ვის რამდენი დაენიშნება იანვრიდან და იგრძნობენ თუ არა შეღავათს პენსიონერები?
თიკა სიბოშვილი
03.10.2022

საქართველოში მომავალი წლიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობას პენსია გაეზრდება. ბოლო პერიოდში დახმარება მუდმივად მატულობდა - სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფისთვის სხვადასხვა რაოდენობით. ამჯერად ზრდა წინა წლებისგან განსხვავებით უფრო სოლიდურია. 2023 წლიდან 70 წლამდე პენსიონერები 295 ლარს მიიღებენ, ხოლო სხვები კიდევ უფრო მეტს. საინტერესოა, იქნება თუ არა ეს მატება ინფლაციის საპირწონე?

ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში პენსია მუდმივად იზრდებოდა, თუმცა წლიური ბიჯის მაქსიმალური ოდენობა 20 ლარს შეადგენდა. ახლა კი ყველაზე დიდი მატება იგეგმება და საპენსიო ასაკის მოსახლეობას 35 ლარი დაემატება, რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა.

2023 წლის ბიუჯეტის პროექში გაწერილია, რომ პენსია 35 ლარით გაიზრდება და 70 წლამდე პენსიონერები 295 ლარს მიიღებენ. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ბიუჯეტის პროექტით ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია, მათ შორის პენსიის ზრდა.

კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 65 ლარით. შედეგად, პენსია განისაზღვრება 365 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება.

70 წლამდე პირთა პენსია კი იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 295 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება.

საქართველომ 2022 წელს რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ზარალზე მეტი სარგებელი მიიღო და შესაძლოა, ზუსტად ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მთავრობის მხრიდან მოსახლეობის მხარდაჭერა იზრდება. ამ პირობებშიც კი უკვე შესაძლებელია იმის თქმა, რომ ნამატი პენსია ინფლაციას  "გადაუსწრებს".

როგორც, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს პენსიის ზრდის ტემპი ინფლაციის ტემპს აშკარად აღემატება.

„ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების მიხედვით ინფლაცია 2023 წლისთვის იქნება 6%-ის ფარგლებში. ამიტომ შემოსავლების სიდიდე 2023 წელს იქნება გაცილებით მეტი, ინფლაციის ტემპტან შედარებით, ანუ რეალურ განზომილებაში პენსიების მსყიდველობით უნარიანობა უნდა გაიზარდოს.

ეს არა მარტო, პენსიებს შეეხება. 2023 წელს შემოსავლები და საშუალო ხელფასი, სოციალური დანიშნულების სახელმწიფო ხარჯების მოცულობა უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე ინფლაციის სავარაუდო ტემპია, ამიტომაც რეალურ განზომილებაში მოსახლეობის კეთილდღეობა და მისი ცალკეული კომპონენტები, რეალური ხელფასი, პენსის მსყიდველუნარიანობა და სხვა კომპონენტები ხარისხობრივ გაუმჯობესებას აჩვენებენ. ტრენდი კი, ცალსახად პოზიტიურია“, - აღნიშნა არჩვაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

პენსიის ზრდა, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა საინტერესო ის არის რამდენად დიდ შეღავათს მისცემს დანამატი საპენსიო ასაკის მოსახლეობას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ კატეგორიის ხარჯები საკმაოდ დიდია, რადგან ხანდაზმულ ადამიანებს სჭირდებათ მედიკამენტები, სრულფასოვანი კვება, რომლებიც ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაძვირებულია. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ახლა თუ არა სამომავლოდ მაინც პენსიის მოცულობა მიახლოებული ხარჯებისთვის მაინც იყოს საკმარისი.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძისთვის რთული სათქმელია რამდენად საკმარისი იქნება თუნდაც გაზრდილი პენსია ასაკოვანი კატეგორიისთვის, თუმცა ის ფაქტი, რომ მატება ამჯერად თვალში საცემია, ძალიან საყურადღებოა.

„პენსია, პენსიონერს ეყოფა თუ არა რთული სათქმელია და ამაზე საუბარი მუდმივად იქნება, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ დინამიკა, მატების ტემპი. ეს მომავალშიც თუ ასე გაგრძელდება, უკვე ძალიან დადებითი ტენდენცია იქნება.

პენსია გაცილებით მეტი, რომ იყოს მაშინაც რთული იქნება საკმარისობაზე საუბარი, თუმცა არსებულთან შედარებით, ზრდის დინამიკა აშკარად დადებითია და გაზრდილი რაოდენობა, რომ უკეთესი ყველასთვის გარკვეული შეღავათის მომტიანი იქნება, ეს უდავოფაქტია“, - აღნიშნა სილაგაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ქვეყანაში საპენსიო ასაკის მოსახლეობა საკმაოდ დიდია, რის გამოც ერთბაშად პრობლემიც მოგვარება მარტივი არ არის.

„მატება მომავალშიც  რომ გაგრძლდეს, რა თქმა უნდა, მოსაწონია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იგეგმება ინფლაციის შემცირება, რაც ნიშნავს ფასების არა იმ ტემპით ზრდას, როგორსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი. ამის გათვალისწინებით პენსიონერების ყოფა შედარებით უკეთესი იქნება, ვიდრე ახლაა, მაგრამ ისევ არასაკმარისი იქნბა. ამიტომაც მომავალშიც უნდა გადაიდგას ნაბიჯები, თუმცა მთავარია, რომ მთავრობა მონდომებულია.

ჩვენი ქვეყნიდან სამუშაო ძალის ძალიან დიდი ნაკადი გადის უცხოეთში, იმავდროულად მუდმივად მატულობს საპენსიო ასაკისა და შემწეობის იმედად მყოფი მოსახლეობის რაოდენობა. ამიტომაც ასე ერთბაშად პრობლემის მოგვარება შეუძლებლად მეჩვენება. ჩვენი ეკონომიკის პირობებში, ამის რესურსი ჯერ არ არსებობს“, - აღნიშნა აკადემიკოსმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×