ბექა გონაშვილი: "ვერაფერსაც ვერ ვფიქრობთ, არადა პრობლემა მასშტაბურია"
გვანცა წულაია
08.11.2022

ქართველ ფერმერებს ცხვირს გაყიდვა უჭირთ. ამის მიზეზი კი ლარის გაცვლითი კურსია. ფერმერები წვრილფეხა რქოსან პირუტყვს დოლარში ყიდიან. გამყარებული ლარის გამო კი, მათ თითო გაყიდულ ცხვარზე ნაკლები მოგება რჩებათ, ვიდრე რჩებოდათ მაშინ, როდესაც ქართული ფული გაუფასურებული იყო. ჯერჯერობით ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ ჩანს, ექპორტი კი სულ უფრო მცირდება.

ცოცხალი ცხვრის ექსპორტზე გატანის პრობლემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ლარმა გამყარება დაიწყო. უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორების გამო, ქართველ ფერმერს ცხვრების გაყიდვა რომ უჭირთ, ამაზე სტატისტიკა კარგად მეტყველებს. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ცოცხალი თხებისა და ცხვრების ექსპორტი შემცირდა.

2022 წელს საქართველოდან 16.9 მლნ აშშ დოლარის წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი გაიყიდა, შარშან კი 7,1 მლნ აშშ დოლარით მეტი - 24 მლნ დოლარის ცხვარი.

ქვეყნების ჩამონათვალი კი, სადაც მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი თხა და ცხვარი გავიდა შემდეგნაირად გამოიყურება: აზერბაიჯანი - 8.4 მლნ აშშ დოლარი, საუდის არაბეთი - 4.6 მლნ აშშ დოლარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები - 4.4 მლნ აშშ დოლარი, ეგვიპტე - 1.1 მლნ აშშ დოლარი, იორდანია - 1.1 მლნ აშშ დოლარი და ყატარი - 100 000 აშშ დოლარი.

როგორც მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი აცხადებს, ახლა იმაზე ფიქრსაც კი აღარ აქვს აზრი, რომ ცხვრები შარშანდელ ფასში გაიყიდოს.

"არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში გამოსავალი მაშინ, როდესაც პრობლემა კურსიდან მომდინარეობს. ლარი უფრო და უფრო მყარდება და რა შეიძლება მოვიფიქროთ, არ ვიცი. კურსიდან გამომდინარე როგორ შეიძლება, რომ პრობლემის გადამწყვეტი გზები დავსახოთ? ვერაფერსაც ვერ ვფიქრობთ, არადა პრობლემა მასშტაბურია. ბევრ ფერმერს ჰყავს გასაყიდი ცხვრები და ექსპორტზე ვერ გააქვთ. ამასთან, საძოვრებთან დაკავშირებით გასანკუთრებულად ცუდი მდგომარეობაა, რადგან გვალვა იყო და ბალახი არ არის.

რაც შეიძლება მეტად უნდა ვეცადოთ, რომ ცხვარი ექსპორტზე გავიტანოთ, მაგრამ იმაზე ფიქრს აზრიც აღარ აქვს, რომ ცხვრები შარშანდელ ფასში გაიყიდოს. ამიტომ როგორღაც ვასაღებთ იმ ფასში, როგორც არის. დღეს, ერთი ცხვრის ფასი დაახლოებით 250 ლარის ფარგლებშია”, - განუცხადა "რეზონანსს” ბექა გონაშვილმა.

ამ დროს კი, თავად ქვეყნის შიგნით, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა არასოდეს არის. ძალიან მინიმალური ცვლილება დაფიქსირდა ზაფხულის პერიოდში, რაც ტურისტებს უკავშირდება, მაგრამ სხვა შემთხვევაში შიდა ბაზარი დიდი და სერიოზული მოთხოვნით არ ხასიათდება.

"ადგილობრივი ბაზარი საერთოდ არ მუშაობს. ცხვართან დაკავშირებით მხოლოდ ექსპორტზე ვმუშაობთ”, - დასძინა ბექა გონაშვილმა "რეზონანთან”.

ქვეყნიდან ცხვრის ექსპორტი შემცირებული იყო მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც. მაშინდელი მონაცემებით, მთლიანობაში საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე 6,352 მლნ დოლარის (1 913 ტონა) ცოცხალი ცხვარი გავიდა, რაც წლიურად 25.6%-იან კლებას ნიშნავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×