ოთარ შამუგია: „ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ფერმერებს, რომ შესაბამისი შემოსავალი მიიღონ“
ქეთო გოგოხია
13.12.2022

ციტრუსის სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მოსავალი წელს რეკორდული არ იქნება, მაგრამ ნარინჯისფერი რთველის მიმართ მოლოდინი დადებითია, რის იმედსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან გატარებული ღონისძიებები იძლევა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. 20-მდე საწარმო ჩაიბარებს მანდარინს როგორც გადამუშავებისთვის, ასევე საექსპორტოდაც. მაქსიმალური ღონისძიებები ტარდება, რომ ციტრუსის წარმოების, ასევე ექსპორტის საკითხებში არანაირი შეფერხება არ იყოს. მაქსიმალური ყურადღებაა, რომ ჩაუბარებელი მოსავალი არ დარჩეს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები ფერმერებისთვის კარგი შეღავათი იქნება.

„საექსპორტო მანდარინს, 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ გადასამუშავებელ საწარმოში მივიღებთ, ხოლო არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდიას გავცემთ. ეს კარგი შეღავათი იქნება ჩვენი ფერმერებისთვის. ბატონი ოთარ შამუგია იმყოფებოდა აჭარაში, პირადად დაათვალიერა და გაეცნო ადგილზე სიტუაციას. შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. ჩვენი მონაცემებით, 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარაში ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას, რეგიონის შესაძლებლობებს და არსებულ  სიტუაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ადგილზე გაეცნო. აჭარაში დტუმრობისას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მინისტრმა ფერმერ მალხაზ კენჭაძის ბაღში მანდარინის კრეფის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა და აღნიშნა, რომ მთავრობის მხრიდან მაქსიმალურია ხელშეწყობა, რომ ფერმერებმა მოსავლის დაბინავება და რეალიზაცია შეძლონ.

„აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღების და რეალიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ციტრუსი როგორც აჭარაში, ასევე გურიის რეგიონში მოსახლეობის ნაწილისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ პროცესს, რომ თითოეულმა ფერმერმა შეძლოს მოსავლის დაბინავება, რეალიზაცია და მიიღოს შემოსავალი. სწორედ ამიტომ შექმნილია შტაბი, რომელიც ამ პროცესს კოორდინაციას უწევს. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიცემა სუბსიდია. 20-მდე საწარმო იღებს როგორც გადამუშავებისთვის, ასევე საექსპორტო მანდარინს და პროცესი ამ კუთხითაც გამართულია. ჩვენ აქაც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კულტურაში, ხელს ვუწყობთ ფერმერებს, რომ სრულად დააბინაონ მოსავალი და შესაბამისი შემოსავალი მიიღონ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად მანდარინის კრეფის პროცესში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე. ისინი ასევე ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

 ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები და ფერმერები ციტრუსის წლევანდელი მოსავლით კმაყოფილნი არიან. მეციტრუსეების განცხადებით, მთავარია, გაუყიდავი მოსავალი არ დარჩეს. 

,,ქართული მანდარინის“ ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ციტრუსის სუბსიდიის პროცესში ჩაერთვება და მოსავალს შეისყიდის.  საწარმოს 24 საათის განმავლობაში 250 ტონა ციტრუსის ჩაბარების შესაძლებლობა აქვს. ,,ქართული მანდარინი“ ბაზარზე იგი 2012 წლიდან საქმიანობს და წარმოების დროს 50-მდე ადგილობრივს ასაქმებს. 

კომპანიის დირექტორი გიორგი ბურჭულაძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობს, რომ სუბსიდია ერთ-ერთი გონივრული გადაწყვეტილებაა, რაც ფერმერებს მოწეული პროდუქტის რეალზიაციაში ეხმარება და მოსახლეობის შემოსავლების სტაბილურობას უზრუნველყოფს.

,,ფერმერებს ყველა პირობა აქვთ, რომ პროდუქცია დახარისხდეს, დასაწყობდეს და შედარებით დაბალხარისხიანი მანდარინი შეუფერხებლად გაყიდონ. ნაწილი ექსპორტზე გავა და ნაწილიც ალბათ გადამუშავდება, რათა მისგან შესაბამისი პროდუქცია დამზადდეს. შეიძლება, ბევრს მიაჩნია, რომ სუბსიდია საუკეთესო პრაქტიკა არ არის, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ფერმერებისთვის სუბსიდიის კომპონენტი მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეულ ნაწილს მოსავლის გაყიდვა არ გაუჭირდეს. სწორედ ამიტომ ხელისუფლება ყოველთვის ასუბსიდირებს ციტრუსს, რაც ხელს უწყობს დაბალხარისხიან მანდარინში ადეკვატური თანხის გადახდას. 

ცხადია,  ჩაბარების მხრივ მოსახლეობას არანაირი დაბრკოლება არ ექნება, თუმცა როგორ შვძლებთ რეალზიაციას და სად გაიყიდება ციტრუსი, ჯერ დეტალებს ვარკვევთ. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და სიტუაცია, სავარაუდოდ, მალე გაირკვევა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ფერმერების ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანს მოსავალი შეუმცირდა, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან მყარი გარანტია აქვთ, რომ გაუყიდავი ციტრუსი არ დარჩება, რისი დაპირებაც უკვე მიიღეს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პაატა ქათამაძის თქმით, კრეფა უკვე დაიწყეს და დაახლოებით 1 კვირაში დაასრულებენ.

,,ციტრუსს მეწლეობა ახასიათებს, ამიტომ წლევანდელი სეზონი ნაკლებად მოსავლიანია. მე მოსავალი დაზღვეული მაქვს და სხვებთან შედარებით, მშვიდად ვიყავი. ამის მიუხედავად, ანაზღაურების საჭიროება არ შექმნილა, დანაკარგი არ არის ისეთი, რომ დაზღვევის კომპონენტი ჩამერთო. 

შარშან 5 ტონამდე  დავკრიფეთ, წელს 4 ტონამდეა. კარგად მოვუარეთ მოსავალს, წესების მაქსიმალური დაცვით, რაც ხარისხზეც აისახა. ვსარგებლობ სუბსიდიითაც. შიში, რომ მანდარინს ვერ ჩავაბარებთ და გაგვიჭირდება, არავის აქვს, ამაში ადგილობრივი და ცენტრალური მმართველობა ძალიან დაგვეხმარა. მუდმივად გვაქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, ყველა საჭირო რეკომენდაცია დროულად მივიღეთ“, - განუცხადა ფერმერმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

ამდენად, დღესდღეობით ყველა პირობაა, რომ წელს ციტრუსის რეალიზაცია შეუფერხებლად მოხერხდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ქვეყანაში ნარინჯისფერი რთველი სულ უფრო წარმატებული ხდება.  ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქართული მანდარინით მრავალი ქვეყანაა დაინტერესებული, რის ერთ-ერთი მიზეზიც ქართული პროდუქტის მაღალი ხარისხია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×