"ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს, ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობის თვალსაზრისით, მიმზიდველია ყაზახეთისთვის"
გვანცა წულაია
11.11.2022

საქართველოს დერაფანი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურა ყაზახეთისთვის ძალიან მიმზიდველია. სწორედ ამიტომ, შუა აზიური სახელმწიფო ახალი წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვას აანონსებს. `რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა პერსპექტივას აჩენს საქართველოს დერეფანში ყაზახური ენერგორესურსების გადმონაცვლება და რა სარგებელს მიიღებს ამით ქვეყანა?

რუსეთ-უკარაინის ომის ფონზე, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, დაინტერესება და შესაძლებლობა ძალიან დიდია. ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ტვირთების გადმომისამართება საქართველოს დერეფნის გავლით მოხდეს.

ყაზახეთში ნავთობის ექსპორტის დივერსიფიცირების მიზნით სპეციალური საგზაო რუკაც შემუშავდა. „ეს მიმართულება აკტაუს პორტიდან, ბაქოს პორტისკენ და შემდეგ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით მიდის“, - განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა და დასძინა, რომ ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-სუფსა და ბაქო-ბათუმის მილსადენითაც შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა, არის სარკინიგზო მიმართულებები ატირაუდან ბათუმისკენ და უზბეკეთის მიმართულებით.

„კონკრეტულად გვაქვს შეთანხმება 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.5 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე. ასევე ვმუშაობთ გადატვირთვების 6-6.5 მლნ ტონამდე გაზრდაზე“, - აღნიშნა სმაილოვმა და თქვა, რომ კომპანია „თენგიზშევროილმა“ ვაგონ-ცისტერნების რაოდენობა გააორმაგა და ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით საპილოტო გადატვირთვები დაიწყო.

როგორც ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე აცახდებს, რაც მეტი ნავთობი გავა აღნიშნული მილსადენით, საქართვველო მით უფრო მეტ მოგებას ნახავს.

"საერთოდ, საქართველოზე რაც მეტი ტვირთი გაივლის, მით უკეთესია. ნავთობის გატარებისთვის ჩვენ გარკვეულ თანხას ვიღებთ, იმდენს რამდენი ტონა ნავთობიც გავა. 100 კმ-ზე არის სპეციალური გადასახადი, ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ რაც მეტი ნავთობი გამოივლის, საქართვველოსთვის მით მეტი მოგება იქნება.

ზოგადად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი გათვლილია 50 მლნ ტონაზე წელიწადში და რეალურად რამდენი გადის, არ ვიცი. თითქოს საუბარია ახალ გაზსადენზეც, რომელიც არა მარტო აზერბაიჯანის, არამედ შუა აზიის გაზსაც გაატარებს ევროპაში. ვხედავთ, რომ რუსეთის ენერგორესურსებზე უარს აცხადებს ევროპა.

რა თქმა უნდა, ჩვენმა დერეფანმა ომის პირობებში დიდი მნიშვნელობა შეიძინა. საქართველოზე გავლით ადრე ბევრი პროექტი იყო დამუშავებული, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც ერთი ვერ შედგა, იმის გარდა, რომელიც უკვე განხორციელებულია - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი”, - განაცხადა "რეზონანსთან” რევაზ არველაძემ.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია. აღნიშნული მილსადენი ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია. მისი სიგრძე 443 კილომეტრია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე და 1076 კილომეტრი თურქეთში ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალამდე. სწორედ ეს 249-კილომეტრიანი მილსადენი, იძლევა უდიდეს შესაძლებლობას.

პერსპექტივაზე საუბრობს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან სულაბერიძე და აცხადებს, რომ შანსი უნიკალურია და საქართველოს აქვს საკამრისი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ყაზახური მოთხოვნილების დიდი ნაწილი დავაკმაყოფილოთ.

"ყაზახური ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი, საქართველოს გავლით, არახალია, თუმცა გარკვეული პერიოდიდან, როდესაც ყაზახეთმა თავისი ნავთობსადენი აამუშავა რუსეთის მიმართულებით, რომელიც იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ყაზახეთს ნედლი ნავთობის გადაეტვირთა პირდაპირ მაღალტონაჟიან გემებში, ეს ინტერესი შენელდა. ჩვენი მარშრუტი მულტიმოდალურია, გვიწევს კასპიის ზღვის გადმოკვეთა და საქართველოს პორტებამდე ამ გზით მოსვლა.

ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს, ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობის თვალსაზრისით, ძალიან მიმზიდველია ყაზახეთისთვის. მათთვის ნავთობის და ნავთობპროდუქტები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნედლეულია და სწორედ ეს არის მათი ბიუჯეტის შემავსებელი ნაწილი.

ნავთობის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს საკმარისი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ყაზახური მოთხოვნილების დიდი ნაწილი დავაკმაყოფილოთ. ამ მხირვ წელგამართულები ვართ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ყაზახური ინდუსტრიის მოცულობებს, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ბათუმს შეუძლია წლის განმავლობაში მხოლოდ 5-დან 6 მლნ ტონამდე ნავთობპროდუქტი გაატაროს; მაგრამ სამივე კომპონენტი – ბაქო-სუფსა, ბაქო-ჯეიჰანი და ბათუმის ნავსადგური ჯამში დიდ შვებას მისცემს ყაზახურ ინდუსტრიას”, - განაცხადა ლევან სულაბერიძემ "ბიზნეს მედიასთან”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×