"ამდენი შემოსავალი საქართველოშიც კი მქონდა... ახლა ძალიან ვდარდობ"
თიკა სიბოშვილი
21.11.2022

მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, მდგომარეობა თითქმის ყველა ქვეყანაში რთულდება. შესაბამისად, ცუდ სიტუაციაში თანდათან ქართველი ემიგრანტებიც აღმოჩნდნენ. ევროპაში კრიზისი მწვავდება სამსახურის მოძებნა რთულდება, ხოლო ანაზღაურება კი მცირდება. ბოლო წლებია საქართველოდან წასული ადამიანების უმეტესი ნაწილი ოჯახებს ამ გზით ეხმარება და ბევრი მათგანი ახლა იქეთ დასახმარებელია.

ახლა მსოფლიოში მდგომარეობა შეცვლილია. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ეკონომიკური კრიზისი არა მხოლოდ რეგიონს, არამედ ევროპის მთელ კონტინენტსაც შეეხო, რამაც კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა. ევროპაში ახლად ჩასულ ემიგრანტებს სამუშაოს მოძიება უჭირთ. ამას ადასტურებს 1 თვის წინ იტალიაში წასული სოფო მიხაილაშვილი, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ მუშაობას უცხო ქვეყანში ჩასვლისთანავე დაიწყებდა.

„ემიგრანტობა მარტივი არ არის, არც ისა ადვილი, ადგე და უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წამოხვიდე. საქართველოში ისეთი მდგომარეობაა, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში ჩემთანაც დადგა. წამოსვლისას ყველა მაიმედებდა, მეუბნებოდნენ, რომ სამსახურის მოძებნა არ გართულდებოდა, არც ანაზღაურების საკითხი იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ჩამოსულს სულ სხვაგვარი სიტუაცია დამხვდა.

ყოველ დღე ველოდები სიახლეს, მინდა, მუშაობის დაწყება, მაგრამ ადგილები არ არის. შედარებით დაბალ ანაზღაურებაზეც კი თანხმა ვარ, თუმცა, არც ასე გამოდის“, - აღნიშნა მიხაილაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

მსგავსი მდგომარეობა, არა მხოლოდ იტალიაშია, არამედ სხვაგანაც. მაგალითად, საბერძნეთშიც საქართველოდან ჩასული ემიგრანტები სამუშაოს ძიებაში, დროს ტყუილად კარგავენ. როგორც, ლელა ტურიაშვილი ამბობს, კარგი სამსახური არ არის. ადგილობრივები აღარ იხდიან ისეთივე ანაზღაურებას როგორც ადრე.

„ჩემი ბევრი მეგობარი და ნაცნობია წამოსული საბერძნეთში. წლებია აქ მუშაობენ, როგორც მათ დამაიმედეს სამსახურს მარტივად ვიშოვიდი, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. არის მომენტები, როცა შემოთავაზებები გამოჩნდება, ხოლმე მაგრამ ანაზღაურება იმდენად ცოტაა მუშაობა არც მიღირს. ამდენი შემოსავალი საქართველოშიც კი მქონდა. ახლა ძალიან ვდარდობ, მინდა, რომ მუშაობა დროულად დავიწყო, რადგან ჩემი შემოსავალი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია“ , - უთხრა ტურიაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსს“.

ადამიანთა უდიდესი ნაწილი, სამშობლოსა და ოჯახის წევრებს იმიტომ ტოვებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკურად რთული მდგომარეობაა, მაღალია ინფლაცია, სურსათი ძვირია, ხელფასი კი არაფერში ჰყოფნით. დღესდღეობით ევროპაში წასულებსაც იგივე სიტუაცია ხვდებათ, რაც ძალიან რთულია და არც გამოსავალის პოვნაა ადვილი. 

როგორც საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავჯდომარე ზვიად ტომარაძე აღნიშნავს, სახელმწიფოს მოსახლეობის მოვლა-პატრონობა უნდა შეეძლოს.

„ეს მდგომარეობა არის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგი. აუცილებელია, რომ ქვეყანამ რამე აწარმოოს, შექმნას დოვლათი, დაასაქმოს საკუთარი მოსახლეობა. 3,7 მილიონი მოსახლეობის მოვლა-პატრონობასა და ფეხზე დაყენებას მონდომებისა და სურვილის გარდა სხვა არაფერი სჭირდება, თუმცა სახელმწიფოს ორიენტირი ამაზე აღებული არ აქვს, რაც ძალიან სამწუხაროა.

არსებული ვითარების გამო, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, ოჯახის გამოსაკვებათ მიემგზავრებიან სხვა ქვეყნებში, თუმცა ბოლო დროს მსოფლიოშიც ძალიან შეიცვალა ვითარება. იქაც ჭირს სამსახურის მოძებნა, ანაზღაურება კი უკვე მაღალი არ არის“, - აღნიშნა საუბრისას ტომარაძემ და დასძინა, რომ საქართველო საკუთარი რესურსების გამოყენებას თუ დაიწყებს, ეს მდგომარეობას გამოასწორებს და ემიგრანტთა გადინებაც ასეთი მაღალი აღარ იქნება.

„ჩვენ უნდა გავხდეთ მწარმოებელი ქვეყანა. პირველ რიგში, უნდა დავიცვათ სასურსათო უსაფრთხოება, გავხდეთ თვითკმარი ქვეყანა. ჯერ მხოლოდ სოფლის მეურნეობაში შეიძლება დასაქმდეს ძალიან დიდი წილი ჩვენი მოსახლეობისა და გარდა ამისა, უნდა ვაწარმოოთ ყველაფერი, რაც შემოგვაქვს. ამის შემდეგ კი ექსპორტზე გატანაზეც უნდა ვიფიქროთ. მაგალითისთვის, ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, სომხეთთან შედარებით 25-ჯერ ნაკლებ თევზს ვაწარმოებთ მაშინ, როცა რესურსი ჩვენ უფრო მეტი გვაქვს.

უნდა დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები და შევაჩეროთ მოსახლეობის გადინება. საქართველო დღეს საკუთარი მოსახლეობის ექსპორტს ახორციელებს, როცა შეგვიძლია პირიქით - გავიტანოთ პროდუქცია და ემიგრანტებიც ჩვენს ქვეყანაში დავაბრუნოთ“, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ტომარაძემ.

ეკონომიური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები დღემდე ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველები ემიგრაციაში მიდიან. ახლა მნიშვნელოვნი სახელმწიფოს პოლიტიკაა, რა გზას აირჩევენ და შესთავაზებენ ამ ადამიანებს დასახმარებლად. როგორც დემოგრაფი თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რთულია იმის თქმა თუ რა უნდა მოიმოქმედონ ემიგრანტებმა უცხო ქვეყანაში.

„მთელი მსოფლიო ვდგავართ ეკონომიკური კრიზისის წინაშე, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. თითქმის ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ იყოს მოზომილი საკუთარი მოქალაქეების მიმართ და ნაკლებად დაასაქმონ უცხო ქვეყანებიდან ჩასული არალეგალები. ბუნებრივია, რომ ყველა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ მოსახლეობაზე ფიქრობს. ამიტომ რთული ვითარების პირისპირ აღმოჩნდნენ ქართველი ემიგრანტები და ჯერჯერობით მათთვის არც გამოსავალი ჩანს“, - აღნიშნა ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ ქვეყანას შრომითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული რამდენიმე სახელმწიფოსთნ, რაც მათ ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.

„საქართველოს შრომითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული რამდენიმე სახელმწიფოსთან. მოქალაქეებს შეუძლიათ ოფიციალურ სამსახურებში დასაქმდნენ ერთწლიანი ოფიციალური ვიზით. ეს მისაღებია თუ არა ემიგრანტებისთვის ცალკე საკითხია, თუმცა ძალიან ბევრი ქართველი მიდის ემიგრაციაში ამ პროგრამით. როგორც საერთაშორისო წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას, ამ კუთხით სამუშაო ადგილები არ შემცირებულა“, - დასძინა ჩიბურდანიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×