"5 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც რომ ვერ "მოარტყამ" პროგნოზს, უნდა მიხვდე, რომ სადღაც სხვაგან ხარ"
გვანცა წულაია
26.10.2022

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან (3%) დაახლოება ამჯერად მომავალი წლის ბოლოსთვის გადადო. ასეთია ქვეყნის ცენტრალური ბანკის ბოლო პროგნოზი, რომელიც არასდროს მართლდება. წესით ინფლაციას 2022 წლის ბოლოდან უნდა დაეწყო შემცირება, თუმცა ამ დაპირებას შესრულება არ უწერია. პირიქით, მაჩვენებელი გაიზარდა და სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს ამჟამინდელზე უარესი ვითარება გვექნება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ახალი პროგნოზის მიხედვით, 2023 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია სამიზნე 3%-ს უნდა დაუახლოვდეს, 2022 წლის ბოლომდე კი მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. შესაბამისად, სებ-მა გუშინ გამართულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე შეინარჩუნა.

ეროვნული ბანკი საკუთარ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ სექტემბერში 11.5%-მდე გაზრდილი ინფლაციის ფონზე, გამკაცრებული რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნება მიზანშეწონილია.

"სხვა თანაბარ პირობებში, წლის ბოლომდე ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება, თუმცა ეტაპობრივ შემცირებას გააგრძელებს და 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. არსებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება და, სამომავლოდ, მისი ნორმალიზება ეტაპობრივად და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი ექნება.

მეორე მხრივ, ინფლაციური მოლოდინის გაზრდის ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს აუცილებელი. მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ასარიდებლად, საჭიროების მიხედვით, ეროვნული ბანკი დამატებით ინსტრუმენტებსაც გამოიყენებს," - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე ჯერ კიდევ 30 მარტს გაზარდა. ორნიშნა ინფლაციის პირობებში მონეტარული პოლიტიკა ისევ მაღალ მაჩვენებელზე რჩება. უკვე მეორე წელია, რაც ქვეყანაში ფასები კატასტროფულად იზრდება და მისი შეჩერება ვერაფრით ხერხდება.

როგორც სტატისტიკოსმა გივი მომცელიძემ განაცხადა, გვენეტაძის უწყების პოზიცია ალბათ იმის მანიშნებელია, რომ ინფლაციური წნეხი ჯერ გაგრძელდება და არც ის იქნება გასაკვირი, თუ 2023 წლის მეორე კვარტალიდან ინფლაცია არ შემცირდება, პირიქით, შეიძლება გაიზარდოს კიდეც.

"რთული ვითარებაა მთელ მსოფლიოში. ზოგადად, ამ დროს პროგნოზის გაკეთება ძალიან უმადური საქმეა, მაგრამ რაღაც ხომ უნდა თქვან, მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც. ბიზნესმა უნდა იცოდეს, როგორი მოლოდინი არსებობს და გარკვეულწილად სებ-იც ამას აკეთებს, თუმცა ძალიან იშვიათად მართლდება. სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ და სულაც არ გამიკვირდება, რომ 2023 წლის მეორე კვარტალიდან არ შემცირდეს ინფლაცია, პირიქით, გაიზარდოს კიდევაც.

მათი მოვალობაა პროგნოზები აკეთონ, რომელიც ფუჭ წინასწარმეტყველებას უფრო ჰგავს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მარტო მათი ანალიტიკოსების ბრალი არ არის, მსოფლიო არის ასეთ ვითარებაში. ძნელია თქმა, 5 თვეში პუტინს რა მოუვა თავში, რას გააკეთებს, რომლის იდიოტური საქციელის გამო ინფლაცია შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. ამიტომ ვამბობს, რომ ეს პროგნოზი წინასწარმეტყველებას უფრო ჰგავს, ვიდრე ანალიზსს. დიდ მოთამაშეებზეა დამოკიდებული მთელი მსოფლიო და მათ შორის სებ-ი”, - განაცხადა "რეზონანსთან” მომცელიძემ და დასძინა, რომ სტაბილურ ვითარებაში სებ-ის პროგნოზები გამართლდება და რომ არა რუსეთის უკრაინაში შეჭრა, დიდი ალბათობით, ბოლო პროგნოზი გამართლდებოდა და ინფლაცია მიმდინარე წლის მეორე ნახევარში შემცირებას დაიწყებდა.

"სებ-ს პროგნოზირებად გარემოში, როდესაც ომი და პანდემიური უბედურებები არ არის, შეუძლია საკმაოდ კარგი ანალიზი წარმოადგინოს და ასეც ხდებოდა ადრე. ომი რომ არ დაწყებულიყო, დიდი შანსი იქნებოდა იმისა, რომ მათი ბოლო პროგნოზი გამართლებულიყო და ინფლაცია მიმდინარე წლის მაისიდან შემცირებულიყო”, - განაცხადა გივი მომცელიძემ "რეზონანსთან”.

დღეისთვის ინფლაცია მთელი მსოფლიოს თავის ტკივილია, თუმცა საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ფასების ზრდა განსაკუთრებით შემაშფოთებელია. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ბევრი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს და უმუშევრობა მაღალ ნიშნულზეა, ინფლაცია უდიდეს წნეხად იქცევა. თანაც გაურკვეველია, რა იქნება მომავალში, რადგან სებ-ის პროგნოზზე დაყრდნობა რთულია.

ეროვნული ბანკის ქმედებებს კრიტიკულად აფასებს ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი და აცხადებს, რომ უწყება ისეთ განცხადებებს და პროგნოზებს აკეთებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

"საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაში არაკომპეტენტური ხალხია, რომლებმაც, წლების მანძილზე არაერთხელ შეცდნენ ძალიან სერიოზულად, საკუთარ პროგნოზებში. ვინ დათვლის, ეს რამდენჯერ მოხდა. რამდენიმე თვის წინ სულ სხვა რამეს ამბობდნენ. მათი პროგნოზით 2022 წლის ბოლოს ინფლაცია უკვე 3%-მდე უნდა შემცირებულიყო. შეუძლებელია მათ არარეალურ ვარაუდებზე რაიმე კომენტარის გაკეთება. ისეთ განცხადებებს და პროგნოზებს აკეთებენ, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

მიზეზები არ დაელიათ, ხან თურქეთს აბრალებენ, ხან - ამერიკას, ხან - დიდ ბრიტანეთს. აღარ დამთავრდა გადაბრალებები. ყველასკენ იშვერენ ხელს, საკუთარი თავის გარდა. რეალურად ლარის მართვაშია პრობლემა, ეროვნულ ვალუტას აქვს პრობლემა და არა ის, რომ ხორბალი და ნავთობის ძვირდება თუ არა. მათ საერთოდ ვინმემ დაავალა, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის და ნავთობის გაძვირება ერეგულირებინა? თუმცა, მაინც აგრძელებენ სულელურ პოლიტიკას. როდესაც უპასუხისმგებლო პარლამენტი გვყავს და მათ პასუხს არავინ სთხოვს, ასეც გააგრძელებენ.

კიდევ რამდენი კვარტალით უნდა გადაწიონ პროგნოზი? 5 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც რომ ვერ "მოარტყამ" პროგნოზს, უნდა მიხვდე, რომ სადღაც სხვაგან ხარ და ამდენსაც თუ ვერ ხვდები, მაშინ, აუცილებლად გასადგები ხარ. სხვა რა შეცდომა უნდა დაუშვან, რომ ამას მიხვდნენ, უარესი რაღა უნდა მოხდეს?

დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის 80%-ს წარმოდგენა არ აქვს, რომ ინფლაციაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი. ჩვენ სოციალურად გამართული ქვეყანა არ ვართ, შესაბამისად, ფასების ზრდა ძალიან მძიმედ აისახება გაჭირვებულ ფენაზე, ამიტომ ინფლაცია მათთვის მძიმე შედეგებს იწვევს”, - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა "რეზონანსთან” საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×