10-15 ნოემბრიდან ეროვნული ვალუტა შეიძლება ცოტათი გაუფასურდეს, თუმცა პოზიციებს მალევე აღიდგენს
ქეთო გოგოხია
03.11.2022

ლარის გამყარების ტენდენცია ჯერჯერობით შეუქცევადია. სპეციალისტების ვარაუდით, თუკი ეკონომიკაში რადიკალური ცვლილებები არ მოხდება, ლარს არანაირი გაუფასურება არ ემუქრება, თუმცა მცირედი კორექტირება კლების მიმართულებით წლის ბოლომდე მოსალოდნელია დოლარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, რაც ამ სეზონისთვის ტრადიციულად დამახასიათებელია. არსებული პროგნოზით, დაახლოებით 10-15 ნოემბრიდან ლარი სავარაუდოდ 2,80-2,85 -ის ნიშნულამდე  გაუფასურდება, ხოლო უკვე იანვრიდან არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდება ან კიდევ უფრო გამყარდება, განსაკუთრებით ევროსთან მიმართებით.

აღსანიშნავია, რომ  ლარი მყარდება არა მხოლოდ დოლართან, ევროსთან მიმართებითაც და ამ უკანასკნელთან 2,67-ზეა.  სპეციალისტების აზრით, ეს ტენდენცია გაგრძელდება, ვინაიდან ევროს ცუდად აქვს საქმე ევროპაში მოსალოდნელი ინფლაციის გამო. ჯერჯერობით ლარი მყარდება დოლართანაც. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ფედერალურმა რეზერვებმა მონიტარული პოლიტიკა გაამკაცრა და დოლარის გამყარებას უწყობს ხელს, ლარი პოზიციას ამ სიტუაციაშიც არ თმობს. 

,,თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, წლის ბოლოს დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსი 2.80-ის ფარგლებში შენარჩუნდება, ხოლო ევროსთან მიმართებაში - 2.77-ის ნიშნულზე. თუმცა, დღეს ყველა ხედავს, რომ 2,80-იანი ნიშნული უკვე მოტოვებულია, ამ მაჩვენებლისკენ ლარს, ალბათ, მხოლოდ ეროვნული ბანკი თუ წაიყვანს, ისიც იმ შემთხვევაში თუკი დოლარს ამოიღებს ბრუნვიდან, თუმცა სებ-ის მხრიდან მსგავსი ღონისძიებების გატარებას ექსპერტები წელს აღარ ელოდებიან.

ფინანსური ბაზრის მკვლევარი გოჩა თუთბერიძე ბაზარზე სერიოზულ სავალუტო რყევებს არ ელოდება. ამასთან, იგი ლარის გამყარების გარემოებაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ტენდენცია შენარჩუნდება, რისი მიზეზიც მაღალი ემიგრაცია და ფულად გზავნილების ზრდაა.

,,ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზირება ყოველთვის რთული საკითხია. მთავარია, მომდევნო პერიოდში როგორი ეკონომიკური ზრდა გვექნება ქვეყანაში. დღევანდელი გადასახედიდან ისე მოსჩანს, რომ სერიოზული რყევა მოსალოდნელი არ არის. ფულადი ტრანსფერები თვიდან თვემდე იზრდება, მილიარდზე მეტი მარტო რუსეთიდან არის შემოსული.

ნებისმიერ მოვლენას ეკონომიკაში მეორე მხარეც აქვს. ათეულ ათასობით ადამიანი გადის ყოველწლიურად სამშობლოდან, შესაბამისად, ფულადი გზავნილებიც იზრდება, რაც ასევე ლარის გამყარებას იწვევს, მაგრამ ამავე დროს ეს არის ცუდი ფაქტი, ვინაიდან ისინი ეკონომიკურ პროცესებში, დამატებითი ღირებულების შექმნაში მონაწილეობას  ვერ იღებენ. ფულადი ტრანსფერები კი, რომელიც მათ მიერ გადმორიცხული თანხების შედეგად შემოედინება, ლარს ამყარებს“, - განაცხადა თუთბერიძემ ,,რეზონანსთან“ და დასძინა, რომ ლარის კურსთან სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს, გააჩნია, ეკონომიკაში რა მოცემულობა გვექნება და რა პოლიტიკას გაატარებს ეროვნული ბანკი.

,,წლის ბოლოს, როგორც წესი, მეტი თანხა იხარჯება ხელფასებში, პრემიებში, დანამატებში, სხვადასხვა სამუშაოების დასრულებაში. გვჭირდება საგარეო ვალების მომსახურებაც, რომელიც მყარ ვალუტაში უნდა გადავიხადოთ, რაც კურსზე გავლენას ახდენს. არ გვაქვს პროგნოზი წინასწარ, თუ როგორ მოიქცევა მთავრობა და რამდენს დახარჯავს. საგარეო ვალები ბოლო პერიოდში სერიოზულად გაიზარდა და ეს ყველაფერი გაცვლით კურსზე გავლენას იქონიებს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ სებ-ი სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებს.

იმდენი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტორი მოქმედებს კურსზე, რომ წინასწარ პროგნოზი შეუძლებელია, სერიოზული ცვლილება არ გვექნება, მაგრამ მცირე კორექტირება შეიძლება მოხდეს ზრდის ან კლების მიმართულებით, ლარის სტაბილურობას სებ-ი, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერიოდშიც შეინარჩუნებს, თუკი ამას ეკონომიკური პროცესებიც ხელს შეუწყობს“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ თუთბერიძემ.

ლარის მცირედით გაუფასურებას უახლოეს პერიოდში ელის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია, თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ უკვე მომავალი წლიდან კურსი არსებულ ნიშნულს დაუბრუნდება.

,,წლის ბოლოსთვის ლარის კურსი ცოტათი გაუფასურდება. ველოდები, რომ ტენდენცია 10-15 ნოემბერს დაიწყება და დეკემბერში კურსი 2,80-2,85 დიაპაზონში შევა, მაგრამ  იანვრიდან ჩვეულ კურსს დაუბრუნდება. ამ პოზიციას ვაფიქსირებდი რამდენიმე თვის წინაც და მოსაზრებას არ ვცვლი. ცხადია, საუბარია, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდზე, რომ შეიძლება ლარი გაუფასურდეს, თუმცა მთლიანობაში ეროვნული ვალუტა ბოლო პერიოდში საკმაოდ გამყარებულია და ჯერჯერობით ეს მოცემულობა არ შეიცვლება.

აღსანიშნავია, რომ ლარი შესუსტდება დოლართან, თორემ ევროსთან მიმართებაში საპირისპირო სიტუაცია გვექნება, რადგან ევროპაში მძიმე ზამთარს ელიან, ინფლაციური პროცესები ღრმავდება და ევროპული ვალუტა უფასურდება. შესაბამისად, ლარი ევროს მიმართ გამყარდება“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ ,,რეზონანსთან“.

ფინანსისტების მოსაზრებას სრულად იზიარებენ საბანკო კვლევითი ორგანიზაციები. „თიბისი კაპიტალი“ ელის, რომ წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტა მეტ-ნაკლებად სტაბილური იქნება, თუმცა ახლო პერიოდში მისი მცირედით გაუფასურებაა მოსალოდნელი.

გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსთან დაკავშირებით ,,თიბისი კაპიტალის“ მოსაზრება ნაკლებად იმედისმომცემია. როგორც ანალიტიკური ორგანიზაციის ახალ მიმოხილვაში წერია,  2023 წელს ლარი ევროსთანაც გაუფასურდება, რადგან გლობალურად ევროს გაძლიერებაა მოსალოდნელი.

კერძოდ, ორგანიზაციის პროგნოზით, 2023 წლის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.90-ის ფარგლებში იქნება, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.07-ის ნიშნულზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×