როგორ კი გაძვირდა სარემონტო მასალები, მაშინვე მოიმატა "ხელობის" ფასმაც - ხალხი იაფი გზების ძიებაშია
თიკა სიბოშვილი
05.12.2022

ქვეყანაში უკვე კარგა ხანია, რაც სამშენებლო მასალები ძვირდება, რასაც ახლა უკვე ხელოსნების გაზრდილი ანაზღაურებაც დაემატა. დღესდღეობით რემონტის გაკეთება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გაძვირდა როგორც სარემონტო მასალები, ასევე "ხელობაც" და ზოგიერთ შემთხვევაში, ხარჯი გაორმაგებულიცაა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ბინებსა და სახლებს მაინც აქტიურად აახლებს, მაგრამ, როგრც გაირკვა, ისინი უკვე ცდილობენ, საშუალო ფასის მასალები გამოიყენონ და ძვირადღირებული აღარ შეიძინონ.

როგორც სარემონტო კომპანიებში აღნიშნავენ, ფასის მატება მართლაც აშკარა, თუმცა ამის გამო მოთხოვნა არ შემცირებულა. ერთ-ერთი სარემონტო ჯგუფის დირექტორის, ლაშა ბორაშვილის თქმით, ძველი ფასებით კომპანია აღარ მუშაობს და მომსახურების ღირებულება გაზრდილია.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და ინფლაციის ფონზე, რა თქმა უნდა,  სარემონტო კომპანიების მომსხურება გაძვირდა. ბაზარზე გაძვირებულია სარემონტო მასალები. მართალია ფასები ხარისხის მიხედვით არის, თუმცა ზრდა მაინც ყველა მიმართულებით შესამჩნევია.

მომატებულია ასევე ხელობის ფასიც. მაგალითისთვის, ადრე ლამინატს თუ აგებდნენ 8 ლარად დღეს ეს უკვე შეუძლებელია და კვადრატულს 10 ლარზე ნაკლებად აღარ აკეთებენ, ასევე 3-ლარით არის გაზრდილი სამღებრო სამუშაოების შესრულება და 15 ლარი ღირს. შეიძლება ითქვას, რომ ოსტატის ანაზღაურება თითქმის ყველანაირ სამუშაოზე გაზრდილია“, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ლაშა ბორაშვილმა და დასძინა, რომ არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მომხმარებლები მაინც არიან.

„კომპანიაში დამკვეთები გვყავს და არაფერი შემცირებულა. დღგ, საშემოსავლო, გაუთვალისწინებელი ხარჯები,ასევე კომპანიის მომსახურების გადასახადი, ყველაფერი იგეგმება. ასევე მასალების თანხა, ოსტატების ანაზღაურება, რაც საბოლოო ჯამში, ერთად იყრის თავს და მომხმარებელი გვხიდის ჩვენ.

გაძვირების ფონზე კომპანიასაც მოუწია ფასის გაზრდა. ახლა ციფრების დაკონკრეტება გამიჭირდება, რადგან ეს გამომდინარეობს იქიდან თუ რა სურს დამკვეთს“, - დასძინა ლაშა ბორაშვილმა.

გაზრდილი ფასების მიუხედავად, მოთხოვნა არ შემცირებულა არც დათო კვანტრიშვილის კომპანიაში. როგორც ის აღნიშნავს, დამკვეთები არსებული ტარიფების გამო მუშაობას არ აჩერებენ და ცდილობენ შეღავათიანი მასალებით გააგრძელონ სახლის რემონტი.

„გვაქვს სარემონტო კომპანია, რომლის მომსახურებაშიც შედის სხვადასხვა საქმიანობა. შეგვიძლია ნებისმიერი საქმის აღება და დამკვეთის მომსახურება. სამშენებლო მასალები უკვე დიდი ხანია, გაძვირდა და ეს არ დაწყებულა ახლა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კრიზისია, ხელოსნებიც ითხოვენ უფრო დიდ ანაზღაურებას, რაც არა მხოლოდ მასალებისა და ოსტატების ანაზღაურების გადასახადს ზრდის, არამედ პარალელურად იზრდება ჩვენი ტარიფებიც.

მართალია, რომ გარკვეული სამუშაოები გაძვირდა, მაგალითად, კაფელ-მეტლახის დაგება ადრე ღირდა 25 ლარი, თუმცა ახლა 35 ლარიდან იწყება. არიან ადამიანები რომლებიც 40-45 ლარადაც კი მუშაობენ. ასევე ლამინატის დაგებაც 10 ლარზე ნაკლებად არსადაა.

დამკვეთებს ხშირად არ მოსწონთ ტარიფები, თუმცა მოთხოვნა მაინც არის, ზოგი უფრო შეღავთიან ფასში არჩევს მასალებს და საბოლოო ჯამში, ასე ამთავრებენ რემონტს“, - აღნიშნა დათო კვანტრიშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ფაქტია, რომ სამშენებლო მასალების და მომსახურების გაძვირებას ქართველი მომხმარებელი არ შეუშინებია და არც სარემონტო სამუშაოები გადაუვადებიათ, თუმცა ერთხმას აღნიშნავენ, რომ ყველაფერი ძალიან ძვირია და ხარჯების გაწევა დაგეგმილზე მეტი უწევთ.

სარემონტო პროცესების დროს ყველაზე მოთხოვნადი, ცემენტი (1 ტომარა) ამ ეტაპისთვის 15 ლარია, თაბაშირის ფითხი 15.5 ლარი ღირს, თაბაშირ-მუყაოს ფასი 24.40 ლარია, შპალერის ფასი, საშუალოდ, 10 ლარიდან იწყება და მზარდია, ინტერიერის საღებავების ფასი კი მინიმუმ 12 ლარია და 80 ლარზეც კი ადის.

როგორც, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის მეპატრონე აღნიშნავს, ამ ეტაპზე რემონტს შეღავათიანი ფასის მასალებით აწარმოებს, რადგან სხვა გზა აღარ დარჩაწამოწყებული სამის დასამთავრელად

„ყველაფერი ძვირია, შესაბამისად, რემონტს დიდი თანხა სჭირდება. სარემონტო სამუშაოები ჩემს სახლში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. როცა წამოვიწყე მასალები უკვე გაძვირებული იყო და მერე კიდევ უფრო მოიმატა ფასმა, მაგრამ, რადგან უკვე დაწყებული გვქონდა რემონტი, შეწყვეტა აღარ გვინდოდა, თანაც შეიძლებოდა კიდევ ფასი გაზრდილიყო.

მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ჩვენთვის მისაღები ფასის მასალები აგვერჩია. საბედნიეროდ, ამის შესაძლებლობა მაინც არსებობს, რადგან მასალებთან ერთად, ხელობის ფასმაც ძალიან აიწია და ეს ხარჯებს კიდევ უფრო მეტად ზრდის“, - აღნიშნა თეო მაჭარაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

სარემონტო მასალა და ხელობის ანაზღაურება - ეს არის ის ორი მთავრი კომპონენტი რაც რემონტის დასაწყებად აუცილებელია. აშკარაა, რომ ბაზარზე ახლა ფასები მომატებულია, თუმცა მომხმარებლები მაინც ახერხებენ სამუშაოების გაგრძელებას. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებული მდგომარეობა უძრავ ქონებასაც აძვირებს და ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე აყენებს მომხმარებელს, თუმცა როგორც დარგის სპეციალისტი აღნიშნავს, ქვეყანაში არსებული კრიზისის გამო, ფასები ზოგადად ყველაფერზე გაზრდილია, მაგრამ ეს არ აფერხებს უძრავი ქონების რეალიზაციას.

„ამ ეტაპზე ქვეყანაში უძრავი ქონება გაძვირებულია და ზოგადად ყველაფრის ფასი გაზრდილია. იყო 10%-იანი ინფლაცია და საკვები პროდუქტები 16-18%-ით არის გაძვირებული. ეს ნისშნავს, რომ ზოგიერთი მიმართულებით უფრო მაღალია ინფლაცია.

მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ბინებზე მოთხოვნა მაინც არის და ამ მხრივ შეფერხება არ ყოფილა, რადგან ძალიან ბევრი არაქართველი, ძირითადად, რუსები ყიდულობენ უძრავ ქონებას“, - აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×