ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები ცნობილია
გვანცა წულაია
01.12.2022

საქართველოს მთავრობა ბიუჯეტს რეკორდულად ზრდის. 2023 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის მიხედვით, მთავრობის ხარჯები 726 მილიონი ლარით იზრდება და ის 21.9 მილიარდ ლარს მიაღწევს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავრობას რეკორდულად ზრდის საშუალება მაღალ ეკონომიკურმა ზრდამ მისცა და ხაზს უსვამენ იმ მიმართულებებს, რომლებიც სამომავლოდ პრიორიტეტული უნდა იყოს.

სამინისტროების მიხედვით, დაფინანსების ზრდა ბიუჯეტის მეორე წარდგენის პროექტთან ასეთია:

ჯანდაცვის სამინისტრო - 6,858 მლრდ ლარი, ზრდა მეორე წარდგენასთან 60 მლნ ლარი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 3,331 მლრდ ლარი, ზრდა მეორე წარდგენასთან 355 მლნ ლარი;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2,031 მლრდ ლარი, ზრდა მეორე წარდგენასთან 52 მლნ ლარი;

თავდაცვის სამინისტრო - 1,260 მლრდ ლარი, ზრდა მეორე წარდგენასთან არ არის;

შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1,106 მლრდ ლარი, ზრდა მეორე წარდგენასთან 36 მლნ ლარი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 698 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 10 მლნ ლარი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 558 მლნ, კლება მეორე წარდგენასთან 96 მლნ ლარი;

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 431 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 30 მლნ ლარი;

იუსტიციის სამინისტრო - 392 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 23 მლნ ლარი;

საგარეო საქმეთა სამინისტრო - 186 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან 3 მლნ ლარი;

ფინანსთა სამინისტრო - 106 მლნ, ზრდა მეორე წარდგენასთან არ არის.

გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6,798 მლრდ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ პირველად გეგმასთან შედარებით გაზრდილია 771.1 მლნ ლარით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1,978 მლრდ ლარით, აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატის და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2,975 მლრდ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 1,543 მლრდ ლარი, გრანტებში გათვალისწინებულია 13.9 მლნ ლარამდე, კრედიტებში გათვალისწინებულია 1,418 მლრდ ლარამდე.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი, ეკონომისტი ბაჩო ჯინჭარაძე აცხადებს, რომ მთავრობას ბიუჯეტის ზრდის შესაძლებლობა ახალმა ეკონომიკურმა გარემოებებმა მისცა.

"რეგიონში გაიზარდა ჩვენი აქტივობა, ეკონომიკური ჩართულობა. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, რიცხვებში აისახა და მივიღეთ გაზრდილი ეკონომიკური პარამეტრები და გაზრდილი ბიუჯეტი. ეს ნიშნავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განათლებების დაფინანსებას და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ ადამიანებს - მასწავლებლებს, მეხამძრეებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს ხელფასები გაეზრდებათ.

ვიცით, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველის გადახდის უნარიანობა ისედაც არ არის მაღალი და არსებულ მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციაა, გადახდის უნარიანობა კიდევ უფრო მეტად შემცირდა. ბიუჯეტის ზრდა ამ კუთხით აქამდეც უნდა მომხდარიყო, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ნამდვილად მოსაწონია”, - განუცხადა ბაჩო ჯინჭარაძემ `რეზონანსს” და იმ პრიორიტეტებზეც ისაუბრა, თუ სად უფრო მნიშვნელოვანია დაფინანსების გაცემა.

"პრიორიტეტულია განათლების დაფინანსების ზრდა, რაც ასახულია კიდეც დოკუმენტში. ასევე თავდაცვის სამინიტროს დაფინანსება. მართალია, ამ უწყების ბიუჯეტი გაიზარდა, მაგრამ ეს, ძირითადად, სახელფასო ფონდს ეხება. არ ვამბობ იმას, რომ აუცილებლად ომის ბიუჯეტი უნდა გვქონდეს, მაგრამ იმ რელობაში, რომელშიც დღეს ჩვენი რეგიონია, აუცილებლად ვისურვებდი, რომ თავდაცვისკენ მეტი თანხები მიედინებოდეს”, - დასძინა "რეზონანსთან” ჯინჭარაძემ.

გაზრდილი ბიუჯეტი შესაძლებლობას იძლევა, რომ მთელი რიგი მიმართულებები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს, აუცილებელია, პროცესი არ შეწყდეს და გამოყოფილი თანხების მიზნობრივად დაიხარჯოს.

"2023 წლის ბიუჯეტის მატების საფუძველი არის ეკონომიკური ზრდის ტემპი. როდესაც ქვეყანას ასეთი შედეგები აქვს, ბუნებრივია, შემოსავლებიც იზრდება. მომავალი წლის ბიუჯეტის წარმატება ასევე განპირობებული იქნება იმით, რომ ცალკეული დარგები უფრო მეტად გაიზრდება, უფრო შემოსავლიანი იქნება. მაგალითად, ტურიზმის სექტორი მეტად განვითარდება და უფრო მეტ შემოსავალსაც მოიტანს. ასევე მშენებლობა, გადაზიდვები.

მოკლედ რომ ვთქვათ, სხვადასხვა დარგში შემოსავლების გენერირება მრავალმხრივია, რაც იძლევა იმისა საფუძველს, რომ გაიზარდოს ბიუჯეტის მაჩვენებლები.

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ამის პარალელურად გათვალისწინებულია ქვეყანაში ინფლაციის შემცირება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. მშპ-სთან მიმართებით საგარეო ვალის მოცულობაც შემცირდება, რომელიც იყო ძალიან მაღალ ნიშნულზე პანდემიური პროცესების გამო.

პრიორიტეტები ისედაც გამოკვეთილია. იზრდება ჯანდაცვის და სოციალური უსაფრთხოების მიმართულება, განათლების სფერო, ინვესტიციები. საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ დაიხარჯება თანხები, რაც მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად.

მაგალითად ავიღოთ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს, ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოები ტარდება. ჯერ მხოლოდ რიკოთის უღელტეხილი რომ მოვიყვანოთ მაგალითად, იქ მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს და არა მხოლოლ აღნიშნულ ადგილად, არაედ მთელ სივრცეში. ეს კი, როგორც ტრანზიტული ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, პროცესი არ შეწყდეს და მთავარია, რომ გამოყოფილი თანხების მიზნობრივად ხარჯვა, რათა კარგი შედეგი გვქონდეს”, - განუცხადა `რეზონანსს” ავთო სილაგაძემ.

გაზრდილ ბიუჯეტზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაიაც. მისი აზრით, ბიუჯეტის ზრდა კარგ შესაძლებლობებს იძლევა საიმისოდ, რომ მოსახლეობა იყოს უფრო კმაყოფილი, ვიდრე წინა წლებში.

„საქართველოს ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდა მისასალმებელია. ყველაფერთან ერთად აღსანიშნავია, რომ მომდევნო წელს დაგეგმილია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და ასევე საგარეო ვალის მომსახურების კუთხით მნიშვნელოვანი თანხების გადასროლა, რომელიც ვალდებულებებს შეგვიმცირებს და მოიყვანს მას სავალუტო ფონდის სტანდარტებთან შესაბამისობაში.

ბიუჯეტის ზრდა კარგ შესაძლებლობებს გვაძლევს, რათა მაკროპარამეტრები მოწესრიგდეს და ასევე სხვადასხვა კონკრეტული პროექტები დაფინანსდეს, რათა საზოგადოება იყოს უფრო კმაყოფილი“, - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×