"მომავალ 3 წელიწადში საქართველოს სერიოზული და სტაბილური შედეგები ექნება"
ქეთო გოგოხია
31.10.2022

საქართველო ეკონომიკური ზრდით არა მარტო რეგიონში, ევროპის მასშტაბითაც ერთ-ერთი საუკეთესოა. მიმდინარე წლის 3 კვარტალის შეჯამებით უტყუარი ხდება, რომ  ორნიშნა მაჩვენებელს წლის ბოლომდე და სავარაუდოდ, მომდევნო წლის პირველ კვარტალშიც შევინარჩუნებთ.

საფუძველი კი საკმაოდ მყარია, კერძოდ, ქვეყანაში 9 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის 10.2%, რითაც რეგიონში მოწინავე პოზიციაზე ვართ. ცნობილია, რომ ამ მხრივ გლობალური მასშტაბით დიდი პრობლემაა, რეგიონში სტაბილური სიტუაცია მხოლოდ სომხეთშია, უკრაინასა და რუსეთში ვარდნაა, თურქეთში - სტაგნაცია. საქართველოს მშპ-ს ზრდის ტემპი ეკონომისტებს აფიქრებთ, რომ ტენდენცია 2023 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდება.

მთავრობის შეფასებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მთელ ევროპაში უპრეცედენტოა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ხაზგასმით ისაუბრა. პრემიერი ირწმუნება, რომ წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებელი გვექნება.

„მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების და დაძაბულობის ფონზე, ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ქვეყანაში. 9 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის 10.2%. ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში. გაზრდილია ექსპორტი -  40%-ით და 9 თვეში ამ მაჩვენებელმა 37.4 % შეადგინა, მიღებული შემოსავალი კი 4 მლრდი აშშ დოლარია.

ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს სწრაფი ტემპებით. თუ შევადარებთ 2019 წელს - 97.5 %-ით არის ტურიზმი აღდგენილი და აქედან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 4.5 მლრდ აშშ დოლარი. არ მინდა პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ და ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ მაჩვენებელს წლის ბოლოსთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელ გარემოებებზე ისაუბრა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ. მისი ვარაუდით, დინამიკა შენარჩუნდება როგორც წლის ბოლოს, ასევე მომდევნო წლის პირველ კვარტალშიც, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც ადასტურებენ.

,,დიდი ალბათობით, საქართველო ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას შეძლებს. მეტიც, საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზია, რომ მომავალ 3 წელიწადში  ჩვენ სერიოზული და სტაბილური შედეგები გვექნება. უკვე ცნობილია საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, რასაც მყარი საფუძველი გააჩნია.  ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ უკეთეს შედეგს განაპირობებს ექსპორტში მიღწეული წარმატება, ასევე ფულადი შემოსავლების, განსაკუთრებით გზავნილების ზრდა, ტურიზმის გააქტიურება, რაც დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. ასევე  მშენებლობის სფეროშიც დიდი აქტიურობა შეიმჩნევა.

ყველაფერთან ერთად, საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია გაიზარდა, გადაზიდვებში მაღალი დატვირთულობაა, გაუმჯობესდა და მოიმატა ინვესტიციები მოცულობამაც. ეკონომიკაში დადებითი ფაქტორის განმაპირობებელ გარემოებებს  შორისაა ქვეყნის პოლიტიკური კურსი, რომ ის მშვიდობის გზას ირჩევს, რაც ინვესტორებისთვის დადებითი სიგნალია.

ამ ფონზე შემოსული მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, მათ შორის ჩვენი თანამემამულეები, კაპიტალის შემოტანას ცდილობდნენ. იხსნება ახალი საწარმოები, რაც ეკონომიკას აცოცხლებს და წინსვლისთვის მყარ საფუძველს ქმნის", - განაცხადა ავთო სილაგაძემ .

აკადემიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პროცესების პარალელურად ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის და მთავრობას მცირე შეცდომის დაშვების უფლებაც არ აქვს.

,,ჩემი ვარაუდით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებსაც ემთხვევა, რეალურია ორნიშნა ზრდის დაფიქსირება წლიური შედეგების მიხედვით და ასევე 2023 წლის პირველი კვარტალშიც ასევე დადებითი დინამიკა შენარჩუნებული იქნება. დიდი საგარეო ვალი გვქონდა და პროცენტული თანაფარდობა შენარჩუნებულია, ეს ყველაფერი იმედს იძლევა, რომ აღებულ ტემპს შევინარჩუნებთ.

ამავე დროს გავდივართ ბეწვის ხიდზე, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, თორემ ყველაფერი უცებ შეიცვლება. ვიმედოვნებ, მთავრობა არ დაუშვებს შეცდომას, რაც პოზიტიური პროგნოზებიდან გადახრას გამოიწვევს, არც გვაქვს ამის უფლება, ეს მოცემულობა როგორმე უნდა შევინარჩუნოთ", - დასძინა ავთო სილაგაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას აფასებს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარიც.  როგორც მან აღნიშნა, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი არის ოპტიმისტურ ნიშნულზე, რაც კარგ შედეგს განაპირობებს. 

,,ჩვენ შოკს ველოდით ეკონომიკაში გლობალური პროცესების გამო, მაგრამ ასე არ მოხდა. რეგიონში მიმდინარე ნეგატიური პროცესები, უფრო ნაკლები ზიანის მომტანი აღმოჩნდა საქართველოსთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ეგონათ. იმ ადამიანებმა, რომლებმაც რუსეთსა და ბელარუსში შექმნილ ვითარებას თავი აარიდეს  და სხვა ქვეყნებში გააგრძელეს საქმიანობა, მათი დიდი ნაწილი დღეს საქართველოშია, რაც ძალიან დაგვეხმარა ეეკონომიკურ ზრდაში.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ტურისტული მიმართულება, რომელმაც სერიოზული წინსვლს განიცადა, ვიდრე წლის დასაწყისში ველოდით. ყოველთვიურად იზრდება ექსპორტი, ასევე ინვესტიციებიც. 9 თვეში 10,2%-იანი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი და იმედისმომცემია. სხვა თანაბარ პირობებში საშუალოვადიან პერსპექტივაში დადებითი პოზიტიური ნიშნული გარანტირებულია. ტენდენცია თუ გაგრძელდება, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნდება“, -  განაცხადა პაატა ბაირახტარმა "ბიზნეს-,რეზონანსთან“.

ცნობისთის  ეროვნული ბანკი ბოლოს 10%-იან ეკონომიკურ ზრდას, ხოლო 2023 წელს 4%-ს პროგნოზირებს. ქვეყნის მთავარი ბანკირის კობა გვენეტაძის თქმით,  რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა.

მისი ვარაუდით 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4% იქნება, ხოლო 2024 წლიდან ტემპი მოიმატებს და 5-5.5%-ს მიაღწევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×