"დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებთ"
გვანცა წულაია
17.11.2022

რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს ლოგისტიკური როლი გაიზარდა. ქვეყნისკენ ტვირთების ნაკადი დაიძრა და შუა დერეფნის მუშაობა გააქტიურდა. ამის პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნებთან საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის გაფართოებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ფინანსური შემოსავლია გარდა, კიდევ რა სარგებელს მიიღებს საქართველოს დერეფნის გაძლიერებით? 

გაზრდილი ტვირთნაკადის ფონზე, საქართველო საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის თაობაზე ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმებების გაფართოებაზე აქტიურად მუშაობს. არსებული ტვირთნაკადების, ასევე საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლაზე მგზავრთა მოთხოვნების და გადამზიდველების წინადადებების შესწავლის საფუძველზე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო პერმანენტულად აწარმოებს მოლაპარაკებებს ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმებების გაფორმების თაობაზე პარტნიორ ქვეყნებთან.

„ბოლო პერიოდში მომზადდა საავტომობილო მიმოსვლის სფეროში საქართველოს მთავრობათაშორისი შეთანხმებების პროექტები კვიპროსის რესპუბლიკასთან, ჩეხეთის რესპუბლიკასთან, სლოვენიის რესპუბლიკასთან, თურქმენეთთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, თურქეთის რესპუბლიკასთან (ახალი ვერსია), მონღოლეთთან და სერბეთთან.

სისტემატურად იმართება საერთაშორისო დონის შეხვედრები საავტომობილო მიმოსვლის სფეროში პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ წარმომადგენლებთან ორმხრივი შერეული კომისიის ფორმატში. 2021-2022 წლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები თურქეთის, ყაზახეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკებთან. ასევე, მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება შეხვედრები სერბეთთან და ლიეტუვასთან“, - უთხრეს "კომერსანტს” სააგენტოში.

ამრიგად, ქვეყანა გაზრდილი ტვირთნაკადების უფრო მეტად გაზრდაზე მუშაობს და ამ ფონზე საიტერესოა, ფინანსური მოგების გარდა, კიდევ რა სარგებელს მიიღეს საქართველო სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე ტვირთების მასშტაბურად და აქტიურად გადინებისთვის.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ახლა საქართველო სხვადასხვა კუთხით ეძლევა კარგი შესაძლებლობის და სარგებლის მიღება.

"ძალიან მნიშვნელოანი ამბავია შუა დერეფნი, რომელიც არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სამარშრუტო გზა და ტრანზიტი. აქ საქართველოს აქვს უმთავრესი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან დიდი პერსპექტივას უქმნის ჩვენს ქვეყანა, რადგან გაიზრდება (და უკვე ასეც მოხდა) გადაზიდვები. ვგულისხმობ, როგორც სახმელეთო, ისე სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო მიმართულებას. ზოგად მონაცემებს თუ ავიღებთ, სახმელეთო და საფაერ მიმართულებით, ჯამურად, დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი გადაზიდული ტვირთების მოცულობა, ზღვის მიმართულებით, დაახლოებით 15%-იანი მოიმატა, 2021 წლეთან შედარებით.

ევროპა აქტიურად ეძებს ალტერნატივებს რუსეთის მიერ ომის დაწყების პარალელურად. ერთ-ერთი მთავარი სწორედ საქართველოა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებთ, ვინაიდან ამით ისარგებლებს როგორც ქვეყნის ბიუჯეტი, ისე მოსახლეობაც, გამომდინარე იქიდან, რომ გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავლები, რაც განაწილდება ჩვენს მოსახლეობაზე. განვითარდება ბიზსნესი, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

თუ მხოლოდ გადაზიდვებს არ მოვიაზრებთ და განვიხილავთ ნავთობსადენსაც, როგორც არის ბაქო-თბილის-ჯეიჰანი და აზერბაიჯანისგან მომავალი ნავთობსაც, ვიცით, რომ დღესდღეობით ტრანზიტის საშუალებით, რასაც აზერბაიჯანი ახორციელებს საქართველო გავლით, ქვეყანას რჩება იაფი გაზი და ის ენერგიკრიზისი, რომელიც მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაშია, საქართველოს არ შეხებია. შესაბამისად, მსგავსი ტრანზიტები და სატრანზიტო მდებარეობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, რომ ამ კუთხითაც ისარგებლოს, უფრო დაბალ ფასად მიიღოს ენერგორესურსები, გაზარდოს შემოსავალი და ა.შ. ასე, რომ ძალიან ბევრი კუთხით ეძლევა საქართველოს ძალიან კარგი შესაძლებლობა”, - განუცხადა გიორგი კაპანაძემ "რეზონანსს”.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ცაგარეიშვილიც ადასტურებს, რომ მართალია, ტვირთნაკადი გაზრდილია, რაც უდაოდ დადებითია, მაგრამ ამასთან ერთად არსებობს პრობლემებიც, რომელიც აუცილებლად გამოსასწორებელია.

"სიტუაციას ცოტა სხვანაირად შევხედოთ. მიმდინარე ომის პერიოდში მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირის ქვეყნებთან უნებართვო მიმოსვლას მიაღწიეს. ამ ტიპის მიმოსვლა არის ძალიან დიდი პროგრესი ჩვენი ყაიდის ქვეყნებისათვის. ამ სიაში კი საქართველო არ შედის. ქართველ გადამზიდავს ჯერ კიდევ სჭირდება ძალიან პრობლემური და რთულად ასაღები ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელი ნებართვა.

მთავარი არის რამდენიმე პრობლემის გადაჭრა. პირველი – როგორმე საქართველოს შეეძლოს ევროკავშირის ქვეყნებთან უნებართვო სისტემის აწყობა და მეორე - თუ ამას ვერ შევძლებთ, ნებართვების რაოდენობის გაზრდა მოხერხდეს, რადგან დღესდღეობით საქართველოდან, თუ არ ვცდები, 1500-დან 2000-მდე ერთეული ნებართვა გაიცემა, რაც ძალიან ცოტაა. როდესაც ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს ნებართვების რაოდენობის ეტაპობრივად გაზრდა. ასე რომ, ბევრი საკითხი არის მოსაწესრიგებელი სანებართვოს მიმართულებით, რომ უფრო გაადვილდეს და ქართველი გადამზიდავისთვის შესაძლებელი იყოს არა თურქეთში, არამედ ევროპულ ბაზარზე მოიკიდოს ფეხი.

რაც შეეხება ტვირთნაკადს, რა თქმა უნდა, გაზრდილია და დადებითადაც შეიძლება შეფასდეს, მაგრამ სატრანზიტო გადასახადის გაძვირება არ არის მისაღები. 200 ლარი იყო და მგონი, 320 ლარი გახდა. პარკში მანქანის შესვლა 30 ლარი ღირდა და 80 ლარამდე გაძვირდა. მეწარმე ამას ჯიბეში ხელის ჩაყოფად აღიქვამს. მოკლედ რომ ითქვას, ერთი მხრივ თუ რაღაც დადებითი ტენდენციებია, მეორე კუთხით პრობლემებიც არსებობს”, - განაცხადა "რეზონანსთან” პაატა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ სწორი და გამართლებულია ქვეყანა მაგისტრალურ გზებს რომ ანვითარებს, მაგრამ ეს დროში ჩამორჩენილია.

"თუ გლობალურად და ზოგადად ვიტყვით, ნებისმიერი ქვეყნის მაღალი დონის შესაძლებელობაზე მიუთითებს ის არგუმენტი, რომ მას გააჩნია გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. მიმართულება სწორია, რომ ქვეყანა ანვითარებს თავისი მაგისტრალურ გზებს. ამაზე უნდა დაშენდეს ლოგისტიკური ცენტრები, ადგილობრივი საწარმოების გზები მიერთება და ა.შ. როგორც გითხარით, ეს ნაბიჯი სწორი და გამართლებულია, უბრალოდ, დროში ძალიან ჩამორჩენილია. როდესაც პროექტი თავის ვადაში არ სრულდება, ეს დიდ გაურკევლობას იწვევს”, - აღნიშნა "რეზონანსთან” ცაგარეიშვილი. 

როგორც ცნობილია, პანდემიის დაწყებისა და მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ტვირთის გადაზიდვის ხარჯები რეკორდულად გაიზარდა და 2021 წლის სექტემბერში კონტეინერით სარგებლობის საფასურმა 11 000-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა. ამან იმდენად დიდი პრობლემა შექმნა, რომ ბევრმა გადამზიდავმა უარი თქვა ჩინეთიდან იმპორტზე და ახალ ბაზრებზე გადაერთო. გადაზიდვებზე მიმდინარე ომმაც ჰპოვა თავისი ასახვა, თუმცა ამჟამად კონტეინერების გამოყენების მაჩვენებელი 5000 დოლარს ქვევით არის ჩამოსული. გაიაფების ტენდენცია რამდენიმე თვეა გრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×