"მათ თუ შეეძლებათ ნივთის დაბრუნება, მე, რომელმაც მაღაზიაში შევიძინე და ხარვეზიანი აღმოჩნდა, რატომ ვერ უნდა დავაბრუნო?"
გვანცა წულაია
01.11.2022

ონლაინ ვაჭრობისას მომხმარებელთა უფლებები ხშირ შემთხვევაში იმდენად ირღვევა, რომ ქვეყანაში კანონის მიღება გახდა საჭირო. მომხმარელეთა მოტყუება, დაზიანებული ნივთები, შეუსაბამო ხარისხი, თანხის ჩარიცხვის შემდეგ კლიენტთან კომუნიკაციის შეწყვეტა - ეს ის პრობლემების მცირედი ჩამონათვალია, რომელიც ონლაინ ვაჭრობისას მომხმარებლები აწყდებიან. საინტერესოა, როგორ მოხდება კანონის აღსრულება და მისი კონტროლი.

ქვეყანაში ონლაინ ვაჭრობისას პრობლემები საკმაოდ მრავალგვარია. სოციალურ ქსელში თითქმის ყოველდღიურად იწერება მოტყუებული კლიენტის კომენტარი. სწორედ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ლია კვარაცხელია და აცხადებს, რომ კანონი პრობლემებს აღმოფხვრის, მაგრამ მთავარია, შესაბამისი კონტროლი.

`ონლაინ ვაჭრობა შესაძლოა, ისე წარიმართოს, რომ მომხმარებელმა საერთოდ ვერ გაიგოს ვერაფერი. მაგალითად, მითითებული მისამართი შეიძლება სხვა იყოს და სინამდვილეში ფირმა საერთოდ არ არსებობდეს, მომხმარებელი კი დარჩეს 100%-ით მოტყუებული. 14 დღეში ნივთის დაბრუნებაზე მიღებული კანონი კარგიაა, მაგრამ რეალურად რამდენად განხორციელდება, ეს უნდა გაკონტროლდეს.

როდესაც კანონი მოქმედევს, კომპანია, რომელიც ნივთებს დისტანციურად ყიდის, იძულებული იქნება, ხარისხი ასწიოს. კომპანიას ნივთი თუ უკან მიბრუნდება, ბუნებრივია, სხვა დროს აღარ გაყიდის საეჭვო ნივთს. მომხმარებელთა უფლებები დაცული იქნება, ამიტომ კანონი ძალიან კარგია, მაგრამ შესაბამისი კონტროლიც უნდა მოხდეს, რომ ნივთი, რომელიც იქნება ხარვეზიანი, კომპანიამ ნამდვილად დაიბრუნოს. სწორედ ეს იქნება სიგნალი, რომ ხარისხიანი ნივთები გაიყიდოს”, - განუცხადა კვარაცხელიამ `რეზონანსს”.

იმ პირობებში, როდესაც მომხმარებლთა უფლებები ყოველი ფეხის ნაბიჯზე ირღვევა, ქვეყანაში კანონის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ორგანიზაცია `ეტიკის” ხელმძღვანელის ამირან შენგელიას აზრით, კანონი აუცილებელია არა მარტო ონლაინ შეძენის დროს, არამედ ჩვეულებრივ პირობებშიც, როდესაც მომხმარებლი ნივთს ადგილზე ყიდულობს.

`ადამიანი, ყველა შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს აუცილებლად. ონლაინ მყიდველი დაცული ნამდვილად არ არის, მან ზოგჯერ არ იცის რას ყიდულობს. მაგალითად, უნდა მწვანე ფერის ნივთის შეძენა და იღებს ყვითელ ფერს. მსგავსი დარღვევები ვებრია. აუცილებელია კანონის არსებობა, თუმცა არა მარტო ონლაინ მომხმარებლის, არამედ ჩვეულებრივი კლინტებისაც, რომლებიც ნივთს ადგილზე იძენენ.

ონლაინ მყიდველს რატომ აქვს უპირატესობა ჩვეულებრივ მყიდველთან? თუ მას შეუძლია ნივთი დააბრუნოს, მე რომელმაც მაღაზიაში შევიძინე რაღაც და ხარვეზიანი აღმოჩნდა, რატომ არ შემიძლია დაბრუნება? ეს კანონი არასრულყოფილია. მაგალითად, მე თუ მობილური ტელეფონი შევიძინე მაღაზიაში და შემდეგ აღმოვაჩინე რომ ხარვეზით მუშაობს, კანონმა პრობლემა რატომ არ უნდა აღმომიფხვრას? ეს კანონი ამას უკვე არ ეხება. მომხმარებელი 100%-ით უნდა იყოს დაცული”, - განუცხადა `რეზონანსს” ამირან შენგელიამ.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება კონკურენციის სააგენტომ უკვე დაიწყო, თუმცა არის რიგი საკითხები, რა შემთხვევაშიც, ონლაინ მოვაჭრეს აქვს უფლება ნივთი არ დაიბრუნოს. პროდუქტი არ უნდა იყოს მალფუჭებადი, ან სპეციალური შენახვის ვადის მქონე. ამასთან, მოხმარების კვალი არ უნდა ეტყობოდეს და ნივთის ღირებულება 30 ლარს უნდა აღემატებოდეს.

„კანონში გაწერილია უპირობო დაბრუნების ვადა, თუ ეს პროდუქტი არ არის გამონაკლისი. უნდა იყოს 30 ლარზე მეტი ღირებულების, არ უნდა იყოს სპეციალური შენახვის მქონე პროდუქტი, მაგალითად, მედიკამენტი, ბავშვთა კვება ან მალფუჭებადი პროდუქცია, პირობითად არაჟანი, რომელიც გამოვიწერე მაღაზიიდან.

სხვა დანარჩენ შემთხვევაში, უკვე მოქმედებს 14-დღიანი უპირობო დაბრუნების ვადა, მაგრამ ეს არ არის აბსოლუტური პირობა. თუ პროდუქტს მოხმარების კვალი ექნება... სწორედ ესაა, რაც ონლაინ მოვაჭრე კომპანიამ ზუსტად უნდა განუმარტოს მოქალაქეს, მაგალითად, ვიყიდე მაცივარი, სარეცხის მანქანა, 12 დღე მოვიხმარე და მე-13 დღეს მინდა, დავაბრუნო, ეს ვერ იქნება პროდუქციის თავდაპირველი ფორმით უკან დაბრუნება. ასეთ დროს, მოვაჭრეს შეუძლია არც დაიბრუნოს ან დაიბრუნოს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ჩავრთე და არ ჩაირთო ან ისე არ მუშაობს, როგორც საჭირო იყო. იმ სიმძლავრის, რაც აწერია, არ იყო ან იმ პირობას არ აკმაყოფილებს, რის შესახებაც მე მქონდა ინფორმაცია.

იგივე შემიძლია გითხრათ ტანსაცმელზეც. მაგალითად, გამოვიწერე პროდუქტი, ახლა, თუ ვატარე ერთი კვირა, 10 დღე და მოხმარების კვალი ეტყობა, რა თქმა უნდა, აქ უკვე უპირობო დაბრუნების თემა აღარ არის. აქ მნიშვნელოვანია მტკიცებულებების წარმოდგენა, ორივე მხრიდან, თუ მოვაჭრე და მომხმარებელი ერთმანეთში ვერ შეთანხმდებიან“, - განაცხადა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემაში `საქმე”.

იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ მოვაჭრე უარს იტყვის ნივთის დაბრუნებაზე, მომხმარებელს შეუძლია, რომ კონკურენციის სააგენტოს მიმართოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×