რა ეღირება განმეორებითი ტექინსპექტირება და რატომ გადაწყდა ახალი გადასახადის დაწესება?
გვანცა წულაია
13.12.2022

პირველი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი იქნება. ცვლილების შედეგად პირველადი ტექდათვალიერების ღირებულება უცვლელი რჩება, ჯერჯერობით, მის გაძვირებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. განმეორებით ინსპექტირებაზე კი გარკვეული ტარიფი დაწესდება და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის გადასახადი სხვადასხვაგვარი იქნება. დამატებითი გადასახადის დაწესება მომართვიანობა გარვეულწილად იმოქმედბს, რომელიც ისედაც დაბალ ნიშნულზეა, თუმცა სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცენტრები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არიან, რაც გადასახადის ზრდის წინაპირობას ნამდვილად ქმნის.

მთავრობამ უკვე დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვით, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირებისთვის მფლობელს დამატებითი საფასურის გადახდა მოუწევს. ამ დრომდე 1 თვის ვადაში განმეორებითი ინსპექტირება უფასო იყო, თუმცა თებერვლიდან მსუბუქი ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება 20 ლარი ეღირება, ასევე 20 ლარი იქნება ტაქსების ხელმეორე ინსპექტირება.

რაც შეეხება სხვა სატრანსპორტო საშუალებებს:

8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (მიკროავტობუსები) – 30 ლარი;

3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სატვირთო ავტომობილები) – 30 ლარი;

3500 კგ-ზე მეტი სრული მასის მქონე მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები - 20 ლარი;

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებები - 20 ლარი;

პიკაპი - 20 ლარი;

არაუმეტეს 3500 კგ-ზე სრული მასისა და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და ტრაქტორების გარდა - 20 ლარი;

არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (მსუბუქი ავტომობილები) - 20 ლარი.

ტექინსპექტირების ტარიფი სახელმწიფოს მიერაა დადგენილი და ყველა ცენტრში იდენტურია. პირველადი ტექინსპექტირების ადასახადი ასე გამოიყურება: მსუბუქი ავტომობილი - 60 ლარი, სატვირთო ან სამგზავრო ავტომობილი - 100 ლარი, მისაბმელი - 60 ლარი, ელექტრომობილი - 48 ლარი.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი ამბობს, რომ გადასახადის დაწესებით, ტექინსპექტირების ცენტრები ცოტათი ამოისუნთქებენ.

"მთავრობის დადგენილება უკვე გამოცემულია, რომლის მიხედვითაც განმეორებით ტექინსპექტირებაზე საფასური იქნება შემოღებული და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახადი განსხვავებული იქნება. ამ გადასახადის დაწესებით, ტექინსპექტირების ცენტრები უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან რეალურად, მათ მოსახურების გაწევა უფასოდ უწევთ. თავისი პროდუქტიული დროის 35%-ს ხარჯავენ იმაში, რომ უფასოდ ემსახურებოდნენ მომხმარებლებს. 

თავიდან, როდესაც რეფორმა ამოქმედდა, საკმაოდ მაღალი პროცენტი დაფიქსირდა განმეორებით ინსპექტირების მომართვიანობაზე, თუმცა წლებთან ერთად მომართვიანობა შემცირდა და დღეისთვის დაახლოებით 35%-ია.

მიმდინარე ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ განმეორებით დათვალიერეაზე საფასური დაწესდეს და შემდგომში გაძვირდება თუ არა პირველადი ინსპექტირება, უკვე მსჯელობის საგანი იქნება”, - განაცხადა "რეზონანსთან” შიოლაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ოთხი წელია ქვეყანაში სავალდებულოა, დღეს მძღოლების დიდი ნაწილი ქალაქში ისევ გაუმართავი ავტომობილით გადაადგილდება. არასათანადო ადმინისტრირებისა და დაბალი საჯარიმო სანქციების გამო, მოქალაქეების ნაწილი ინსპექტირების გავლას ჯარიმის გადახდას ამჯობინებს.

ინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სისტემური ხარვეზების გამო, დღეს ქვეყანაში რეგისტრირებული მილიონნახევარი ავტოსატრანსპორტო საშუალების მხოლოდ 48%-მდე აკმაყოფილებს ტექდათვალიერების მოთხოვნებს.

გადასახადის შემოღება კი მიმართვიანობაზე, რომელიც ისედაც დაბალ ნიშნულზეა, ნამდვილად იქონიებს გავლენას. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას, დარგის სპეციალისტი, ვაჟა იორდანაშვილი, თუმცა იქვე დასძენს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ადეკვატურია.

"ტარიფის შემოღებამ შესაძლოა, გარკვეულწილად იმოქმედოს და ავტომფლობელების აქტიურობა კიდევ შემცირდეს, თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს. რელურად, განმეორებითი ინსპექტირება არის თითქმის იგივე შრომა, როდესაც ინსპექტორი პირველადი ინსპექტირების დროს ამოწმებს ავტომობილს. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ შრომა არის აუნაზღაურებელი, რაც არ ხდება არც ერთ ქვეყანაში. განმეორებითი ინსპექტირება ყველგან ფასიანია და შესაბამისად, ადამიანი ამ შრომის საფასურს იღებს, ამიტომ, ვფიქრობ, ფასის დაწესება ადეკვატურია, თანაც იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ ხდება პირველადი შემოწმების საფასურის გადახედვა და გაზრდა. მე როგორც ვიცი, ამ ეტაპზე, არც მიმდინარეობს იმაზე საუბარი, გაძვირდება, თუ არა პირველადი ტექინსპექტირება.

ტექინსპექტირების ცენტრები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არიან. მიმდინარეობს  კადრების გადინება, გადასახდელია კომუნალური გადასახადები, შესანარჩუნებელია გამზომი ხელსაწყოები, შენობა-ნაგებობები და სხვა, ამიტომ რთულ მდგომარეობა მართლაც არის.

ძნელი სათქმელია, ცვლილება რამდენად გამოაცოცხლებს სფეროს. დახარვეზების მაჩვენელები 30% იყო და ვფიქრობ, რომ სტატისტიკური მონაცემები შემცირდება, რადგან მძღოლები მაქსიმალურად შეეცდებიან ავტომობილები მოიყვანონ შესაბამის კონდინციაში, რომ დახარვეზების მაჩვენებელი იყოს ნაკლები”, - აღნიშნა იორდანაშვილმა "რეზონანსთან” საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×