მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, წელს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო რთველი ჩატარდა
ქეთო გოგოხია
27.10.2022

რთველი-2022 პრაქტიკულად დასრულებულია. მთავრობამ პირობა შეასრულა და მოსავლის შეუფერხებლად ჩაბარება ყველა მევენახემ შეძლო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი სეზონი ერთ-ერთი საუკეთესოა, რასაც ბიზნესის წარმომადგენლები  და ფერმერებიც ერთხმად ადასტურებენ. მხარდაჭერა საკმაოდ დიდი იყო, აუცილებელი საჭიროების გამო სუბსიდირება წელსაც განხორციელდა და შედეგმაც არ დააყოვნა - ყველა პირობაა, რომ ხარისხიანი წარმოება მოხდეს და გლობალურ ბაზრებზე ქართული ღვინის მიერ დამკვიდრებული ნიშა უფრო მეტად განმტკიცდეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყურძნის მოსავალი ფაქტობრივად, დაბინავებულია. ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით 246 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ყურძნის ძირითადი ნაწილი კერძო სექტორმა ჩაიბარა. დაუფარავად შეიძლება ითქვას, რომ ,,რთველი 2022“-მა წარმატებით ჩაიარა.

„სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას, შესრულებულია. მევენახეების მოსავალი სრულად დაბინავებულია. წლევანდელი რთველი, საბოლოო ჯამში, ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარდა. პროცესი დასასრულს უახლოვდება, მცირე რაოდენობით ყურძენი ჯერ კიდევ იკრიფება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თუმცა რამდენიმე დღეში დამთავრდება. მოსავლის დაბინავება მიმდინარეობს ლეჩხუმის რეგიონშიც.

ძალიან დიდი როლი ითამაშა მთავრობის მიერ დადგენილმა სუბსიდირების სქემამ, რამაც განაპირობა კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა. მეწარმეებმა ბევრად მეტი ყურძენი ჩაიბარეს და გადაამუშავეს, ვიდრე შარშან.

რაჭის მაგალითზე, შეიძლება ვთქვათ, რომ მთლიანად კერძო სექტორში დაბინავდა ყურძენი და სახელმწიფოს საერთოდ არ მოუწია ჩარევა. საბოლოო ჯამში, მოსავალი მთლიანად ჩაბარდა.  რაც იყო მთავარი მიზანი, რომ არ დარჩენილიყო არც ერთი კილოგრამი  ყურძენი ჩაუბარებელი და იმავდროულად, მაქსიმალურად აქტიური ყოფილიყო კერძო სექტორი, შესრულდა, “ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ.

 მანვე იმ გარემოებებზეც გაამახვილა ყურადღება, რამაც წელს რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება განაპირობა.

„ყურძენზე სუბსიდია გაგრძელდა ობიექტური მიზეზების გამო. პირველ რიგში, პოსტპანდემიური პერიოდია. გაზაფხულზე დაიწყო საომარო მოქმედებები იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ჩვენს  ტრადიციულ ბაზრებს წარმოადგენს, რამაც ძალიან დიდი  უარყოფითი გავლენა მოახდინა ექსპორტზე. განსაკუთრებით კი იმ პროდუქტზე, რომელიც თეთრი ყურძნისგან მზადდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ სუბსიდია წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, საბოლოო მიზანია, ფასის სუბსიდირებისგან გავიდეთ და შევიკავოთ თავი,“ - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

მისი ინფორმაციით, გადამუშავებული  1 კილოგრამი რქაწითელის ფასი  საშუალოდ 90 თეთრიდან 1.10 ლარამდე შეადგენდა, ხოლო კომპანიების მიერ მევენახეებისგან შესყიდულ საფერავში, კილოგრამში გადახდილია საშუალოდ 1.40-დან 1.75 ლარამდე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რთველის პერიოდში ხარისხიან ყურძენზე მოთხოვნა არსებობდა.

,,რთველი 2022"-ის შედეგს აფასებენ მეწარმეებიც და აცხადებენ, რომ პროცესი ჩატარდა ორგანიზებულად და ყველა სტანდარტის შესაბამისად, რაც ინდუსტრიას მოეთხოვება.

კომპანია ,,კახურის" დამფუძნებელმა გიორგი ფაშალიშვილმა ,,რეზონანსთან" აღნიშნა, რომ ჩაბარებული ყურძნის ხარისხი წელს საუკეთესოა და  მევენახე ფერმერების მხრიდანაც დიდი აქტიურობაა.

,,ძალიან კარგი სეზონია, ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა ბოლო წლების განმავლობაში, რაც რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში, ორგანიზაციული საკითხი იყო მაღალ დონეზე გადაწყვეტილი, მაქსიმალური ხელშეწყობა გვქონდა პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტს - ღვინის კომპანიებს და ფერმერებსაც. ჩვენ საკუთარი ვენახები გვაქვს სხვადასხვა ადგილ-წარმოშობის მიკრო ზონებში, გარკვეულ რაოდენობას იქიდან ვიღებთ, დანარჩენები კი იმ ფერმერებისგან შევისყიდეთ, რომლებთანაც წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ, ჯამში 3 000 ტონაზე მეტი.

საერთო ჯამში, ყველა მხარე კმაყოფილია. რაოდენობით და ხარისხითაც კარგი   მოსავალია. ამ მხრივ ამინდმაც ძალიან შეგვიწყო ხელი. თუ არ ჩავთვლით ხანმოკლე გვალვას, სხვა დაბრკოლება არ შექმნილა. კარგად ჩაიარა ყველა პროცესმა, რომელიც რთველის წარმატებისთვის არის აუცილებელი. სეზონი საყურადღებოა ასევე იმ ღონისძიებებითაც, რაც მთავრობის მხრიდან მევენახეობის ხელშეწყობის მიმართულებით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ჩაეშვა სუბსიდიაც, რის საშუალებითაც კახეთში გლეხებმა მთელი მოსავლის გაყიდვა უპრობლემოდ შეძლეს, არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩენილა გაუყიდავი. რთველი ჩატარდა ხარისხიანად და იმ ღონისძიებების შესაბამისად, რაც ინდუსტრიას მოგვეთხოვება", - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი ფაშალიშვილმა.

 რაც შეეხება რთველში მონაწილე ფერმერებს, წლევანდელი სეზონის მიღწევით უმეტესობა მათგანი კმაყოფილია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თუკი ვინმეს ხარისხთან დაკავშირებით თუნდაც მცირე პრობლემა ჰქონდა, რეალიზაციის საშუალებით გადაფარეს ისე, რომ დანაკარგი არ აქვთ და შემოსავლების გარკვეული ზრდაც მოახერხეს.

როგორც გურჯაანელმა  მეღვინე ვანო შაქარაშვილმა ,,რეზონანსს“ განუცხადა, შარშანდელზე მეტი მოსავალი მიიღეს.

,,რეგიონში ომი მიმდინარეობს და სტაბილურობის პრობლემა ყოველ მომენტში შეიძლებოდა შეგვქმნოდა. ჩვენ გვაშინებდა რეალიზაცია, მაგრამ, საბოლოოდ, სეზონი ისე დასრულდა, რომ შედეგით ყველა ვართ კმაყოფილი. ცხადია, ყველა ვენახი ერთი ხარისხის არ არის, გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ ამის მიუხედავად გაუყიდავი ყურძენი არავის დარჩენია. ამისთვის მთავრობის მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მივიღეთ. წლევანდელმა მოსავალმა  ყველანაირი ხარჯი გადაფარა და საკმაო სარგებელიც მივიღეთ.

მართალია სტიქიისგან დიდი ზარალი არ არის, მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, მაგრამ სუბსიდიის გარეშე მაინც გაგვიჭირდებოდა. ჯერ პანდემია იყო, შემდეგ ომი, რომელიც ირიბად მაინც შეგვეხო, მეტი ხარჯი გავწიეთ, გაგვიჭირდა, მაგრამ ჯერჯერობით მყარად ვდგავართ. გარშემო არ მეგულება არავინ, ვინც ამ სეზონზე იზარალა.

 12 ტონა მოსავალი მივიღე, შარშანდელთან შედარებით აშკარად მეტია. ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე გავყიდი. 2-3 წელიწადში ახალი მოსავალიც დაემატება და ეს მომცემს შესაძლებლობას, რომ ექსპორტზეც გავიტანო", - უთხრა ,,რეზონანსს" გურჯაანელმა ფერმერმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის კახეთში გადამუშავებულია 246 ათასამდე  ტონა ყურძენი. მოსავალი უკვე დააბინავა 21 ათასზე მეტმა მევენახემ, რომელთა შემოსავალი 246 მლნ ლარს აღწევს.

ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში 255 საწარმო იყო ჩართული.

გადამუშავებული ყურძნიდან 138,5 ათას ტონამდე რქაწითელია,  90 ათას ტონამდე - საფერავი, 5,7 ათას ტონამდე - კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 60 ათასი ტონა, შემდეგია: ყვარელი - 59 ათასი ტონა, თელავი - 44,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 24,1 ათასი ტონა, საგარეჯო - 24 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 11,8 ათასი ტონა, ახმეტა - 11,3ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 8 ათასი ტონა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 1300 -მდე მევენახემ ჩააბარა და მიღებულმა შემოსავალმა 11 მლნ ლარს მიაღწია.

გასული წლების ანალოგიურად, რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის  უზრუნველყოფის სამუშაოებს,  რთველის შტაბი უწევდა კოორდინაციას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×