რატომ გახშირდა გზებზე მანქანების აფეთქება? - სპეციალისტები 2 ძირითად მიზეზს ასახელებენ
ქეთო გოგოხია
27.10.2022

გზებზე ავტომობილების აფეთქების ფაქტები გახშირდა. სპეციალისტები პრობლემას გაზის ბალონების ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირებენ. როგორც აღმოჩნდა, ქვეყნის მასშტაბით გაზზე მომუშავე მანქანების 60%-ზე მეტი აღჭურვილია ამორტიზებული დანადგარებით, რომლის ასაკი 35-40 წელს ითვლის, როცა სტანდარტით გარანტია 15 -წლიანია. კიდევ ერთი ვერსიით, აფეთქების მხრივ ყველაზე დიდი რისკისაა ე.წ. ჩაძირული ავტომობილები, რომელთა უმეტესობა აშშ-დან შემოდის.

ყველაზე მთავარი, რაზეც სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ გაუმართავი მოწყობილობა და კონტროლის შესუსტებაა, რის გამოც საფრთხე მატულობს და მანქანამ მძღოლს ნებისმიერ მომენტში შეიძლება  ფატალურად უმტყუნოს.

შემთხვევები კი საკმაოდ მძიმეა. სულ ახლახან რუსთავში თოდრიას ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა. მანქანა მძღოლის ჩაჯდომისთანავე აფეთქდა. მიზეზი ავტომობილში დამონტაჟებული გაზის აპარატურა აღმოჩნდა.

უფრო ადრე თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილი დაიწვა. ანალოგიური ფაქტები სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირდა ქუთაისსა და ბათუმში, როგორც გაზის ხარისხის ექსპერტმა, ინჟინერმა ნოდარ რამიშვილმა ,,რეზონანსთან" აღნიშნა, პრობლემას ხშირ შემთხვევაში ამორტიზებული გაზის ბალონები იწვევს. ექსპლუატაციაში არსებული ბალონების ასაკი 40 წელი ან მეტიცაა.

,,ხალხი ნათხოვარი ბალონებით გადის ტექინსპექტირებას. აიღებენ საბუთს, მერე ისევ საკუთარ, ამორტიზებულ ბალონს დებენ მანქანაში, რომელსაც ლამის მეხუთედ ფასში ყიდულობენ. თუკი 5 წლის წინ ერთი კონკრეტული მოდელის ბალონი 280 ლარამდე ღირდა, დღეს მისი ფასი 900 ლარს აღწევს. კატასტროფულად არის გაძვირებული. ყველაზე მეტად გამოყენებაშია 35-40 წლის ბალონები, როცა გარანტია 15 წელია. მძღოლების 50-60% და მეტი ამორტიზებული დანადგარით მოძრაობს. წესით, ინსპექტირება ყოველ 3 წელიწადში ხდება, მაგრამ მთლიანოაბში კონტროლი სუსტია", - აღნიშნა ნოდარ რამიშვილმა.

პრობლემა დიდწილად გაზგასამართი სადგურების გაუმართაობასაც უკავშირდება, არის გაზის ხარისხის პრობლემაც, მაგრამ უშუალოდ ამ მიზეზით აფეთქება არ ხდება.

,,დიდი პრობლემაა, რომ ავტოგასამართი სადგურები ყოველგვარი სტანდარტის გარეშეა აშენებული. მანქანებს რიგში არ უნდა უწევდეთ დგომა, როგორც ბენზინის შემთხვევაშია. ბეტონირებული კედლით უნდა იყოს თითოეული სადგომი გამოყოფილი, რომ ერთი მანქანის აფეთქებისას სხვებიც არ დაშავდნენ. სტანდარტის შესაბამსიად იყო გამართული რამდენიმე სადგური გლდანსა და მარნეულში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, დღეს ასეთი რამ დიდი იშვიათობაა. 

რაც შეეხება პროცედურას, მსუბუქი ავტომობილი უნდა იტუმბებოდეს 6-8 წუთის განმავლობაში, დიდი ავტომობილისთვის 10-12 წუთი საკმარისია. დატუმბვისას ჯერ 10 ატმოსფერო უნდა ჩავიდეს ბალონში, მერე  40, 50 და ა.შ, ეტაპობრივად უნდა იზრდებოდეს წნევა, რომ უსაფრთხოება დაცული იყოს. დღეს პირდაპირ მაღალი წნევით იტუმბება მანქანები, რაც ბალონის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზიც შეიძლება გახდეს. საწვავის ხარისხი მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც არ უნდა ცუდი იყოს, აფეთქებას ვერ გამოიწვევს.

საინტერესეოა ფილტრაციის საკითხიც. ძველ ბალონებში ფილტრები უმეტესად მოხსნილია. საერთოდ მოშლილია კონტროლის სისტემა, ამიტომაა ამდენი დარღვევა და შედეგიც ლოგიკურია", - განაცხადა ,,რეზონანსთან" საუბრისას რამიშვილმა.

გაზის ბალონების ტექნიკურ გაუმართაობაზე აკეთებს აქცენტს ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტი, ექსპერტი ელგუჯა ჯამაგიძეც, რომლის ინფორმაციითაც, სიძველესთან ერთად ბალონების პრობლემა ჩაძირული მანქანების იმპორტს უკავშირდება.

,,მანქანების აფეთქებას, ძირითადად, არასწორ მონტაჟი იწვევა. როცა კონტროლი ნებაზეა მიშვებული, არაერთი პრობლემა იჩენს თავს, ასევეა ტრანსპორტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც. გარდა ამისა, მანქანები, რომლებიც ფეთქდება, უმეტესობა აშშ-დან იმპორტირებული, ე.წ. ჩაძირული ტრანსპორტია.

ბალონებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს  ოკეანის წყალი, რომელიც მავთულს ადნობს, ფაქტობრივად ფერფლად აქცევს.  წვიმის წყალი ამ მხრივ ნაკლებად საშიშია, გაშრება და პრობლემას არ იწვევს. თუმცა, თუკი ლითონს ტენიანობა გაუჩნდა, პროცესი გრძელდება, როდის იჩენს საფრთხე თავს, არავინ იცის. განსაკუთრებით ავარიის შემთხვევაში არის  საშიში. შეიძლება, ბალონის პრობლემა უშუალოდ არ არის, მაგრამ დამონტაჟებულმა ელექტროსისტემამ მოახდინოს აფეთქების პროვოცირება. ექსპერტიზის ჩატარების დროს იდება დასკვნა, რომ აფეთქება მოხდა ბალონით, მაგრამ ამაზე შორს არ მიდიან. ბალონამდე რა მექანიკური ზემოქმედება მოხდა, ამაზე არავინ საუბრობს. საფრთხე მასშტაბურია, რომელიც მარტო ჩვენ არ გვეხება, მსოფლიოს არაერთ ქვეყანას აწუხებს. ვიზუალურად მოეწონებათ მანქანა და ჩამოჰყავთ, რა დონეზე იყო დაზიანებული, არავინ კითხულობს", - განაცხადა ჯამაგიძემ ,,რეზონანსთან".

გარდა ამისა, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, თუ მანქანა ქარხნულად გაზზე არ არის ადაპტირებული, რისკი ყოველთვის არსებობს, ამიტომ მძღოლებმა ეს გარემოება აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, როდესაც საქმე ტრანსპორტის უსაფრთხოებას ეხება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×