პრემიერის ინიციატივის სისრულეში მოყვანით, ტურისტულ სექტორს დამატებით დიდი შესაძლებლობა გაუჩნდება
ქეთო გოგოხია
01.12.2022

მომავალი წლიდან ტურიზმის სფეროში ახალი ლოკაციების ჩამოყალიბებაზე მუშაობა აქტიურ  ფაზაში შევა. მთავრობის მიერ გამოყოფილი რესურსი, ძირითადად, ამ მიმართულებით დაიხარჯება. განვითარების მეტ შესაძლებლობას ექსპერტები სამედიცინო, აგრო და ეკოტურიზმში ხედავენ. აშკარაა, რომ საქართველო ისევ მოიაზრება ტურისტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დასვენების ადგილად, რასაც მთავრობის მხრიდანაც მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს.

როგორც მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამაზე 200 მლნ ლარი გამოიყოფა.

„ჩემი დავალებით, ეს პროგრამა უკვე გამზადებულია. ამის თაობაზე საზოგადოებას რამდენიმე ხანში წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას. აღნიშნული პროგრამა შეეხება როგორც არსებული, ასევე ახალი ლოკაციების განვითარებას. მომდევნო წელს ჩვენ ვიწყებთ ახალი ტურისტული მიმართულების განვითარებას, მათ შორის არსებულის სრულ რეაბილიტაციას და ამ მიზნით, გამოვყოფთ 200 მლნ ლარს", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გააკეთა აქცენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმაც, რომლის შეფასებითაც, საქართველოში ამ დარგის აღდგენის დინამიკა საკმაოდ დადებითად მიმდინარეობს. შესაბამისად, ტურიზმის დარგისთვის აღნიშნული თანხის გამოყოფა ეკონომიკაში მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მოხდა, შედეგად ქვეყანა მიიღებს ახალ მიმართულებებს სხვადასხვა რეგიონში, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურას და ახალ პროდუქტებს.

„პირველ რიგში კი ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკას, გააძლიერებს დარგს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააძლიერებს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

სპეციალისტების  რეკომენდაციაა, რომ გამოყოფილი რესურსის ნაწილი პროფესიული კადრების მომზადებასა და გადამზადებაზე დაიხარჯოს, ამასთან ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა და ახალი ლოკაციების ჩამოყალიბება დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა, რაც სამომავლოდ ტურისტების მოზიდვის დიდ შესაძლებლობას აჩენს. დარგის ექსპერტი, პროფესორი მანანა ალადაშვილი ფიქრობს, რომ ახალი ლოკაციების შექმნის რესურსი, ფაქტობრივად, ყველა რეგიონშია, მათ შორის, ქვემო ქართლში, სადაც ამ მიმართულებით მუშაობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა.

,,მთავრობის მიერ ბევრი საგრანტო პროექტი არის წახალისებული, რაც ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ინოვაციებზეა ძირითადი აქცენტები და ამასთან მხარს უჭერენ ინფრასტრუქტირის მოწყობას, რა მხრივაც მთავრობის ძალისხმევა მოწონებას ნამდვილად იმსახურებს.  ბევრი საკურორტო და ტურისტული ზონის რეაბილიტაცია იგეგმება და ვნახოთ, როგორ გადანაწილდება რესურსი. 

ახალ ლოკაციებთან  დაკავშირებით მუშაობა, ფაქტობრივად, დაწყებულია. ქვემო ქართლში, მაგალითად, 10 ადგილია, სადაც ტურისტუილი მარშრუტები უნდა დაიგეგმოს, ამის პარალელურად უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურაც, მათ შორის, გზების და სხვადასხვა ადგილების კეთილმოწყობა, რაც ახალი ადგილების წარმოჩენაში დაგვეხმარება. რაც შეეხება დარგებს,  აგრო და ეკო, ასევე ღვინის ტურიზმი აქტუალური გახდა.

ჩვენ გვაქვს საუკეთესო ადგილები, მაგრამ მომსახურების ხარისხი დაბალია. საყოველთაოდ ცნობილია, სახელმწიფო დიდ ფულს იხდის, მათ შორის კოლეჯის სტუდენტების მომზადებასა და გადამზადებაში, მაგრამ სასურველი კადრები არ მოდიან. მთავრობა ძალიან უწყობს ხელს სერვისების განვითარებას და მეტი შედეგი უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა ,,რეზონანსთან“ საუბრისას მანანა ალადაშვილმა.

ტურიზმის მიმართულებით მთავრობის ხელშემწყობი ღონისძიებები შეაფასეს ეკონომისტებმაც. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე ფიქრობს, რომ გამოყოფილი რესურსი მივიწყებული ან ნაკლებად ცნობილი  კურორტების განვითარებას უნდა მოხმარდეს, რაც ქვეყანას დიდ შემოსავალს მისცემს. აქცენტები აქცენტი საზღვაო, სამთო და სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზეც უნდა გაკეთდეს.

,,მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის ზრდის პარალელურად ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის გამოიყო  დამატებით 200 მილიონი ლარი. კარგი იქნება, თუ ეს რესურსი ახალი და ნაკლებად განვითარებული კურორტების კეთილმოწყობას მოხმარდება. საზღვაო, სამთო ან თუნდაც სამედიცინიო სექტორებში არაერთი კურორტია, რომელთა განვითარება საჭიროა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტი, რომ ტურიზმის დაფინანსება გაზრდილია, მნიშვნელოვანია,  რაც საბოლოოდ დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას,  მეტი პოტენციალი გვაქვს, რომ  ტურისტების მოზიდვა შევძლოთ და მეტი შემოსავალი  მიიღოს ამ გზით ქვეყნის ეკონომიკამ, სწორება სწორედ ამისკენაა. რაც მეტი ტურისტულად დატვირთული ქალაქი და დაბა ექნება საქართველოს, ეკონომიკაც და მოსახლეობაც მეტ სარგებელს მიიღებს", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ტურიზმის დაფინანსების ზრდა ეკონომიკის ზრდით არის განპირობებული. როგორც ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ აღნიშნა, ტურისტული მიმართულების განვითარება საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად გაზრდის და  ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასაც.

,,ჩვენი თანამოქალაქეები ჩაერთვებიან დასაქმების სექტორში, გაუჩნდებათ შემოსავლები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონების გამაგრებას, ქვეყანაში მოსახლეობის დარჩენას და არ მოხდება არც დედაქალაქში და არც სხვა ქალაქებში მათი ჩამოსვლა და არც მათი ემიგრაციაში წასვლა.

ტურიზმის სექტორის დაფინანსებით, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები ტურისტული მიმართულებით. ერთი მხრივ, ეს შეუწყობს ხელს, რომ ტურისტები მოვიზიდოთ და მეორე მხრივ, იმას, რომ აქ ჩამოსულ სტუმარს შევთავაზოთ სხვადასხვა ფუნქციური და მრავალფეროვანი მომსახურება, რათა უფრო მეტი ფული დახარჯოს ჩვენს ქვეყანაში. ეს კი ხელს შეუწყობს, როგორც ლარის კურსის გამყარებას, ასევე, ეკონომიკურ და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას“, - განაცხადა ეკონომისტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×