გვანცა წულაია
25.10.2022

საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს შედარებით ნაკლებად გაიზრდება. ამის მიზეზი სხვადასხვა ქვეყნებში მოსალოდნელი რეცესიაა. ეკონომიკური პრობლემები უკვე დაწყებულია და მისი უფრო მეტად გამწვავებაა ნავარაუდევი როგორც რეგიონში, ისე ევროპის სახელმწიფოებში. ამიტომ საქართველოს ეკონომიკას 2023 წელს ისეთი ტემპით ვეღარ განვითარდება როგორც ეს ბოლო ორი წელი გრძელდება. ასეთი მოლოდინი აქვს სპეციალისტების ერთ ნაწილს, თუმცა არის საპირისპირო მოსაზრებაც - გლობალური რეცესიის მიუხედავად, საქართველოში მშპ იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე მიმდინარე ეტაპზე არის პროგნოზირებული.

სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების კვლევით დგინდება, რომ საქართველოს ეკონომიკა წელს მინიმუმ 9%-ით გაიზრდება. მაგალითად, 2022 წელს მსოფლიო ბანკი საქართველოში 8.8%-იან მაჩვენებელს მოელის, თუმცა ზრდა შესაძლოა, ამაზე მაღალიც იყოს.

უკვე 2023 წლისთვის კი ეკნომიკური ზდრის შენელებაა მოსალოდნელი, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაწყებული რეცესია გავლენას საქართველოზეც მოახდენს. სწორედ ამაზე საუბრობს კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი, სებასტიან მოლინეუსი და ხაზს უსვამს, რომ ბოლო ორი წელია საქართველოში შთამბეჭდავ ეკონომიკურ ტემპს ხედავს, თუმცა 2023 წელს მისი შენელებაა მოსალოდნელი.

"ბოლო ორი წელია საქართველოში ვხედავთ შთამბეჭდავ ზრდას, წელს ჩვენ 8.8%-იან მაჩვენებელს ვვარაუდობთ, თუმცა ვფიქრობ, უფრო მაღალიც იქნება. უკვე მომდევნო წელს მოსალოდნელია ეკონომიკის შემაფერხებელი ფაქტორების გაძლიერება. ნაწილობრივ ეს დაკავშირებული იქნება ევროპაში ნაწილობრივ რეცესიასთან, ასევე მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელებასთან. საქართველო კი ღია, ლიბერალური და ვაჭრობაზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.

იმ ქვეყნებშიც, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები ჩამოდიან, მოსალოდნელია ეკონომიკური ტემპის შენელება, შესაბამისად, ამანაც შეიძლება მოახდინოს გავლენა 2023 წლის შესაძლებლობებზე”, - განაცხადა მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის შეფასებით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება. რაც შეეხება საზეზობლოს, მომავალ წელს რუსეთში 2.3%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი, აზერბაიჯანში - 2.5%-იანი, თურქეთში - 3%-იანი, სომხეთში კი 3.5%-იან ზრდას ელოდებიან., მსოფლიო ბანკის ჯგუფი არ აკეთებს 2023 წლის პროგნოზს უკრაინისთვის, სადაც წელს ეკონომიკის 35%-იანი ვარდნა არის მოსალოდნელი.

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ნიიჩნევს, რომ გლობალური მასშტაბით ეკონომიკის შემცირება საქართველოზეც აისახება და 2023 წლისთვის ფინანსთა სამინიტროს მიერ პროგნოზირებული 5%-იანი მაჩვენებელი ვერ შესრულდება.

"მსოფლიოში რეცესია უკვე დაწყებულია, თუმცა ასე ოფიციალურად არ არის გაცხადებული, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა დასავლეთის ქვეყნებში, ამერიკაშიც და ევროკავშირიც, რეცესია დაწყებულია, რაც იმას გულისხმობს, რომ ეკონომიკა მცირდება. ეს თუ მსოფლიო კრიზისში გადაიზრდება, და დიდი ალბათობით ასეც მოხდება, რა თქმა უნდა, გავლენას ყველა ქვეყანაზე მოახდენს და მათ შორის, საქართველოზეც.

დიდია იმის ალბათობა, რომ დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, კიდევ უფრო ნაკლები იყოს 2023 წლის ბოლოს. უნდა ითქვას ის, რომ ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის 5% ისედაც დაბალია და ის კიდევ უფრო შემცირდება, როდესაც მსოფლიოში კრიზისი გაღრმავდება”, - განუცხადა ზვიად ხორგუაშვილმა "რეზონანსს”.

გასულ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა და 10.4% შეადგინა. მიმდინარე 2022 წლის 9 თვეში კი, ფაქტობრივი ზრდა 10.3%-ია.

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე მომავალი წლისთვის არ მნიშვნელოვან შემცირებას არ ელის და მიიჩნევს, რომ რეცესიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მომავალ წელსაც განსაკუთრებული მზარდი ტემპით იქნება გამორჩეული.

"პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ის, რომ წელს ველოდებით საკმაოდ დიდ ეკონომიკურ ზრდას. პირველ სამ კვარტალში, სექტემბრის ჩათვლით, გვენება ორნიშნა ზრდა და თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან პირველ სამ კავრტალში ჩვენ გვქონდა 9.3%-იანი ეკონომიკური მაჩვენებელი და შემდეგ მაინც ორნიშნა შედეგზე გავედით, ეს იმას ნიშნავს, რომ 2022 წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ, სავარაუდოდ, 10.4-10.6%-ის ფარგლებში.

რაც შეეხება მომავალ წელს. სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზი არის შედარებით პესიმისტური - 4-4.5%, თუმცა ეს არის კონსერვატორული შეფასება, რომელსაც ორგანიზაციები წინასწარ აკეთებენ ხოლმე. უნდა გავითვალისწონოთ, რომ ამ წლის დასაწყისში იგივე ორგანოზაციების პროგნოზი 2.5-3.5% და შემდეგ მოხდა მისი გადასინჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ რეცესიული ფონი არსებობს მსოფლიო ეკონომიკაში, ვხედავთ, რომ ინფლაცია მომავალი წლისთვის გლობალურ ბაზრებზე არის შემცირებისკენ. საწვავზე, ბუნებრივ აირზე ფასების კლების ტენდენციაა. ამიტომ, მიუხედავა იმისა, რომ გაისადაც, დიდი ალბათობით, იქნება დაძაბულობა, რაც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან, მაინც მგონია, რომ გაცილებით უკეთესი შედეგები დადგება. ვფიქრობ, 4%-ზე უნდა მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება მომავალ წელს.

აქვე აღსაღნიშნავია, იგივე სავალუტო ფონდის 2022-2027 წლების შეფასება, რომლის მიხედვითაც ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა - 5.6%. მე პირადად 2023 წელსს არ ველოდები მნიშვნელოვან უკუსვლას. ეკონომიკა კვლავ მაღალი ზრდის რეჟიმში დარჩება და 2023 წელს 7.5-8.5%-იც რომ გვქონდეს, ესეც ძალიან კარგი მაჩვენებელი იქნება გლობალური გამოწვევების ფონზე”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×