უძრავი ქონების ბაზარზე კი ვითარება მწვავდება, მთავრობაში უკვე ოფიციალური მოთხოვნები იგზავნება
თიკა სიბოშვილი
07.11.2022

საქართველოში უძრავი ქონების გაქირავება ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა  გასაქირავებელ ბინებზე. არანორმალურად მოიმატა ფასმაც. პარალელურად მესაკუთრეები, დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ქირის გადაუხდებლობას ზედ დაერთო, კუთვნილი ქონებიდან პირების გასახლების შეუძლებლობა. 7 წლის წინ შეცვლილი კანონის გამო ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. ამიტომაც უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია საქართველოს მთავრობას საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენას ოფიციალურად სთხოვს. მდგომარეობის კრიტიკულობა ესმით პარლამენტშიც და საკითხის გადაწყვეტაზე უკვე მსჯელობენ.

უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია საპოლიციო გამოსახლების წესის აღსადგენად საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვს. ამის შესახებ აღნიშნულია მათ მიერ მთავრობისთვის გაგზავნილ წერილში.

„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გააქტიურებულმა მიგრაციამ საქართველოს დიდ ქალაქებში გასაქირავებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. გახშირდა ფაქტები, ურჩი გადამხდელების შესახებ.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, ქონების მესაკუთრეების უფლებების დასაცავად, დაუყოვნებლივ მიიღონ საკანონმდებლო ცვლილებები საპოლიციო გამოსახლების წესის აღსადგენად, რათა დაცული იყოს მესაკუთრე კონსტიტუციით აღიარებულ უფლებაში და ხელშეშლის გარეშე განკარგავდეს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას“, - ნათქვამია საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მიერ მთავრობისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

არსებული, უკონტროლო მდგომარეობის გამო შესაძლებელია, გამქირავებელი ბინების მფლობელებს დიდი ზარალი მიადგეთ, რადგან ასეთ პირობებში რთულია, ქირის მიღება, ზოგჯერ კი ქონების საკუთრებაში დაბრუნებაც კი. ამ ეტაპზე გამოსავალი სასამართლოში სარჩელის შეტანაა, რაც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია და ეს პრობლემას სულაც ვერ აგვარებს.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, არსებულ ინიციატივას განიხილავენ, თუმცა რამდენად მალე გადაწყდება საკითხი, ახლა რთული სათქმელია.

„უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მიერ შემოტანილ საკითხზე ვიმსჯელებთ და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჯერ გვიჭირს ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხის გაცემა. უნდა გავეცნოთ ვითარებას რამდენად არის საჭიროება საპოლიციო წესის აღდგენის და შესაბამისად, რა გამოწვევები დადგება. ამის მიხედვით გადავწყვეტთ, ამიტომ ჯერ ადრეა ამაზე კონკრეტული პასუხი, თუ რა იქნება“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.

არსებულ საკითხთან მიმართებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრს, ელგუჯა გოცირიძეს კომენტარის გაკეთება უჭირს, რადგან საკითხი სიღრმისეულად უნდა იყოს შესწავლილი.

„უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ინიციატივასთან დაკავშირებით რამდენად მალე ექნება პარლამენტს რეაგირება და რამდენად ჩქარა მოხდება ცვლილება, ვერ ვიტყვი, რადგან საკითხში გარკვეული კარგად არ ვარ. ამიტომაც ამჯერად ჩემი პასუხი ვერ იქნება არგუმენტირებული და დასტურებული.

მიჭირს იმის თქმაც, რამდენად აუცილებელია საპოლიციო წესის აღდგენა, რადგან უფრო სიღრმისეულად უნდა ვიცნობდე საკითხს, რადგან გავიგო რა არის დადებითი და რა უარყოფითი მხარე“, - აღნიშნა გოცირიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ფაქტია, რომ სფეროში რეგულაციები არ არსებობს, რაც წამოჭრილ პრობლემას გადაჭრის, შესაბამისად, საკითხის განხილვა პარლამენტმა აუცილებლად უნდა დაიწყოს. უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ინიციატივას ეთანხმება დეპუტატი ბეჟან წაქაძე, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ წესის ამოქმედება მხოლოდ ბინების გაქირავების მიმართ უნდა მოხდეს.

„ამ მიმართულებით მოკვლევას შესაბამისი უწყებები ახორციელებენ. საპარლამენტო უმრავლესობა ყველა შემოთავაზებას, რაც ადამიანებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ იქნება მიმართული, აუცილებლად დაუჭერს მხარს და მომხრეებიც აუცილებლად ეყოლება.

პრობლემა იმ ადამიანებს შეექმნათ, რომლებმაც სახლის გაქირავება ბიზნესად აქციეს, რისთვისაც ისინი წლის განმავლობაში გარკვეულ გადასახადს იხდიან. მე მაქვს ინიციატივა, კანონის იმ მუხლში, რომელიც ადრე მივიღეთ, რადგან იპოთეკარების გასახლება არ მომხდარიყო, ცვლილებები მხოლოდ ბინების გაქირავების ნაწილში შევიდეს, რომ საპოლიციო გასახლების წესით სარგებლობა მხოლოდ ბინის გამქირავებლებმა შეძლონ“, - განაცხადა წაქაძემ „ბიემთან“ საუბრისას.

მისი შეფასებით, ბინების გამქირავებელთა პრობლემები დროებითია, თუმცა საკითხის გადაწყვეტა საჭიროა. „როგორც კი მოკვლევა დასრულდება და შედეგებს გავიგებთ, დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ამაში მხარს დამიჭერენ“, - აღნიშნა ბეჟან წაქაძემ.

ახლა, მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან დაზარალებულ მესაკუთრეთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. პრობლემის გადასაჭრელად სასწრაფოდ გამოსავლის მოძებნაა საჭირო, რასაც სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილიც ეთანხმება. იგი „ბიზნეს-რეზონანსთან“აცხადებს, რომ პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს ძველი კანონმდებლობის დაბრუნებას.

„უძრავი ქონების სექტორში არსებული ვითარების გამო, ბოლოდროინდელმა ტენდენციამ აჩვენა, რომ საპოლიციო წესის პრაქტიკა უფრო აქტუალური გახდა, შესაბამისად,  პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ ძველი საკანონმდებლო ნორმის დაბრუნებას, რადგან ამ პრობლემის წინააღმდეგ ამდენი წლის განმავლობაში სხვა რაიმე ეფექტური მექანიზმი ვერ შეიქმნა.

ეს იყო პარლამენტის ვალდებულებაც. როდესაც ჩაანაცვლა ძველი რეგულაციები, არსებული გამოწვევების საპირისპიროდ რაიმე ალტერნატიული უნდა მოეფიქრებინა, მაგრამ ის მეთოდები და ნორმები, რაც მათ დაგეგმეს და აამუშავეს არ აღმოჩნდა ეფექტური. ახლა რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომ აღდგეს ძველი ნორმები და მომავალში განხორციელდეს საპოლიციო გამოსახლება მესაკუთრის მიერ, საჯარო რეესტრის ამონაწერის წარდგენის საფუძველზე. სხვა არაფერია საჭირო. ცხადია, თუ იჯარით იყო გაცემული ქონება, მაშინ იჯარის შეწყვეტის დოკუმენტი იქნება საჭირო და ა.შ.“, - აღნიშნა ზაქაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ძველი კანონი უფრო მორგებულია რეალობას.

„ძველი რეგულაციებით მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერი საკმარისი იყო, თუ არ არსებობს მოსზრება, რომ ეს მოსარგებლის უფლებებს ლახავს, ამ შემთხვეაში შესაძლებელია სტანდარტი ავწიოთ და რაღაც სხვა დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება დავამატოთ. მაგალითად, მოიჯარე, რომ გამოაგდო ამის უფლებას არ უნდა გაძლევდეს კანონი თუ არაფერი დაურღვევია, იჯარას იხდის, ვადაგადაცალიბა არ აქვს და ა.შ.

შესაძლოა, რომ ეს ძველი კანონი უფრო მორგებული იყოს დღევანდელ რეალობას და გაუმჯობესდეს კიდეც, ვიდრე 2015 წლამდე მოქმედი ნორმატივები. გავიდა ბევრი წელი, გამოცდილებით უკვე ვიცით რა გამოწვევებია და როგორ შეგვიძლია ვებრძოლოთ პრობლემებს“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" უჩა ზაქაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×