ხორბლის მარაგი მაქსიმალურია და საერთაშორისო ბაზარზეც განსაკუთრებული სტაბილურობაა
გვანცა წულაია
17.11.2022

შეთანხმება მიღწეულია - უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ოთხი თვით გახანგრძლივდა, რაც იმის გარანტიაა, რომ უკრაინული პროდუქციით დატვირთული გემები უსაფრთხო კორიდორს მიიღებენ და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე გატანას შეძლებენ. სტაბილიზაცია არის და იქნება საქართველოშიც, რადგან ქვეყანა რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული და იქ კი ხორბლის მზარდი მოსავალია, თანაც განიხილება საბაჟო გადასახადის ახალი ფორმულირება, რაც ბაჟს შეამცირებს. აქედან გამომდინარე, ზამთარი მარტივი გადასატანი იქნება, როგორც გლობალურად, ისე ქვეყნის შიგნითაც.

მარცვლეულის დერეფნის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის როლს გაერო და თურქეთი ასრულებდნენ. აღსანიშნავია, რომ დადებითი ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი 2.3%-ით შემცირდა და ბუშელი (25კგ) მარცვლეულის ღირებულებამ 7.98 დოლარი შეადგინა.

მარცვლეულის დერეფნის გახანგრძლივება მომავალში სტაბილიზაციას გამოიწვევს. გადაწყვეტილება ზამთრის მარტივად გადატანის საწინდარია. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ვითარება დამშვიდდება.

"მსოფლიოსთვის ეს დადებითი სიგნალია, რადგან უკრაინა მარცვლეულის ძალიან სერიოზული მიმწოდებელია, როგორც ხორბლის, ისე სიმინდის, ზეთის და შროტის. შეთანხმების გაგრძელდება დამოკიდებული იყო იმაზე, რომ რუსული ხორბლი და სასუქები შეუფერხებლად გავიდეს საერთაშორისო ბირჟებზე. პირველი შეთანხმების დროსაც, მემორანდუმი გაფორმდა და გარკვეულწილად რუსული ხორბლის წვდომა მსოფლიოში შეზღუდული არ იყო, მაგრამ მუშაობდა ე.წ. მეორადი სანქციები. ეს გულისხმობს იმას, რომ თვითონ ხორბალი და სასუქი მსოფლიო ბაზარზე სანქციებული არ იყო, თუმცა სანქცირებული იყო რუსულ პორტებში გემების შესვლა და მარცვლეულის გამოტანა, ასევე რუსული ტვირთით დატვირთული გემების შესვლა ევროპულ პორტებში.

ახლა გაეროს გენმდივნისა და თურქეთის პრეზიდენტის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ეს პრობლემა მოხსნილია, რადგან ორმხრივი ინტერესი არსებობს, რომ მსოფლიოს მიეწოდოს მარცვლეული. რუსეთს ხორბლის რეკორდული მოსავალი აქვს და უახლოესი თვეებში უფრო მეტ ხორბალის მიაწოდებს ბაზრებს, ვიდრე წინა თვეებში. ესეც ის ფაქტორია, რომელიც მინიმუმ, ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს და შესაძლოა, კლებაც კი ვიხილოთ”, - განაცხადა "რეზონანსთან” სილაგავამ.

საქართველო უკრაინულ ხორბალზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ გადაწყვეტილება მსოფლიო ტენდენციებზე იმოქმედებს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გავლენა კი საქართველოზე დიდია. სილაგავა ამბობს, რომ ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის მარაგი არსებობს და ფასების მხრივაც სტაბილური მდომარეობაა. მთავარ მომწოდებელ ქვეყანაში კი, შესაძლოა, საბაჟო გადასახადის ახალი ფორმულა შემუშავდეს, რომელიც ბაჟს შეამცირებას, რაც ხორბლის შემოტანისთვის კარგი იქნება.

"რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ბაზარზე ტენდენცია დადებითია. ფასები ქვევით წამოვიდა და 80 ლარიდან ერთი ტომარა ფქვილი, 70 ლარს ჩამოსცდა. იმპორტირებული ფქვილიც დაახლოებით ამ ფასში შემოდის. რუსეთში დაწესებული მცურავი ბაჟი 50 დოლარის ფარგლებშია და აქაც გარკვეულ სტაბილიზაციაა. შესაძლებელია, რომ რუსეთმა გადახედოს კიდევ საექსპორტო განაკვეთს და შეამციროს.

აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ ხორბლის ბაზარიც იმუშავებს და ფქვილისაც, რადგან გვახსოვს, რომ წინა წელს ფქვილმა ჩაანაცვლა ხორბალი, რამაც წისქვილები გააჩერა, მიზეზი სწორედ საბაჟო გადასახადი იყო. ახალი ფორმულა თუ შემოვიდა, მაშინ ხორბლის რუსეთიდან გამოტანას უფრო ექნება აზრი და ფქვილთან კონკურენციაში შესვლას შეძლებს, რაც მარაგზე დადებითად აისახება.

ახლანდელი ფორმულით საბაჟო გადასახადი შემდეგნაირად გამოიანგარიშება – მოსკოვის ბირჟის ყოველკვირეულ ფასს, რაც დაახლოებით საერთაშორისო ღირებულებას უტოლდება, გამოკლებული 200 დოლარი, რომელიც მუდმივია, არ იცვლება, და რაც დარჩება იმის 70%. ეს მუდმივა - 200 დოლარი რუსეთს გადაყვანილი აქვს 15 ათასს რუბლში. ახალი ფორმულის მიხედვით კი, 15 ათასი რუბლის ნაცვლად, შეიძლება იყოს 3 ათასი რუბლის მეტი, ანუ 18 ათასი რუბლი. რაც მეტია მუდმივა, სხვაობა მით ნაკლებია. როგორც გითხარით, მუდმივას – 15 ათასი რუბლის გაზრდას აპირებენ 18 ათას რუბლამდე და სხვაობა მსოფლიოს ფასსა და 18 ათასს შორის უფრო მცირე გამოვა, ვიდრე მსოფლიო ფასსა და 15 ათასს შორის, რომელიც ახლა მოქმედებს, ამიტომ ბაჟი იქნება ნაკლები”, - დასძინა "რეზონანსთან” ლავან სილაგავამ.

ქვეყანაში რომ სტაბილიზაციაა და მომავალშიც იქნება, ამას ადასტურებს პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძეც და აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში ზამთარი მარტივი გადასატანი იქნება.

"ქვეყანაში ფქვილიც შემოდის და ხორბალიც. მაგალითად, ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ 10 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა პორტებში. გარდა ამისა, ვიცი, რომ ასევე 10 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა ერთ-ერთმა წისქვილმა. ქვეყანაში მარცვლეული შემოდის ტრაილერებითაც. ასე რომ, დღეს არც ხორბალზე და არც ფქვილზე არანაირი თავის ტკივილი არ გვაქვს. ქვეყანაში მარაგი არსებობს.

საინტერესო არის ის, რომ რუსეთიდან შემოტანილი და საქართველოში გადამუშავებული ფქვილი ფასში ერთმანეთს დაუახლოვდა. ადრე განსხვავება 5 ლარში იყო, ახლა კი სხვაობა 2-3 ლარია, შეიძლება ამდენიც არ იყოს. თუ კონკურენცია ასე გაიზარდა, შესაძლოა, ფქვილის ფასმა ცოტა კიდევ დაიკლოს, ამიტომ პურის ფასი შენარჩუნება, ამას ვამბობდი ადრეც და ახლაც იგივე გიდასტურებთ.

რა თქმა უნდა, ზამთარიც მარტივი გადასატანი იქნება. ყველა ქვეყანას უთხრეს, რომ თავიანთი სასურსათო სუვერენიტეტი დაიცვან. ყველამ უნდა იფიქროს სავსე ბეღელზე. ჩვენთან, შარშანდელთან შედარებით, წელს ხორბლის მოსავალი მეტი იყო. როდესაც ბევრმა ფერმერმა ნახა, რომ ხორბლის ფასები 500 დოლარზე ავიდა, მიწას მიუბრუნდა და მარცვლეულის თესვა დაიწყო. თუ ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ კარგის მომტანი იქნება”, - აღნიშნა "რეზონანსთან” საუბრისას მალხაზ დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×