ქეთო გოგოხია
10.11.2022

მომავალი წლიდან ფარმაცევტული კომპანიები წამლებს თვითნებურად ვეღარ გააძვირებენ. შესაბამისად, მოსახლეობას მედიკამენტების უმეტესობა გაუიაფდება. ამის გარანტიას იძლევა რეფერენტული ფასების დაწესებასთან დაკავშირებით ახალი კანონი, რომელიც ძალაში 2023 წლიდან შევა. ცვლილებას ექსპერტების მხრიდან პირველი შეაფსებები უკვე მოჰყვა. მათი განცხადებით, ჯანდაცვის სექტორი რეალურად ახლა დაადგა პრობლემების გამოსწორების და რეფორმის გზას, თუმცა არსებობს გარკვეული წინაღობა კერძო დაზღვეულების სახით, რომელთაც შესაძლოა, მომსახურება გაუძვირდეთ.

ახლა მთავარია, სახელმწიფო პროგრამა რამდენად მოვა შესაბამისობაში სადაზღვევო კომპანიებთან, რომ საკანონმდებლო ცვლილება ინდუსტრის საფასო პოლიტიკაზე ნეგატიურად არ აისახოს. სხვა მხრივ რეფერენტული ფასების დაწესებასთან დაკავშირებით არანაირი დაბრკოლება არ არის. ჯანდაცვის სამინისტროში, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ფასწარმოქმნის მექანიზმები და მეთოდები უკვე  განიხილეს. შეთანხმდნენ წამლის კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც მთავრობასა და პარლამენტს წარედგინება.

რეფორმის მიხედვით, სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.

როგორც ორგანიზაცია ,,გახსოვდეს" ჰიპოკრატეს" დამფუძნებელი, ჯანდაცვის ექსპერტი მარინა ბერაძე აცხადებს, წამლებს თვითნებურად ვეღარავინ გააძვირებს. თუმცა, კონტროლი უნდა იყოს მკაცრი, რისთვისაც შეიძლება სპეციალური საზედამხედველო სტრუქტურა შეიქმნას, რომელიც ამ პროცესს მონიტორინგს გაუწევს.

,,იდეა კარგია, რომლის განხორციელებაც არ არის მარტივი, რადგან აუცილებელია ბალანსის დაცვა,  როგორ ურთიერთქმედებაში მოვა  ჯანდაცვის პროგრამა კერძო  სადაზღვევო კომპანიების საქმიანობასთან. სახელმწიფო მხრიდან ინიციატივა ნამდვილად მისასალმებელია, ვინაიდან ადამიანებს არ მოუწევთ დამატებითი თანხის გადახდა.

ამ შემთხვევაში სახელმწიფო დონეზე აუცილებლად უნდა შეიქმნას საზედამხედველო ინსტიტუცია, რომელიც ამ პროცესს გააკონტროლებს. თავდაპირველად სისტემური სახე უნდა მიეცეს და მერე უკვე იმ საჭიროებების მიხედვით, რაც კონკრეტულ მომენტში გამოიკვეთება", - განუაცხადა მარინა ბერაძემ ,,რეზონანსთან" და აღნიშნა, რომ რეფორმის განხორციელების გზაზე ქვეყანამ განვითარებული სახელმწიფოების პრაქტიკით უნდა იხელმძღვანელოს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ უმეტეს ქვეყნებში დაზღვევის ბაზარზე სახელმწიფოს წილი ძალიან მცირეა, საქართველოში კი პირიქითაა.

,,განვითარებულ ქვეყნებში ბაზრის დიდი წილი კერძო დაზღვევას უჭირავს. ჩვენ კი გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც დაზღვევა არ არის. ახლა ვადგავართ ამ გზას, როცა ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, სერიოზულ ცვლილებას ველოდებით, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უნდა მოერგოს. ამას სჭირდება კანონები, ახალი ინტერპრეტაცია და მორგება ქართულ სინამდვილესთან, თუნდაც ის, რომ ამ სხვადასხვა ინსტუტუციას (სახელმიფო და კერძო) არ შეიძლება ერთი მფლობელი ჰყავდეს. 

მაინც ვშიშობ, არ დაზარალდნენ დაზღვეული პაციენტები, არ გაუძვირდეთ სერვისი, სხვა პრობლემას ვერ ვხედავ. როგორ მოხდება სადაზღვევო კომპანიების მხრივ სიახლის გაზიარება, ეს არის მნიშვნელოვანი", -  განაცხადა ბერაძემ.

რეფერენტული ფასების დაწესებას ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მხრივ წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს ჯანდაცვის ექსპერტი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომლის თქმითაც, „ახალი ველოსიპედის გამოგონება“ სულაც არ არის საჭირო, რადგან ხელისუფლებას კარგად აქვს ნააზრევი და ცნობილია გზები, რითაც წამლის ფასთან დაკავშირებული პრობლემა საბოლოოდ უნდა მოგვარდეს.

ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტის დროს ჩატარდა 6-თვიანი მოკვლევა და დაიდო რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის.

,,ხელისუფლებისთვის წინასწარ არის ცნობილი, რაც უნდა გაკეთდეს. ამ საკითხზე ადრეც იყო ყურადღება გამახვილებული. მას შემდეგ, რაც უნივერსალური ჯანდაცვა შემოვიდა, პრობლემად რჩება სწორედ მედიკამენტებზე დანახარჯები მოსახლეობისთვის, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხალხის გაღარიბებას იწვევს. ჯანდაცვის კომიტეტში ჩემი მუშაობისას ჩატარდა 6-თვიანი მოკვლევა, ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული,  დაიდო რეკომენდაციები, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ხარისხიან წამლებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა.

ვფიქრობთ, რეგულაციით შესაძლებელი გახდება ადმინისტრაციული ბარიერები  მოიხსნას, კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს და წამლის ფასი ხელმისაწვდმომი გახდეს, რა მხრივაც რეფერენტული წამლების დაწესება მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში იყო ხარვეზი და ახლა მიდის გაჯანსაღება. ფარმაცევტული კომპანიები  თვითნებურად ვერ გაზრდიან ფასს. ადრე თუ გვიან განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაზე თუ არ გადავალთ, სამომავლოდ ბევრი დაბრკოლება შეგვექმნება", - განუცხადა ,,რეზონანსს" ზოიძემ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით, 2022 წლის მარტიდან, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80%-ით შეამცირა საქართველოში ზოგიერთი მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×