. ,,თემქის პურის" დირექტორის დალი კუპატაძის თქმით, თითო პურს 1 ლარად ყიდის ქსელში და ამაზე მეტად ფასს ვერ შეეხება.

,,ახლა რუსეთიდან ცოტა ჭირს შემოტანა. ასე ხელის ერთი მოსმით ფასებს ვერ. გარდა ამსია, უკეთესობის მოლოდინი არ გვაქვს, ყველგან არასტაბილურობა იგრძნობა. არ გამოვრიცხავთ, რომ 2 კვირის შემდეგ ფქვილი ისევ გაძვირდეს, თუკი ვინმემ შეამცირა, შეიძლება ეს წონის ხარჯზე მოხდა.

როცა სტაბილურობა იქნება და ამაში დავრწმუნდებით, კიდევ 10 თეთრით ნამდვილად შეიძლება პურის ღირებულების შემცირება. გააიაფონ და ისევ გააძვირონ, ასე მარტივი არ არის. პურს 1 ლარად ვყიდი, ამაზე მეტს ჯერჯერობით ვერაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა კუპატაძემ.

ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" მოხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია ,,ეტიკის" ხელმძღვანელმა ამირან შენგელიამ. იგი ადასტურებს, რომ პური უნდა გაიაფდეს, მაგრამ ქვეყანაში არ არსებობს სტრუქურა, რომელიც ბიზნესს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს და გააკონტროლებს კიდეც. ამით ქსელური მარკეტების წარმომადგენლები სარგებლობენ და ძარცვავენ ხალხს.

,,დღეს პური 10 თეთრით იაფად ყველგან უნდა იყიდებოდეს. ითქვა კიდეც, მწარმოებლებმა დააანონსეს, რომ გაიაფდა პური, მაგრამ რეალურად ისევ 1,20 თეთრს ვიხდით. ფასი არსად შეცვლილა. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ მაღაზიებში პური შედის იაფად, მაგრამ ხალხი მაინც ძველ ფასად ყიდულობს. მოსახლეობის კეთილდღეობაზე არავინ ფიქრობს. როცა რომელიმე ბიზნესსუბიექტს ეკითხები, რატომ ყიდის ძვირად, გპასუხობს -  სხვას არ გაუიაფებიაო, ყველა ერთმანეთს უყურებს.

როცა კანონი ვერაფერს აკეთებს, რეკლამა უნდა ,,საუბრობდეს" მეტს. მასობრივად უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, რომ ,,პური გაიაფდა ხალხო, მიაქციეთ ყურადღება". მოსახლეობაც მოითხოვს, როცა სხვა გამოსავალი არ დარჩება. ფასზე კონტროლი არ არის ჩვენს კანონმდებლობაში. ბენზინი იაფდება ყველგან, აქ ძვირდება. ვინ უნდა მიაქციოს ყუირადრება, ისევ ჩვენ - მომხმარებლებმა.

სახელმწიფომ გააკეთა ის, რომ 10 თეთრით გაიაფებულიყო პური, რაც დიდი შეღავათია. რეალურად კი არ გაიაფდა, ისიც კი არ ვიცით, ვინ უნდა აგოს პასუხი  და ვინ გააკონტროლოს, ამას ვერავინ გეტყვით. არანაირი საკანონდმებლო ბაზა არ გვაქვს", - აღნიშნა ამირან შენგელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×