ვახტანგ იობაშვილი: "რეგიონში ბევრი უცხოელი შემოდის ქვეყანაში და ჩვენ კეთილსინდისიერი ბიზნესი გვჭირდება"
ქეთო გოგოხია
21.11.2022

საქართველოში საწვავის ბაზარზე კონტროლის გაძლიერებაა საჭირო. არსებული ინფორმაციით, მეზობელი რეგიონებიდან აღურიცხავი საწვავის  შემოტანის ფაქტები გახშირდა, რაც საქართველოს ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, შემომტანები სატრანსპორტო საშუალებები არიან, როგორც ტრანზიტად გამავალი, ასევე კერძო სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც არასტანდარტული ავზები აქვთ დამონტაჟებული და ამის საშუალებით ახერხებენ დიზელის საწვავის შემოტანას.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ყურადღებას ამახვილებს, საწვავის ხარისხს და ავტოგასამართ სადგურებზე ჩასხმის სიზუსტეს უკავშირდება.

,,ჩვენ ბოლო წლებში მუდმივად ვსაუბრობთ, რომ მოსაზღვრე ქვეყნებიდან  (აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან) ხდება აღურიცხავი პროდუქტის შემოდინება. ეს არაორგანიზებული ბიზნესია, რომელსაც დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერს ვუხერხებთ. ლეგალური ბიზნესისა და ეკონომიკისთვისაც მთავარი მტერი არის კონტრაბანდა. არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ აღურიცხავი საწვავი  შემოდის აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან აფხაზეთის საშუალებით. სამეგრელოში, სოფელიც კი ვიცით, სადაც კონტრაბანდული საწვავი შემოაქვთ.

ტრანსპორტირება ხდება ე.წ. ტრაილერებით, ყველა მათგანს აქვს მაღალი ტევადობის, სამტონიანი ავზები დამონტაჟებული. საქმე ისაა, რომ თურქეთში ამ მხრივ სხვა სიტუაციაა, ვიდრე აზერბაიჯანსა და რუსეთში. ვინაიდან იქაურ ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის საწვავი იაფია, ეს არის ძალიან მტკივნეული ფაქტორი. 7-8 ათასი ტონა აღურიცხავი დიზელი ქართული ეკონომიკისთვის ძალიან დიდი ზარალია. შეიძლება, ყველგან შემოვიდეს ასეთი საწვავი, მაგრამ ძირითადი  დისლოკაციის ადგილები ცნობილია - თბილისის შემოვლითი გზა, ასევე  დიდი ტრაილერების თავმოყრის ადგილები მარტყოფთან, სადაც  ტრაილერების ე.წ.  სადგომებია და მას ყურადღება უნდა მივაქციოთ. 

ზოგადად უმძიმესი ვითარებაა, შემოდის აღურიცხავი დიზელი შემოდის არა მარტო ტრაილერებით, სამგზავრო ავტობუსებითაც. ცხადია, ეს აკლდება კეთილსინდისიერ კომპანიებს. გარდა ამისა, ეს ფული აკლდება საქართველოს ეკონომიკას, ბიუჯეტს, სოციალურ პროგრამებს და ვზარალდებით. ამიტომ ზომები უნდა მივიღოთ“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

სამწუხაროდ, საწვავის ბაზარზე დიდი პრობლემაა ჩასხმის სიზუსტეც, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონტროლი ამ მიმართულებითაც არის გასაძლიერებელი, რა მხრივაც მთავრობას სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

,,წინა საუკუნის ავტოგასამართი სადგური ბევრია ქვეყანაში. გადაუჭარბებლად ვიტყვი, ძნელია გააკონტროლო ღობეში გადმოყოფილი მილები. ასე თუ გაგრძელდა, იმ ეპოქაში დავბრუნდებით, როცა საწვავი იყიდებოდა სპეციალურ ადგილას ე.წ. "კანისტრებით", მაგრამ არც ერთი არ პასუხობდა სტანდარტს. აუცილებელია, ავტომობილების ხარისხიანი საწვავით გამართვა, რომ არ გააფუჭდეს ტრანსპორტი.  მკაცრი ზომებია საჭირო, თუ არ გვინდა, რომ დავუბრუნდეთ  წინა საუკუნეს, როცა  ნახევარი ეკონომიკა ამ აღურიცხავი სადგურების მფლობელებს მიჰქონდათ.

მთელი ეს სისტემა გასაკონტროლებელია. ყველა საწვავს მოჰყვება გარკვეული ოდენობით  წყლის მასა, რომელიც გროვდება რეზერვუარში, მიჰყვება საწვავს, რაც ავტომობილზეც ცუდად მოქმედებს. ამბიცია გვაქვს, რომ ტურისტული ჰაბი გავხდეთ რეგიონში ბევრი უცხოელი შემოდის  ქვეყანაში და ჩვენ კეთილსინდისიერი ბიზნესი გვჭირდება. ვერავის გავალანძღვინებთ თავს. ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯზე ნეგატიურად აისახება და არ უნდა დავუშვათ“, - დასძინა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურმა დამატებითი რეგულაციები დააწესა და ზომები გაამკაცრა, აღურიცავი პროდუქცია ბაზარზე ისევ არის, რაც საბოლოოდ ლეგალური ბიზნესის ბრუნვაზე უარყოფითად  აისახება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×