"მოსახლეობისათვის საკრედიტო უღელი სულ უფრო და უფრო მძიმდება”
გვანცა წულაია
24.11.2022

ვადაგადაცილებული სესხები ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად რჩება. მსესხებლების გარკვეული ნაწილი ვალდებულებებს ვერ ისტუმრებს. საქართველოში დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანს სესხი აქვს აღებული და მათგან ყოველ მეექვსე-მეშვიდე მსესხებელს მისი დაფარვა უჭირს, რაც მთლიანი კატეგორიის 16-17 პროცენტია.

2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში საბანკო კრედიტზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება 312 899 მსესხებელს, თანამსესხებელსა და თავდებს აქვს. "კრედიტინფო" საქართველოს მონაცემებით, სექტემბერთან შედარებით, ვადაგადაცილების მქონე მსესხებლების რაოდენობა ოქტომბერში 1632-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების ძირი თანხის ჯამურმა მოცულობამ 2 მლრდ 613 მლნ ლარს გადააჭარბა.

31 ოქტომბრის მდგომარეობით, ჯამში ვადაგადაცილება 4.4 მლრდ ლარის სესხზე აღინიშნება. მსესხებლების ჯამური რაოდენობა, რომელთაც კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სესხის გამცემი სუბიექტების (მათ შორის, ლომბარდი და კოლექტორი), ასევე სალიზინგო და სხვა კომპანიების ვალზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვთ, 574 715-ია.

ვადაგადაცილება გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა სიღარიბის დონე, შემოსავლების უთანასწორობა, რისკების არასწორი შეფასება და სხვა. სესხის გადაუხდელობის მიზეზი შეიძლება გახდეს გაცვლითი კურსიც. თუ მომხმარებელს კრედიტი აღებული აქვს დოლარში, ხოლო შემოსავალი ლარში უფიქრსირდება, ეს ფაქტი მნიშვნელოვანი საკრედიტო რისკის წინაშე აყენებს. ლარის შესაძლო გაუფასურება ზრდის უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის ფასს და ხშირ შემთხვევაში ართულებს თანხის გადახდას. მართალია, უკვე თვეებია ლარი მყარდება და მოლოდინიც მიმდინარე ტენდენციის შესაბამისია, თუმცა ზოგად ფაქტორად კურსის დასახელება შესაძლებელია.

"საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ დაახლოებით ყოველი მეექვსე-მეშვიდე მსეხებელი პრობლემურია.

"ეს 312 ათასზე მეტი, ჩემი ვარაუდით, შეიძლება მსესხებლების 10-15% იყოს. დაახლოებით ყოველი მე-6 ან მე-7 მსეხებელი პრობლემურია, მაგრამ ეს რამდენად ზუსტია, ვერ გეტყვით. საბანკო ვალდებულებების შემთხვევაში ვადაგადაცილებული სესხები არის პორტფელის 2%, მაგრამ ზუსტად არავინ იცის რაოდენობრივად რამდენია. სესხების ოდენობა შეიძლება დასახელდეს. ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ მახსოვს, ადრე დაახლოებით 1.8 მილიონი მსესხებელი იყო მთელ ქვეყანაში.

საერთო ჯამში, საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა, მთლიან სესხებთან, ძალიან დაბალია და ვალდებულებების გასტუმრების პრობლემა ძირითადად მოდის არასაბანკო სექტორზე.

მიზეზი კი რის გამოც მოსახლეობა ვალდებულებებს ვერ ისტუმრებს არის ზოგადი სიღარიბე. კონკრეტული შემთხვევები სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგრამ მთლიანობაში მაინც სიღარიბისკენ მივდივართ. ქვეყანაში საშუალო შემოსავალი ძალიან დაბალ ნიშნულზეა. დასაქმებულების ნახევარს ხელფასი აქვს 700 ლარი და ამაზე ნაკლები, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი ყოველ თვე ფულს სესხულობს თავის გასატანად. შესაბამისად, მათი ნაწილი ვერ ახერხებს ამ ვალდებულებისის დაფარვას და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტში აქვთ დავალიანება.

სხვა მიზეზი დაბალი ფინანსური განათლებაც არის. ადამიანებს წინასწარ უჭირს იმის პროგნოზირება, თუ რამდენად შეძლებენ ვალდებულებების შესრულებას, ამიტომ საჭიროა ფინანსური განათლების ამაღლება და მშპ-ს ზრდა, რომელიც ამოგვიყვანს სიღარიბიდან. ეკონომიკური ზრდა საპროცენტო განაკვეთების დაკლებასაც გამოიწვევს, მაგრამ ეს ყველაფერი შორეული პერსპექტივაა”, - განაცხადა "რეზონანსთან” გიორგი კეპულაძე.

"კრედიტინფოს” ცნობით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 6.3%-ს აქვს უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი.

საბანკო სფეროს სპეცილისტი ლია ელიავა აცხადებს, რომ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მზარდია და ვალდებულებების გასტუმრება სულ უფრო მეტ ადამიანს უჭირს.

"ვადაგადაცილებული სესხის პრობლემა დგას აბსოლუტურად ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორში, იმის მიხედვით, თუ როგორია ეკონომიკური განვითარების და მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. ჩვენისთანა განვითარებად და ღარიბ ქვეყანაში ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა მაღალია, რადგან მოსახლეობა დროულად ვერ უმკვალდება თავიანთი საკრედიტო ვალდებულებების გასტუმრებას. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა რიგი რეგულაციები შემოიღო, იმისთვის, რომ პროცესის მზარდი ტემპი შეეზღუდა, მოსახლეობის ცხოვრების დონე მაინც ეცემა.

ვადაგადაცილებული სესხების კლებაზეც აღარ არის საუბარი. რომ დასტაბილურდეს და ზრდის ტენდენცია არ ჰქონდეს, იქნებ, ეს მაინც მოვახერხოთ. ვადაგადაცილება მოსახლეობის ცხოვრების დონის პირდაპირი ინდიკატორია.

სიტუაცია არის მძიმე. ვალდებულებების გასტუმრება სულ უფრო მეტ ადამიანს უჭირს, ამის საფუძველი კი, პირველ რიგში, არის დიდი ინფლაცია, შემდეგ რეფინანსირების მაღალი განაკვეთი და შემოსავლების ჩამორჩენა ინფლაციის მაჩვენებელთან. ეს სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ მოსახლეობისათვის საკრედიტო უღელი სულ უფრო და უფრო მძიმდება”, - განუცხადა ლიამ ელიავამ "რეზონანსს”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×