გვანცა წულაია
14.12.2022

დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემამ ყოველდღიური სახე მიიღო. თბილისში მოძრაობა გამუდმებით სულ გადატვირთულია და გადაადგილება შეუძლებელია. თბილისის მერი საცობების პრობლემას ავტომობილების ოდენობას უკავშირებს, სპეციალისტები კი ამბობენ, რომ პრობლემის თავი და თავი არასწორი პოლიტიკა, მენეჯმენტი და დაგეგმარებაა. 

დედაქალაქში საცობების სკითხი ვერაფრით ვერ მოგვარდა. მერიაში პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით ებრძვიან, თუმცა რამდენად ეფექტურად, ეს ცალკე საკითხია.

თბილისის მერი საცობების პრობლემას ნაწილობრივ ავტომობილების ოდენობას უკავშირებს. კახა კალაძემ, გუშინ, მთავრობის სდომაზე თბილისში ავტომობილების რაოდენობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები მოიშველია და აღნიშნა, რომ ეს რიცხვები დედაქალაქში არსებულ მძიმე მდგომარეობას ცხადყოფს.

„2017 წელს ავტომობილების მფლობელთა რიცხვი დაახლოებით 31%-ს შეადგენდა, დღეს ეს რიცხვი 48%-ს აღწევს. საშუალო წლიური ზრდა 8-9% გვაქვს. 5-7 წელიწადში ჩვენ ავტომობილის ფლობის ევროპულ მაჩვენებელს - 70%-ს მივაღწევთ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის ქვეყნებში 5 ან მეტი დღით ავტომობილს მოსახლეობის მხოლოდ 8% იყენებს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარებულია და ეკომეგობრულ ტრანსპორტს იყენებენ. საქართველოში აღნიშნული მონაცემი 92%-ს უტოლდება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

თბილისში 2012 წელს 250 000 კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2017 წელს ეს რიცხვი 380 00-მდე გაიზარდა, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, პიკის საათებში თბილისში 600 000 მეტი ავტომობილი მოძრაობს, ეს ძალიან დიდი რიცხვია“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ სატრანსპორტო კოლაფსის განმუხტვის მიზნით ესტაკადების მშენებლობა სწორი მიდგომა არ არის, რადგან რამდენიმე წელიწადში გაზრდილი ავტომობილების რაოდენობის გამო გამტარუნარიანობა კვლავ შეიზღუდება.

„ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე - რატომ არ ვაკეთებთ დამატებით ესტაკადებს - ეს უტოპია და არასწორი მიდგომებია. მაგალითისთვის, გმირთა მოედანზე განხორციელებული ესტაკადები თავის დროზე გამტარი იყო და პრობლემას არ წარმოადგენდა, დღეს ეს უდიდესი პრობლემაა, რადგან გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და ეს ესტაკადა ავტომობილების შესაბამის რაოდენობას ვეღარ ატარებს.

ვთქვათ, ახლა ავაშენეთ ახალი ესტაკადები 5-7 წლის შემდეგ ავტომობილების დამატების შემდეგ რას ვშვრებით, კიდევ ახალი ესტაკადები უნდა დავამატოთ და ესტაკადების ქალაქად უნდა ვაქციოთ თბილისი?! ეს არასწორი მიდგომებია, იმ ადამიანებს, ვისაც ჰგონიათ, რომ ასეთი პროექტებით შეიძლება პრობლემა მოიხსნას, ეს დიდი შეცდომაა”, - განაცხადა თბილისის მერმა.

მართალია, თბილისის მერიაში ესტაკადების მშენებლობა გამართლებულად არ მიაჩნით, თუმცა სპაციალისტები ამბობენ, რომ ერთ-ერთი გამოსავალი სწორედ ამ გზით წასვლაა. ხიდების და ესტაკადების მშენებლობა საცობებს განმუხტავს. ასევე პრობლემაა შუქნიშნების ოდენობაც და სასურველია, უფრო მეტი მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები.

„ეკო-ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში საცობების მთავრი გამომწვევი მიზეზი არის არასწორად ორგანიზებული საგზაო მოძრაობა.

"გუშინ კახი კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში, პიკის საათში, დაახლოებით, 600 ათასი ავტომობილი გადაადგილდება. ძალიან მაინტერესებს, რა კვლევის საფუძველზე მიიღო მან ეს ციფრი. თითქოს, ქალაქში საცოცები და სატრანსპორტო კოლაფსი იმიტომ გვაქვს, რომ ბევრი ადამიანი გადაადგილდება ავტომობილით, რაც, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

თბილისში საცობების მთავრი გამომწვევი მიზეზი არის არასწორად ორგანიზებული საგზაო მოძრაობა. აქ მენეჯმენტის პრობლემა გვაქვს. არც ერთი საერთაშორისო სტატისტიკური მაჩვენებლებით, თბილისში არ არის ბევრი ავტომობილი ერთ სულ მოსახლეზე. შედარება რომ მოვახდინოთ, თბილისი არის 719 კვ/კმ, სინგაპური - 720 კვ/კმ. თბილისში ცხოვრობს 1.2 მლნ ადამიანი და სინგაპურიში 5.8 მლნ ადამიანი. ჩვენ გვაქვს სატრანსპორტო კოლაფსი მაშინ, როდესას სინგაპურში იდეალურად არის მოწყობილი სატრანსპორტ სისტემა.

წლებია ვხედავთ, რომ გაუაზრებლად ხდება ხელოვნური ჩარევა საგზაო მოძრაობის ორგანიზების ცვლილებებში ისე, რომ წინასწარ არ არის გათვლილი მოსალოდნელი შედეგი და დღეს, ჩვენ, რეალურად არ გვაქვს საერთო სურათი, თუ რამდენი ავტმობილი გადაადგილდება, როგორია მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რამდენი გამტარუნარიანობის შესაძლებლობა გააჩნია მეტროს, ავტობუსებს და ა.შ.”, - განაცხადა "რეზონანსთან” ვასო ურუშაძემ და დასძინა, რომ გრძელვადიანი პერსპექტივაში მნიშვნელოვანია, განვითარების მთავარი ღერძი იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

"მნიშვნელოვანია, აქცენტი გავაკეთოთ რელსიანი ტრანსპორტის განვითარებაზე. ეს არის: მეტროპოლიტენი, ტრამვაი და ა.შ. ავტობუსების მხრივ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დიდი ტევადობის სატრანსპორტო საშუალებებმა იმოძრაოს.

ჩვენ ახლა მხოლოდ საცობების პრობლემა კი არ გვაქვს, ქალაქში სრული ქაოსია, განუკითხაობაა. თბილისში სატრანსპორტო ანარქიაა, რისი მიზეზიც არის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა”, - დასძინა ურუშაძემ "რეზონანსთან”.

სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ გზით, რომელიც თბილისის მერიამ აირჩია, პრობლემა არათუ მოგვარდება, არამედ სიტუაცია უფრო გართულდება. საცობების წარმოქმნის მიზეზებზე საუბრობს დარგის კიდევ ერთი სპეციალისტი რობერტ იანტბელიძე.

"საგზაო მოძრაობის ორგანიზაცია არის მეცნიერება, რომელმაც არავითარი პოლიტიკა არ იცის. საგზაო მოძრაობის მეცნიერებამ იცის წინასწარ გათვლები, თუ რა შედეგი დადგება, რაღაცის ნაბიჯის გადადგმის დროს.

მაგალითად, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ მეტრო `დიდუბის~ წინ უნდა დაპატარავდეს მოედანი. მეცნიერულად ვხსნი, რომ ეს მოედანი დიდია, უნდა დაპატარავდეს. შუა ზოლში, რომელიც საავტომობილოა, იქ ხეები არ უნდა ჩაირგოს. ხეების ჩარგვამ ტრანსორტის ზოლი შეავიწროვა და თუ ეტეოდა 3 ავტომობილი ახლა ეტევა - 2. თბილისის ქუჩებში ასე ხელოვნურად სავალი ნაწილების დაპატარავება იწვევს საცობს.

აპელირებენ იმაზე, რომ დარღვევებზე ზრდიან საჯარიმო სანქციებს. მეტი არაფერი იციან? 3-ზოლიანი ქუჩები შემცირდა, ერთ მხარეს საველოსიპედო ბილიკი მოეწყო, ავტობუსის ზოლი გაკეთდა და დარჩენილ ერთ ზოლში ამდენმა ავტომობილმა როგორ იმოძრაოს? ვერ იმოძრავებს და იქმნება გაუვალი საცობი. თბილისი არ არის საველოსიპედო მოძრაობის ქალაქი. ამ ველოსიპედების გამო, ღირს კი პრობლემის შექმნა?

თბილისის მერია ზედიზედ უშვებს ძალიან ბევრ შეცდომას და ექსპერიმენტებს ატარებს. წინმსწრებით გეტყვით, რომ როგორც კი წერეთლის და ვაჟა-ფშაველას რეაბილიტაცია დაიწყება, თბილისში მაშინვე დამთავრდება საშინელი კოლაფსი შეიქმნება.

პრობლემის მოგვარების წამალი არ არის ჯარიმების გაზრდა, ახალ-ახალი `ნოუ ჰაუ~ წინადადებების მოფიქრება. თბილისს ესაჭიროება სწორი, გააზრებული მოძრაობის ორგანიზაცია, რაც თბილისის მერიაში არავინ იცის. თბილისის მთავრობა ბევრს იღებს თავის თავზე და არც სპეციალისტებს და არც მოსახლოებას არაფერს ეკითხება”, - განუცხადა რობერტ იანტბელიძემ "რეზონანსს”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×