,,თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ აბონენტებთან წელიწადში 2-3-ჯერ შედიან, მაგრამ ეს მართალი არ არის“
ქეთო გოგოხია
24.10.2022

გათბობის სისტემის გაუმართაობა წელსაც დიდ პრობელმად რჩება. უსაფრთხოების მხრივ ქვეყანას კიდევ ერთი მძიმე ზამთარი ელის. წელს სიტუაცია შეიძლება უფრო მეტად დამძიმდეს და რისკი. არის შემთხვევები, როცა გაზის ქსელიდან ჩაჭრილ მოწყობილობებს მოქალაქეები თვითნებურად აერთებენ, რის გამოც ხალხი იწამლება.

სახლებში გათბობა ჯერ კიდევ არ არის ჩართული და გაზის აფეთქებამ ერთი ადამიანი უკვე იმსხვერპლა. არ არის გამორიცხული, მდგომარეობა დამძიმდეს, რადგან შენობებში არც დეტექტორებია დაყენებული და სათანადოდ არც უსაფრთხოების სისტემა არის შემოწმებული.

სპეციალისტების აზრით, წელს რისკი კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან არაფერი კეთდება და არსებული გაყვანილობის სისტემა უფრო და უფრო ძველდება. გაზგამანაწილებელი კომპანია შემოწმების მეტს, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს. ისიც მხოლოდ ზოგ შემთხვევაში, მილები რეალურად არ ახლდება და არც უსაფრთხოების ზომებია გატარებული.

გაზის მეურნეობის სპეციალისტის ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლის სოსო სიმონიშვილის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ გამათბობლების ხარისხი არ მოწმდება, არც ხალხი ინტერესდება ტექნიკის გამართულობით და ასეთ არასწორ დამოკიდებულებას მოქალაქეები ეწირებიან.

,,თავის დროზე ,,ყაზტრანსგაზმა“, შემდეგ უკვე ,,თბილისი ენერჯიმ“, შეიმუშავეს მუშაობის ისეთი მოდელი, რომ საერთოდ არ ჰქონდეს შეხება მომხმარებელთან. კარს იქით არის აბონენტის ტერიტორია, სადაც გაზის თანამშრომელი არ შედის. ამან კომპანიას საშუალება მისცა, რომ კადრების დიდი ნაწილი გაეთავისუფლებინა. სანამ უბედურება არ მოხდება, გაზის სპეციალისტები ოჯახებში არ შედიან.  ადრე ამ დანიშნულებას ასრულებდა ინკასატორი, ამათ მრიცხველები გამოიტანეს გარეთ, აბონენტთან კომუნიკაცია ფაქტობრივად არ არის. 

მთელ ქალაქში გათბობის სეზონის წინ გეგმური შემოწმება აუცილებლად უნდა კეთდებოდეს. სახლებში უნდა მივიდეს ტექნიკური მუშაკი და შემოწმდეს, გათბობის რა საშუალებას იყენებენ და რამდენად უსაფრთხოა. მართალია, ,,თბილისი ენერჯის“  წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ აბონენტებთან წელიწადში 2-3-ჯერ შედიან, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის“, - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს" სიმონიშვილმა.

წელს დიდი ალბათობაა, რომ CO-თი მოწამვლის ფაქტები გახშირდეს. რაც შეეხება პრევენციის ზომებს, სპეციალისტის აზრით, კონტროლი გასაძლიერებელია, თუმცა ბევრი რამ ასევე მომხმარებლის ქცევაზეა დამოკიდებული, რომ უსაფრთხოების ნორმები დაიცვას. 

„გაზს რომ გაიყვანს ოჯახი, ტექნიკური მუშაკი უნდა მივიდეს და დაათვალიეროს, რამდენად უსაფრთხო გარემოა. ოჯახში აარჩიოს ერთი წევრი, ვინც ტექნიკურად უფრო ინფორმირებულია, ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს, მისცეს კონტაქტები და ჩააბაროს გაზის სისტემა, ამასთან, მუდმივად იყოს კონტაქტში.

2008 წელს კორუფციის საბაბით ატყდა სკანდალი დააპატიმრეს ათობით ადამიანი, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მთელი სისტემა, როგორც ხდებოდა იმ პერიოდში. შეიძლება კორუფცია იყო, მაგრამ ყველა რომ დააპატიმრო და სამსახური გააუქმო, არაფერი აღარ დარჩება. იმან გამოიწვია, რომ 2008 წელს გაუქმდა კანონი ,,ტექნიკური უსაფრთხოების შესახებ“, ამ კანონის აღმასრულებელი ორგანიზაცია და შედეგად მივიღეთ ის მოცემულობა, როცა ყველას შეუძლია, რაც უნდა ის გააკეთოს. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც უბედური შემთხვევები გახშირდა.

ხალხს ისღა დარჩენია გაზის დეტექტორები თვითონ იყიდოს. სავენტილაციო და გაზის სისტემები შეამოწმოს წინასწარ. ბინებში ფანჯარას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სარკმელი და არასდროს არ უნდა იხურებოდეს. ასეთ შემთხვევაში რომც საერთოდ გადაიხსნას მილი, არც მოწამვლა მოხდება და არც - აფეთქება, მთავარია, ოთახი ნიავდებოდეს“, - აღნიშნა სიმონიშვილმა.

ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული  უბედური შემთხვევების გახშირებაზე გაამახვილა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ყურადღება ინჟინერმა, გაზის ხარისხის ექსპერტმა სიმონ ბარამიძემ.

,,გაზის შემადგენლობაში ჟანგბადის კონცენტრაცია 8%-ს რომ მიაღწევს, უკვე ფეთქებადსაშიშია. ერთხანს გავიძახოდი და ახლაც იმ პოზიციაზე ვარ, რომ ბუნებრივ აირში უნდა შეურიონ ოდორანტი, რომელიც სპეციფიკური სუნის მქონეა. 64 გრამი საკმარისია 1000 კუბ/მ აირში. მთელი გაზგასამართი სადგური მოსახლეობის ქსელზე დაჯდა და ამიტომ ახლა ოდორანტს ვერ გაურევენ, არადა მისი გაშვება აუცილებლია, რათა სუნი ვიგრძნოთ იმ შემთხვევაში, თუ გაზი იპარება სისტემიდან.

ჩვენ ისედაც დაბალი ხარისხის გაზი მოგვეწოდება, გაუფილტრავი, დაუმუშავებელი აირი. რაც შემოდიოდა რუსეთიდან, სტანდარტთან სულ თანხვედრაში იყო - 1 კუბ/მ გაზის წვისგან 9 კვტ/სთ ელექტროენერგიას ვიღებდით. ახლა ეს მაჩვენებელი 6 კვტ/სთ-ს შეადგენს, ვინაიდან გაზი არ სუფთავდება.

სერიოზული  რისკის ზონებია მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით ძველ სახლებში, სადაც კუსტარულად მოწყობილი დანადგარებია და ასეთ პირობებში ოდორანტის შერევა გაზში აუცილებელია. ამასთან, კონტროლი მაქსიმალურად არის გასამკაცრებელი, მაგრამ ჯერჯერობით ამ მხრივ სიტუაცია არ იცვლება, რამაც შეიძლება მძიმე შედეგი გამოიწვიოს", - განუცხადა სიმონ ბარამიძემ "ბიზნეს-რეზონანსს".

გაზის მოხმარების კუთხით არსებულ რისკებზე ისაუბრა ამ რამდენიმე დღის წინ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა. შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან კუსტარულად იყოს დამონტაჟებული. მაგალითად, ასეთია ღია წვის წყლის გამაცხელებელი, რომლის ნამწვი ბინაში არ უნდა დაგროვდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×