მოსავალი მცირე იყო, თურქეთმაც ექსპორტი აკრძალა და ფასმაც სწრაფად დაიწყო ზრდა
ქეთო გოგოხია
25.10.2022

კარტოფილის ფასმა თითქმის 2 ლარს მიაღწია. ამის მიზეზი დაბალი მოსავლიანობა და თურქეთიდან იმპორტის აკრძალვაა, რამაც ადგილობრის სამომხმარებლო ბაზარს დიდი პრობლემები შექმნა. მეწარმეების ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში ასეთი დაბალი მოსავალი საქართველომ წელს პირველად მიიღო, რის მიზეზიც უამინდობა გახდა.

კარტოფილის ბაზარზე არსებული მდომარეობა სულ ცოტა ხნის წინ "ისთ ფრუტის" ანალიტიკოსებმაც შეაფასეს და დაადასტურეს, რომ  ფასი რეკორდულად არის გაზრდილი და ახლო მომავალში კიდევ მოიმატებს.

ამჟამად კარტოფილის საბითუმო ფასმა საქართველოში რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია - 1 კილოგრამის ღირებულება 1,7 ლარს შეადგენს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, წელს  საკმაოდ დაბალი მოსავლიანობა იყო, ხოლო იმპორტის არარსებობის პირობებში ფასმა ზრდა დაიწყო.

საინტერესოა, რომ წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, საქართველომ 1300 ტონა კარტოფილი შეიძინა, რაც უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში იმპორტის ყველაზე დაბალი მოცულობაა. ოფიციალური მონაცემებით, ივლისიდან სექტემბრამდე იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა. ოქტომბრის მონაცემები კი ჯერ არ განახლებულა.

,,რეზონანსი" შეეცადა კარტოფილის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას უშუალოდ ადგილობრივი მეწარმეებისგან გაცნობოდა. ისინი მოსავლის კლების ფაქტს ადასტურებენ და უარყოფენ მოარულ ინფორმაციას, რომ პროდუქტი ექსპორტის ზრდის გამო გაძვირდა.

ახალქალაქის კარტოფილის ასოციაციის დირექტორის, მეწარმე მახარე მაცუკატოვის თქმით, წელს მოსავლის არნახული კლება შეინიშნება, რაც ფასზეც უარყოფითად აისახა. ამ ეტაპზე ექსპორტი წარმოუდგენელია, რადგან პროდუქტი არ არის რეალურად და ჩვეული მაჩვენებლით ვერც იმპორტი ხორციელდება.

,,წელს ძალიან დაბალი მოსავალია, მიწოდება გართულებულია, არც იმპორტი შემოდის, ყველა გარემოება ფასზე ცუდად აისახება. კარტოფილი ასეთი ძვირი ბოლო წლების განმავლობაში პირველადაა. შარშან კარგი მოასვალი იყო, ექსპორტზეც აქტიურად გადიოდა. წელს ეს წარმოუდგენელია, რომ ახლა ვინმეს ქვეყნიდან გაჰქონდეს კარტოფილი, როცა მარაგი ფიზიკურად არ არის.

არსებულ პრობლემას ვერავის დავაბრალებთ, ძალიან დაბალია მოსავლიანობა კლიმატური პირობების გამო, 50-60%-იანი კლებაა. შარშან ჰექტარზე მოსავალი 25 ტონამდე იყო და წელს ეს მაჩვენებელი 15-17 ტონას არ აღემატება", - უთხრა მახარე მაცუკატოვმა ,,რეზონანსს".

კარტოფილის მოსავალთან დაკავშირებით ანალოგიური მდგომარეობაა ყაზბეგშიც. ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის დირექტორის კახი ჯანუყაშვილის ინფორმაციით, წელს ცუდი მოსავალია, რაც განპირობებულია როგორც უამინდობით, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონითაც.

,,კარტოფილს მეწლეობა ახასიათებს, მაგრამ ეს მიზეზი ახლა ნაკლებად მოსატანია, როცა სხვა უამრავი ფაქტორი მოქმედებს ფასზე. ვისაც სარწყავი სისტემა მოწესრიგებული აქვს, კარგი მოსავალი მიიღო, მაგრამ ასეთი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ძალიან ცოტაა. შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის დაახლოებით 85%-ს ცუდი მოსავალი მოუვიდა", - განაცხადა ჯანუყაშვილმა ,,რეზონანსთან".

დიდი პრობლემა სათესლე მასალის მხრივაც, რამაც მოსავლიანობის კლებაზე ასევე ცუდად იმოქმედა.

,,უამინდობასთან ერთად, კარტოფილის მოსავლიანობის კლებას იწვევს ხარისხიანი სათესლე მასალის დეფიციტიც. მე თუ მკითხავთ, ეს არის მთავარი პრობლემა.  1 ტომარა თესლისგან მიიღება 3-4 ტომარა კარტოფილი, როცა უცხოურის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 14-15 ტომარას შეადგენს. სამწუხაროდ, ხარისხიანი თესლი ძნელად ხელმისაწვდომია ფასის გამო, 1 კილოგრამი 3,50 ლარამდეა, როცა ქართული თესლის ფასი 1 ლარს არ აღემატება. ფასში სხვაობის გამო ფერმერების უმეტესობა ადგილობრივი თესლზე აკეთებს არჩევანს, რაც საბოლოოდ მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზეც აისახება", - განაცხადა ჯანუყაშვილმა.

თურქეთის გარდა, სხვა შედარებით ახლოს მყოფ ქვეყნებს - ბელარუსს, მოლდოვას, პოლონეთს, რუსეთს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს თუ გადავხედავთ, იქ კარტოფილი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, თუმცა იქედან იმპორტი არ ხორციელდება. შესაძლოა, პრობლემა ისაა, რომ ადგილობრივი იმპორტიორები რამდენიმე ქვეყანაზე არიან სპეციალიზირებულნი, როგორც წესი, თურქეთსა და უკრაინაზე.

ჯერჯერობით, თურქეთს აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე საწარმოო პრობლემები, რუსეთი უკრაინასთან ომშია ჩართული. თეორიულად, ეს უკანასკნელი შეიძლებოდა გამხდარიყო საქართველოს პოტენციური მიმწოდებელი, თუმცა ის თავად ყიდულობს ქართულ კარტოფილს.

მართალია, მწარმოებლები ექსპორტის შესაძლებლობას ამ ეტაპზე ნაკლებად ხედავენ, თუმცა წლის დასაწყისში და შემდგომ პერიოდშიც ამ მხრივ მდგომარეობა ნამდვილად სახარბიელო იყო. კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის მონაცემებით, საქართველომ 2022 წლის 4 თვეში 15 291 ტონა ახალი ან შეყინული კარტოფილი გაიტანა ექსპორტზე, რაც წინა წლის 4 თვის მაჩვენებელზე, 5 518 ტონით, ანუ 177%-ით მეტია. კარტოფილის ექსპორტით წელს ქვეყანამ 2.9 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 1.4 მილიონი.

ქვეყნის მთავარი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი და რუსეთია. აზერბაიჯანში ქვეყანამ 1.3 მილიონ დოლარად 10,974 ტონა კარტოფილი გაიტანა, რაც მთლიანი ექსპორტის 72%-ია, რუსეთში კი 1.5 მილიონად 3,568 ტონა კარტოფილი გავიდა - მთლიანი მოცულობის 23%. დანარჩენი 5% საქართველომ უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთსა და ესტონეთში გაყიდა.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის 4 თვეში საქართველომ 2,298 ტონა კარტოფილი შემოიტანა ქვეყნის გარედან, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 6,259 ტონით, ანუ 63.3%-ით ნაკლებია. წელს იმპორტირებულ პროდუქციაში ქვეყანამ 1.36 მილიონი დოლარი გადაიხადა, 2021 წლის 4 თვეში კი - 1.3 მილიონი.

რაც შეეხება  მოხმარების დონეს,   კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP)  ინფორმაციით, საქართველოში კარტოფილი  დაახლოებით 25 000 ჰა ფართობზე ითესება და მისი წლიური მოხმარება  ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 55 კგ–ს შეადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×