საქართველოში ჩამოსული რუსი მიგრანტების ნაწილი ქვეყანაში დარჩენას ხანგრძლივი პერიოდით აპირებს. საუბარია მინიმუმ ერთ წელზე. ასეთია სხვადასხვა კვლევის შედეგი. ქვეყანაში მათმა შემოდინებამ უძრავი ქონების ბაზარი გააძვირა და ბინები დღემდე ძნელად იშოვება. საინტერესოა, რა იქნება მთელი ამ დროის მონაკვეთში, სანამ ისინი ქვეყანას არ დატოვებენ, როგორ უმკლავდება სექტორი მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნას?
პანდემიის შემდეგ, ძლივს დასტაბილურებულმა უძრავი ქონების ბაზარმა მკვეთრი ცვლილებები განიცადა. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომია. მიგრანტების ორმა ტალღამ, რომელიც საქართველოსკენ დაიძრა, ქვეყანაში ბინები გააძვირა. მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დაირღვა და დღემდე დარღვეულია.
სხვადასხვა კვლევებით დგინდება, რომ საქართველოში შემოსული მიგრანტების ნაწილი ქვეყანაში ხანგრძლივი პერიოდით აპირებს დარჩენას. სწორედ ამაზეა საუბარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში, სადაც ნათქვამია, რომ რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად ემიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით ჩამოვიდა.
რუსების საქართველოში დარჩენის ვადად მინიმუმ ერთ წელს ასახელებენ "გალტ ენდ თაგარტში”. "ჩვენი პროგნოზებით და აქამდე ჩატარებული გამოკითხვებით, მინიმუმ ერთი წელი, ისინი აქ აპირებენ ყოფნას”, - ამბობენ "გალტ ენდ თაგარტში”.
თუკი ვითარება ისე წარიმართება, როგორც კვლევებში აღნიშნული და რუსი მიგრანტები საქართველოში მინიმუმ, ერთი წლით დარჩებიან, გამოდის, რომ მთელი ეს პერიოდი უძრავი ქონება არ გამონთავისუფლდება, შესაბამისად მისი ღირებულება არ დაიკლებს.
უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი, კომპანია „ნოუბლ რიალ ისთეითის” დამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი აცხადებს, რომ სექტორში მოთხოვნა მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ უფრო გაიზარდა და დღესდღეობით ფასი არც იკლებს და არც იმატებს.
"მიგრანტების პირველი ტალღა იყო მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ხოლო მეორე ტალღა მაშინ, როცა რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა. საქართველოში უძრავ ქონებაზე გააქტიურება უფრო დაფიქსირდა მობილიზაციის გამოცხადების დროს, ეს აშკარად ჩანდა.
ჯერ კიდევ ვრცელდება აზრი, რომ ბინების ღირებულება იმატებს. სხვადასხვა სამაუწყებლო არხებზე რამდენიმე დღის წინაც მოვისმინე, რომ გაძვირებას კიდევ ვარაუდობენ, მაგრამ არ მინდა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შევიყვანო და პანიკა გამოვიწვიო. ეს არასწორია, ფასის მატება აღარ შეინიშნება. უბრალოდ, როდესაც გაზრდილი ღირებულება მივიღეთ, მას აღარ დაუკლია და შენარჩუნდა მაღალ დონეზე. ეს აცდენილია რეალობას, ანუ რა შესაბამის ქონებასაც სთავაზობენ ბინის მესაკუთრეები დამქირავებლებს. ვერ ვხედავ იმის ტენდენციასაც, რომ სადმე ფასის კლება დაიწყო, მაგრამ ახლა ზრდაც არ ფიქსირდება. კარგა ხანია ეს მდგომარეობაა.
მოთხოვნა კვლავინდებურად არის, მაგრამ არა იმ სიხშირით, როგორიც იყო მობილიზაციის გამოცხადების დროს, რადგან მიგრანტების ნაწილი გავიდა ქვეყნიდან. მაშინ ვთქვი, რომ თუ კიდევ გამოცხადდება მობილიზაცია, მოთხოვნა და ფასები ალბათ კიდევ მოიმატებს და ამ სიტუაციას სწორად და გამართულად რომ შევხდვეთ. ახლა ჩვენი მხრიდან აუცილებელია საპოლიცილიო გამოსახლების წესზე მუშაობა დავიწყოთ”, - განაცხადა "რეზონანსთან” ვაჟა მებაღიშვილმა და დასძინა, რომ უძრავ ქონებაზე მაღალი ფასები მანამ შენარჩუნდება, სანამ გაზრდილი მოთხოვნა იქნება.
"კვლევითი ორგანიზაციებს ჩემგან დიდი პატივისცემა, მაგრამ ზოგჯერ აბლოსულუტად სხვა მოცემულობას ვიღებთ. მსგავსი კვლევების და დათქმების, რომ ერთ წელში ან 5 წელში წავლენ მოგრანტები საქართველოდან, შესაძლოა, საერთოდ არ აღმოჩნდეს სიმართლე და სულაც არ დატოვონ ქვეყანა.
მაღალი ფასი კი შენარჩუნდება იქამდე, სანამ იქნება მოთხოვნა. ძალიან ბუნებივი პროცესი და მას აქვს ცოცხალი დინამიკა. ჯერჯერობით კლების ნიშნებს ვერ ვხედავ”, - თქვა "რეზონანსთან” ვაჟა მებაღიშვილმა.
გამოდის, რომ ახლა უძრავი ქონების ბაზარზე ფასის კლებაზე საუბრიც კი ზედმეტია. სანამ ქვეყანაში მიგრანტები დარჩებიან, უძრავ ქონებაზე პიკური ნიშნული შენარჩუნდება. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ სამშენებლო მასალები გაძვირებულია და უკვე დასრულებული ბინები ახლა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე წინა პერიოდებში.
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წევრი, საბროკერო კომპანია „კედარო ჯგუფის" დამფუძნებელი ეკატერინე ჭიღლაძე აცხადებს, რომ დინამიკა არ შეცვლილა. იჯარაზე კვლავ არის მოთხოვნა, თანაც საკმაოდ მაღალი. ყიდვაზეც დიდი მოთხოვნაა, რაც უკვე თბილისის მიმდებარე სოფლებშიც დაფიქსირდა.
"ვითარება აღარ არის პანიკური, როგორც მოხდა თავიდან, მიგრანტების პირველი ტალღის დროს. მაშინ, ჩვენ არ ვიყავით მზად და ალბათ, არ ველოდებოდით და ამიტომ იყო ასეთი მძაფრი.
შესაძლოა, არსებული ტენდენცია რაღაც პერიოდი შენარჩუნდეს, ვიდრე რუსეთი რამე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან უკრაინასთან მიმართებით სიტუაცია არ შეიცვლება. რუსეთის მოქალაქეებს აქვთ თავიანთ ქვეყანაში საფრთხის შეგრძნება, ამიტომ ისინი ჯერჯერობით არ ფიქრობენ უკან დაბრუნდებაზე და აქ არიან.
უმეტესი მათგანი ოჯახებით არის ჩამოსული და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გავითვალისწინოთ. როდესაც ადამიანი საკუთარი ქვეყნას ოჯახით ტოვებს, ბუნებრივია, 2 თვეზე გათვლას აკეთებს და პერიოდი მინიმუმ ერთი წელია. ისინიც აკვირდებიან, თუ როგორი იქნება აქ საცხოვრებელი პირობები და შემდგომ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას..
როდესაც მოთხოვნა არის გაზრდილი, ბუნებრივად ხდება ფასის ზრდა. ჩვენ ამას ვერც ხელს ვერ შევუშლით და ვერც შევუწყობთ. დაბალია მიწოდება, ჭარბია მოთხოვნა”, - განაცხადა "რეზონანსთან” ეკატერინე ჭიღლაძემ და დასძინა, რომ ჭარბმა მოთხოვნამ, შესაბამისი რეაქცია გამოიწვია.
"ვხედავთ, ქალაქში რა ტემპით მიმდინარეობს განაშენიანება იმიტომ, რომ მოთხოვნა არსებობს. არა მხოლოდ თბილისში, საკმაოდ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს ყველგან. ეს შეუჩერებელი პროცესია მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო მასალებიც გაძვირდა. როგორც მიწოდება მოიმატებს და ბაზარზე ბევრი უძრავი ქონება გაჩნდება, მაშინ ეს დააბალანსებს ვითარებას. მინიმუმ, გააჩერებს საგრძნობ გაძვირებას”, - აღნიშნა ეკატერინე ჭიღლაძემ "რეზონანთან” საუბრისას.