საქართველოში ხორბალსა და ფქვილზე ფასის დრამატულად ზრდა არ მოხდება
გვანცა წულაია
01.11.2022

რუსეთმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე დადებული შეთანხმება დატოვა. მიზეზად სევასტოპოლის პორტში შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმა დაასახელა, რასაც უკრაინული მხარე უარყოფს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მსოფლიოში ხორბლის ღირებულება გაიზარდა, თუმცა არა დრამატულად. ფასთა ასეთი სხვაობა ბაზარზე ისედაც შეინიშნება ხოლმე. საქართველოში ჯერჯერობით მშვიდად არიან. არც ფქვილი და არც პური ახლო მომავალში არ გაძვირდება.

რუსეთის შეთანხმებიდან გასვლის მიუხედავად, უკრაინა, თურქეთი და გაერო 16 გემის გადაადგილების გეგმაზე შეთანხმდა. საუბარია იმ გემებზე, რომლებმაც უკრაინის აკვატორია უკვე დატოვეს და ამჟამად თურქეთის წყლებში იმყოფებიან. რაც შეეხება ფასის ზრდას, როგორც უკვე გითხარით, ცვლილება არ არის ბევრი. 28 ოქტომბერს, 1 ბუშელი (25კგ) ხორბალი 8.29 დოლარი ღირდა, 2 დღის წინ კი - 8.82 დოლარი. უნდა აღნიშნოს, რომ ოქტომბრის პირველი დეკადის შემდეგ, 10%-იანი ფასთა კლება შეინიშნებოდა, მაგრამ რუსეთის ქმედებამ ხორბალი 5-6%-ით გააძვირა, რაც დიდი სხვაობა არ არის. ასეთი ცვლილებები ბირჟებზე ისედაც ხდება ხოლმე.

საქართველოში ვითარება სტაბილურია. ქვეყანაში ხორბალიც შემოდის და ფქვილიც. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ თუკი რუსეთი „კარს გამოიჯახუნებს“ და მსოფლიოს უკრაინული ხორბალს არ მიაწვდის, საქართველოში გაცილებით იაფი ხორბალი წამოვა, რადგან თავად რუსეთს ხორბლის „არნახული მარაგი“ აქვს.

„მოსავალი, რომელიც მას ტრადიციულად ჰქონდა, ეს არის 75 მილიონი ტონა, ხოლო მიმდინარე წელს აქვს 110 მილიონი ტონა. დაახლოებით 35 მილიონი ტონით მეტი ხორბალი, ვიდრე წინა წლებში და ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე რთული პერიოდი ხორბლის თვალსაზრისით, უკვე უკან არის მოტოვებული.

გვახსოვს პერიოდი, როდესაც მსოფლიოში შეიმჩნეოდა ხორბლის მარაგის ნაკლებობა, ახლა დეფიციტი არსად არ არის, საკმაოდ ჭარბი მოსავალია, მიუხედავად უკრაინის ომისა და წარმოების შემცირებისა. ჯამურად ეს მოსავალი მაინც მეტია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“.

რამდენად შესაძლებელია საქართველოში იაფი ხორბალი შემოვიდეს, რა გავლენა ექნება რუსეთის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლას ჩვენს ქვეყანაზე? მარცვლეულის რა მარაგი დააგროვა ქვეყანამ? ამ კითხვებზე ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელძღვანელი ლევან სილაგავა საუბრობს.

"რეზონანსი”: რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა `მარცვლეულის დერაფანი” დატოვა. ეს ნაბიჯი მათგან ისეთად მოსალოდნელი იყო. რა იქნება ამის შემდეგ?

ლევან სილაგავა: რუსეთის ქმედება, რა თქმა უნდა, ფასის მატებას გამოიწვევს. თავისთავად ცხადია, რომ დერეფნის შეფერხება ერთ-ერთი ძალიან დიდი მიწოდების ჯაჭვის გაწყვეტას იწვევს. აქედან გამომდინარე, შეიქმენა გარკვეული დეფიციტი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაუძლეველი იქნება, მაგრამ გადალაგება მოხდება ლოჯისტიკური მიმართულებების.

რუსეთის ეს გადაწყვეტილება ახლა გაჟღერდა, თორემ დაახლოებით ერთი თვეა ამაზე საუბარი მიმდინარეობს. მათ შორის, გაეროში რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ ისინი განიხილავენ შეთანხმებიდან გამოსვლას. რუსეთი ფიქრობს, რომ მათი ხორბალი და სასუქები მსოფლიო ბაზარზე აქტიურად არ გადის, რაც ხელოვნური შეფერხების ბრალია. მართლია ეს პროდუქტები სანქცირებული არ არის მსოფლიო თანამეგობრობის მიერ, მაგრამ თვითონ გემების შესვლა რუსეთის და ევროპის პორტებში გარკვეულწილად სანქცირებულია, თუ მათ რუსული ტვირთები აქვთ. შესაბამისად, აქ არის ის ძირითადი უთანხმოება, რომელიც არსებობს რუსეთსა და გაეროს შორის.

"რ”: შეთანხმების დანარჩენი სამი ფიგურანტი (უკრაინა, თურქეთი და გაერო) 16 გემის გადაადგილებაზე შეთანხმდა. როგორ ფიქრობთ, რუსეთისგან თუ იქნება რაიმე წინააღმდეგობა?

ლ.ს: რადგან ეს გემები უკვე დატვირთული იყო, თავისთავად ცხადია, იმ მიჯნაზეა, რომ უკვე უნდა გამოსულიყო. თურქეთმა თქვა, რომ ამის შემდეგი გემები აღარ იქნება დერეფანში, სანამ კონკრეტული შეთანხმება არ მიიღწევა, მაგრამ ამის მერე, ორი დღის წინ, ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის გარეშეც შესაძლებელია თურქეთმა იმუშავოს დერეფნის აქტიურ მუშაობაზე.

ხორბლის დერეფნის მუშაობაში აქტურად იყვნენ ჩართულნი თურქული გემები, გამოტანაში, ინსპექტირებაში და გაცილებაში. ახლა მიდის ძალების ერთმანეთთან მოსინჯა, რამდენად შეძლებენ თურქეთმა თავად გამოიტანოს ხორბალი, ისე, რომ რუსეთმა აქტიური წინააღმდეგობა არ გაუწიოს. ვფიქრობ, ამ დერეფანზე შეთანხმება მაინც მიღწეული იქნება, უბრალოდ, აქ არის პოლიტიკური ვაჭრობის თემა, თუმცა ფასები გზარდილიც არის უკვე.

"რ”: საქართველო უკრაინულ ხორბალზე პირდაპირ დაკავშირებული არ არის, მაგრამ რუსეთის `მარცვლეულის დერეფნიდან” გასვლა, ჩვენთვის რას შეცვლი?

ლ.ს: ჩვენთვის შეცვლის იმას, რასაც მსოფლიო თანამეგობრობისთვის. ჩვენ მსოფლიო ნაწილი ვართ და რეალურად, მსოფლიოში არავის არ არის თავისი სამყოფი ხორბალი ჰქონდეს, გარდა იმ რვა ქვეყნისა, რომელიც მსოფლიოს აწვდის ხორბალს. ესენი არიან: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, საფრანგეთი, აშშ, არგენტინა, ავსტრალია და კანადა. ამ ქვეყნებს ხორბალი ექსპორტზე გააქვთ, დანარჩენები ყიდულობენ. ჩვენ მყიდველები ვართ და აქედან გამომდინარე, მსოფლიო ფასები ჩვენთანაც მოახდენს ღირებულებაზე გავლენას და ხორბლის შემოტანის ფასი მოიმატებს.

ახლა ბაზრის დასტაბილურებას ველოდით, ეს იყო პირველი შოკი ბირჟებზე, რომელიც რუსეთის ქმედებამ გამოიწვია. თუ ქვეყანაში გაძვირებული ხორბალი და ფქვილი შემოვიდა, საქართველოში იაფად შემოსული მარაგი ამას დააბალანსებს და საშუალოდ, შეწონილი ფასი იქნება, დაახლოებით თვე-თვენახევრის განმავლობაში. შესაძლებელია ფასმა მოიმატოს, მაგრამ დრამატული ზრდა აქ იქნება.

ჯერ კიდევ 1-2 თვის წინ ფქვილის ფასმა 10 ლარით დაიკლო, რადგან მსოფლიოშიც გაიაფდა ხორბალი და შესაბამისად, გარკვეული სახეობის პურზე ფასის კლება მოხდა. შეიძლება თვე-ნახევარში გაძვირება იყოს, მაგრამ თუ ეს იქნება 2-4 ლარით გაძვირება 1 ტომარა ფქვილზე, მაშინ ეს თითქმის არ აისახება საბოლოო პროდუქტზე. შესაბამისად, უხალოეს პერიოდში ზრდას არ ველოდებით.

"რ”: გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთი „კარს გამოიჯახუნებს“ და მსოფლიოს უკრაინული ხორბალს არ მიაწვდის, საქართველოში გაცილებით იაფი ხორბალი წამოვა, რადგან თავად რუსეთს ხორბლის „არნახული მარაგი“ აქვს...

ლ.ს: პრინციპში, ლოგიკური არის, მაგრამ აქ პოლიტიკური კონტექსტი ბოლომდე გათვალისწინებული არ არის. თუ რუსეთი მსოფლიო ბაზრებზე ხორბალს არ გაყიდის, მათ ქვეყნის შიგნით ექნებათ რეკორდული მოსავალი, რომელიც სადღაც უნდა გაყიდოს. ეს სადღაც, ერთ-ერთი ვარიანტად იგულისხმება საქართველო, რადგან მეზობლები ვართ. რუსეთში ხორბლის ფასი დაიწვეს და ცხადია, რომ ეს იაფი ხორბალი საქართველოში ფქვილად შემოვა, მაგრამ არის მეორე ვარიანტი - პოლიტიკური კონტექსტი. სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთმა უბრალოდ არ გაყიდოს ბევრი ხორბალი, რის გამოც მსოფლიოში დეტიციტი იქნება, რადგან ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში, რუსეთის გარდა, თითქმის ყველას აქვს საშუალო და მცირე მოსავალი. შესაბამისად, რუსეთს შეუძლია მაღალი ფასით ივაჭროს იმ ქვეყნებში, სადაც ხორბალი გაყიდის და მიიღოს უფრო მეტი შემოსავალი, ვიდრე ბევრი რაოდენობის ხორბალი გაიტანოს და დაბალი შემოსავალი მიიღოს.

რა თქმა უნდა, ლოგიკურია იმის თქმა, რომ თუ ხორბალი რუსეთში დარჩა, იქ ხორბლის ფასი დაიწევს, მაგრამ მეორე საკითხია, რას გადაწყვეტს რუსეთის მთავრობა, რა რაოდენობის ხორბალი გაყიდის გარეთ. თუ მათ გადაწყვიტეს, რომ იმაზე ნაკლები გაყიდონ, ვიდრე რეალურად ბაზრის მოთხოვნაა, მაშინ თავისთავად ცხადია ფასი აიწევს. მთვრობის გადაწყვეტილებები ხშირად არალოგიკურია, ამიტომ არის რთული პროგნოზის განსაზღვრა.

"რ”: მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც რუსეთიდან ხორბლის შემოტანა განვაახლეთ, რა მარაგი შევქმენით საქართველოში?

ლ.ს: ამჟამად ქვეყანაში ხორბლის მინიმუმ 2 თვის მარაგი გვაქვს, მას შემდეგ, რაც განვაახლეთ ხორბლის შემოტანა და წისქვილებმა განაგრძეს მუშაობა. მცურავმა ბაჟმა იკლო, მსოფლიოში ფასმა დაიწია და შესაბამისად, საქართველოში მოხერხდა ხორბლის შემოტანა. ბაზარზე ფქვილის მიწოდება დაიწყეს და ფასიც ვნახეთ რომ ტომარაზე ღირებულებამ 10 ლარით იკლო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×