ირაკლი თავართქილაძე: შეიძლება ითქვას, მასშტაბური პროექტის ფარგლებში 1800 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია, მათგან 300 ოჯახს აქვს შესაძლებლობა, რომ იცხოვროს
გვანცა წულაია
10.11.2022

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროექტი გრძელდება. დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე - აბაშვილის ქუჩის N3-სა და დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩის მიმდებარედ გამოცხადდა. როგორც ირკვევა, აღნიშნული ორი პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით დამატებით 180-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

დედაქალაქის მერია, მთლიანობაში, ხუთი წლის განმავლობაში, 2000-მდე ოჯახის პრობლემის მოგვარებას შეძლებს.  როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ორი დღის წინ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საარჩევნო დაპირების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი ფართებით კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ყველა ოჯახს დააკმაყოფილებს.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება ჩემი საარჩევნო დაპირება იყო. დაახლოებით, 3 000-მდე ოჯახზეა საუბარი, რომელსაც აღნიშნული პრობლემა ეხება და უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოხდეს ამ ოჯახების დაკმაყოფილება. ეს არის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს. კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ყველა ოჯახი დაკმაყოფილება და მათ საკუთარი საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე კი იმ დეტალებზე და თითოეულ ნაბიჯზე საუბრობს, რომელიც 2017 წლიდან მოყელებული ამ მიმართულებით გაკეთდა.

"პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების რაოდენობა თბილისის მასშტაბით არის დაახლოებით 3 100. ეს არის სახელმწიფოს მიერ 1998 წელს აღიარებული ვალი. ჩვენ, თბილისის ნაწილზე 2017 წლიდან დავიწყეთ მუშაობა და შევიმუშავეთ პრინციპი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ამ ხალხის დაკმაყოფილება. ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას დეველოპერი კომპანიის შერჩევაზე, რომელსაც გადაეცემა მიწის ნაკვეთი უსასყიდლოთ, თუმცა მან სანაცვლოდ უნდა გადმოგვცეს დასრულებული ფართები, რომლითაც შემდგომში ხდება დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება.

აღსანიშნავია, რომ ამ სიაში გაწერილია ის ფართები, თუ რომელ ოჯახს რა ფართის ბინა ეკუთვნოდა და შესაბამისად, ამ სიებისა და კვადრატულობის მიხედვით ხდება დაზარალებულების დაკმაყოფილება. ვცილობთ, ზუსტად მოხდეს მათი გასტუმრება, არც ერთ შემთხვევაში ნაკლებ კვადრატულობას არ ვაძლევთ. უბრალოდ, შეიძლება პროექტით ისე გამოვიდეს, რომ 3%-იანი ცდომილება იყოს მშენებლობის პროცესში და ასეთ დროს, მეტობით ფართს ვაძლევთ დაზარალებულ პირებს”, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

დღეის მდგომარეობით, უკვე 1800 ოჯახია დაკმაყოფილებული და მათგან 300-ს უკვე აქვს მიღებულ ფართში ცხოვრების შესაძლებლობა.

"ჩვენ ამ პრინციპით მუშაობა 2018 წლიდან დავიწყეთ და შეიძლება ითქვას, რომ 1800 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია. არსებობს ხელშეკრულება დეველოპერთან ერთად. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ ვიყავით ერთ-ერთ პროექტზე დიდ დიღომში, რომელიც უკვე დასრულდა და ადამიანიები შესახლებულნი არიან. დანარჩენი პროექტები კი არის სხვადასხვა ეტაპზე. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სხვებიც დაკმაყოფილდებიან.

ფაქტობრივად, 300 ოჯახს უკვე აქვს შესაძლებლობა, რომ იცხოვროს. ვინაიდან ეს პროცესი მუდმივ რეჟიმშია, სხვადასხვა ლოკაცია და სხვადასხვა დეველოპერი არის მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე. შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი ნაწილი, ნახევარზე მეტი, არის მშენებლობის პროცესში, რადგან 2018 წელს გამოვაცხადეთ ბევრ პროექტსა ინტერესთა გამოხატვა”, - თქვა მან და დასძინა, რომ ამჟამად 600 ოჯახის განაცხადია განხილვაში.

"მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სიები, მუნიციპალიტეტში მომართვა არის აუცილებელი. დღეს, მომართვიანობის კუთხით დაახლოებით 600 განაცხადი გვაქვს, რომელიც განხილვაშია და ვფიქრობთ, კონტრაქტების პრინციპით მათ მომავალი წლის ზაფხულამდე შევძლებთ, რომ დავაკონტრაქტოთ ისინი. თუმცა, ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება და დამატებით შემოდის განაცხადები. ჩვენი მიზანი და გეგმა არის ის, რომ შემდეგი სამი წლის  განმავლოაში სრულად დავხუროთ და გავისტუმროთ დარჩენილი 1300 ოჯახი კოოპერაციული ბინათმშენებლობის ფარგლებში აღებული სახელმწიფო ვალით”, - დასძინა ირაკლი თავართქილაძემ.

სეიების მიღებისას დაზარალებული ოჯახების პრიორიტეტის მინიჭება ორი კრიტერიუმით ხდება. ერთია სოციალური ქულა და მეორე ტერიტორია.

"ჩვენ შევეცადეთ, რომ რიგითობა განგვესაზღვრა სამართლიანი პრინციპით. თითოეულ დაზარალებულს ვთხოვთ, რომ მიმართონ ჯანდაცვის სამინიტროს და დადგინდეს მათი სიციალური ქულა. სოციალური ქულის მიხედვით ხდება რიგითობის განსაზღვრა ვისაც უფრო დაბალი ქულა აქვს, ის არის რიგითობით პირველი. გარდა რიგითობისა და სოციალური ქულისა, ასევე ვითვალისწინებთ ტერიტორიულ საკითხს, რადგან პირობითად, ზოგიერთს უშენდებოდა ბინა საბურთალოზე, დიდ დიღომში, ვარკეთილში და სხვადასხვა რაიონებში. შესაბამისად, როდესაც ხდება ინტერესთან გამოხატვა, პირველ რიგში, რაიონების მიხევით ხდება ადამიანების დაჯგუფება. ვისაც ბინა საბურთალოზე უშენდებოდა, საბურთალოს ჯგუფში ხვდება და შემდგომში უკვე იქ მიდის რიგითობის განსაზღვრა სოციალური ქულიდან გამომდინარე”, - აღნიშნა თავართქილაძემ.

ამ ყველაფერთან ერთად, მან გარანტიებზეც ისაუბრა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ინტერესთა გამოხატვის დასრულების შემდეგ, კომპანიასთან ფორმდება ხელშეკრულებას, რომელიც არის სამმხრივი – მერიის, დაზარალებული ოჯახების და გამარჯვებული კომპანიის.

"ხელშეკრულებით არის გაწერილი ყველა პირობა, მათ შორის მშენებლობის ნებართვის აღები ვადა, მშენებლობის პროცესი, მისი დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება. ასევე, ის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც უნდა ჩაბარდეთ დაზარალებულ პირებს ფართები, რომლებიც მათ ეკუთვნით. ამისათვის კომპანია წარმოადგენს მუნიციპალიტეტში საბანკო გარანტიას. სხვადასხვა პროექტზე, მისი მოცულობიდან გამომდინარე, საბანკო გარანტის ოდენობა განსხვავდება, თუმცა ყველა პროექტში საკმარისია იმისათვის, რომ ერთი - მოხდეს კომპანიის ფინანსურად შემოწმება, თუ რამდენად აქვს მას პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და მეორე – თუკი რამე მოხდება და კომპანია დაარღვევს ვალდებულებას, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ საბანკო გარანტია გამოვითხოვოთ და აქედან მიღებული თანხით დავასრულოთ და ხელახლა დავიწყოთ კონკრეტული მშენებლობა. ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობაში ბარდება დაზარალებულებს.

ვფიქრობთ, რომ შემდეგ ორ წელიწადში დავასრულებთ ინტერესთა გამოხატვას, რომელზეც უკვე შერჩეული გვეყოება კომპანიები და ალბათ, 3-4 წელში ყველა მშენებლობა დასრულდება”, - დასძინა ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×