"ნამდვილ ტურისტს დამატებით 5-10 დოლარის გადახდა ნამდვილად არ შეაშინებს“
თიკა სიბოშვილი
14.12.2022

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოგზაურობისას ტურისტები დამატებით ტურისტული გადასახადით იბეგრებიან. ხშირად მსგავსი ტიპის მოსაკრებელი სასტუმროს ან ავიაბილეთის ღირებულებას ემატება. ქალაქებსა და ქვეყნებში ვიზიტორების დიდ ნაკადს სხვადასხვა ხერხით ებრძვიან, ხოლო ამის მაკონტროლირებელ ერთ-ერთ საშუალებას ტურისტული გადასახადის დაწესებაც წარმოადგენს. საქართველოში ამაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს, თუმცა საქმე ჯერჯერობით ბოლომდე არც ერთ მცდელობაზე  არ მიყვანილა. ახლა, მსგავსი ტიპის გადასახადი საფრანგეთის, ავსტრიისა, იტალიის და სხვა ქვეყნების მსგავსად, თურქეთმაც დააწესა, რაც არა მხოლოდ დიდ ნაკადს გააკონტროლებს, არამედ დადებითად უნდა აისახოს ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.

სხვადასხვა ქვეყნები ტურიტული გადასახადის დაწესებაზე უკვე წლებია საუბრობენ, მაგრამ ამას ხან პანდემიამ შეუშალა ხელი, ხანაც მომხრეების ნაკლებობამ, თუმცა ფაქტია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას.

ტურისტული გადასახადი - მცირე გადასახადია, რომლის აკრეფა ჩვეულებრივ არაპირდაპირ ხორციელდება განთავსების ობიექტების მომწოდებლების ან ტურისტული კომპანიების მეშვეობით. ფაქტია, რომ მსგავსი ტიპის გადასახადი შემოსავლებს გაზრდის.

ამჯერად ეს კანონი თურქეთმაც მიიღო და 1-ლი იანვრიდან ტურისტებისთვის სასტუმროებში, ტურისტულ სოფლებში, პანსიონატებში, ოტელებში, კემპინგებსა და განსახლების სხვა ობიექტებში გასაჩერებლად 2%-იანი გადასახადი იმოქმედებს. ინფორმაციას ადგილობრივი სამთავრობო გაზეთ Resmi gazete-ზე ავრცელებს. ამით მეზობელი ქვეყანა მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღებას აპირებს, რადგან წელს თურქეთში ტურისტების რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა.

საქართველოში, აღნიშნული გადასახადის დაწესებას ეთანხმება ტურიზმის დარგის სპეციალისტი, პროფესორი მარინა მეტრეველიც. მისი შეფასებით, ქვეყანაში ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის და ვისაც ნამდვილად სურს საქართველოს მონახულებას მინიმალური გადასახადის გადახდასაც ადვილად შეძლებს.

„არასოდეს ვიყავი იმის მომხრე, რომ ტურისტული გადასახადი დაწესებულიყო საქართველოში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნორმალური ტურისტები ჩამოდიოდნენ ჩვენს ქვეყანაში. ახლა როცა ლტოლვილები და ემიგრანტები აირია ერთმანეთში, მისვესალმები ამ გადასახადის დაწესებას.

გადასახადი რამდენი და რა ფორმის იქნება, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს.  აეროპორტის მოსაკრებელი იქნება ეს თუ, საკურორტო ანდა ქალაქის, თუ რა შევა პაკეტში და როგორ მოხდება ამის გადახდა ჩემთვის რთული სათქმელია.

თუკი დაწესდება რაიმე მოსაკრებელი და აღარ ჩამოვლენ ეს ბელარუსები და რუსები, ძალიან კარგი იქნება. ნამდვილ ტურისტს 5-10 დოლარის გადახდა ნამდვილად არ შეაშინებს“, - აღნიშნა მეტრეველმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

საქართველო უკვე მრავალი წელია, რაც ტურისტულად დატვირთული ქვეყანაა, შესაბამისად დამატებითი გადასახადის დაწესება არა მარტო, „გიჟური“  ნაკადის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება, არამედ მნიშვნელოვნა გაზრდის და გააუმჯობესებც როგორც შემოსავალს, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობას.

ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამის გამო ქვეყანას ტურისტები მოაკლდება, რადგან მსგავსი ტიპის მოსაკრებელი ტურისტისთვის იქნება მინიმალური, რასაც ის პრაქტიკულად ვერ იგრძნობს, თუმცა ქვეყნის ბიუჯეტზე დადებითად იმოქმედებს.

ამასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი მოსაზრებები არსებობს, თუმცა როგორც მაკონტროლებელი მექანიზმი, იგი ნამდვილად კარგია.

მაგალითად, საფრანგეთში არსებობს „Taxe de Sejour“ ან ტურისტული გადასახადი, რომელსაც კრეფენ ერთ ადამიანზე დღე-ღამეში და რომელიც დამოკიდებულია განთავსების ობიექტის ხარისხსა და დონეზე. ასევე ავსტრიაში ტურისტებმა უნდა გადაიხადონ გადასახადი ღამისთევისთვის (მათ შორის, კემპინგში), რომლის აკრეფა ხორციელდება იმ პროვინციის მიხედვით, სადაც იმყოფებიან. ბულგარეთში დაწესებულია ქალაქის გადასახადი ან საკურორტო გადასახადი, რაც დამოკიდებულია რაიონზე და სასტუმროს კლასიფიკაციაზე.

სპეციალისტების აზრი ორად იყოფა. ტურიზმის სფეროს ზოგიერთი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ამ გადასახადის შემოღება მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგს ასე არ მიაჩნია. ეკონომისტი სოსო სიმონიშვილის აზრით, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია კარდინალური ცვლილებები და ცალკეული „ტურისტული გადასახადი“ ამაში ვერ დაეხმარება.

„ჩვენს ეკონომიკას ახლა სჭირდება, არა დეტალური და მცირეოდენი ნიუანსების შემცველი გადასახადების დამატება  ან  მოკლება, არამედ კარდინალური საგადასახადო სიტემის და ეკონომიკური პოლიტიკის გადააზრება.  „ტურისტული გადასახადის“ ცალკე გადახედვა არაფერს მოგვცემს.

ცალკე გადასახადი საერთო სურათს არ ცვლის, არც ტურისტული ინდუსტრიის მოწყვეტა შეიძლება მთელი ქვეყნის ეკონომიკისგან. კოპირება ერთი ქვეყნის მოდელისა მეორეში, არასწორი ნაბიჯია. მთელი საინვესტიციო და ეკონომიკური გარემო მთლიანობაში უნდა განვიხილოთ. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი ჩვენს ქვეყანაში, რომ ეკონომიკა გამოჯანმრთელდეს“, - აღნიშნა სიმონიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ თურქეთმა ეს გადასახადი დააწესა მხოლოდ დროებით.

„იმ ქვეყნებში სადაც რუს ტურისტებს შესვლა შეუძლიათ არის ბუმი, მათ შორის არის თურქეთი და საქართველოც. თურქეთმა მოინდომა, რომ "ნაღები მოხსნას" და დამატებითი გადასახადი დააწესა, რაც ცხადია, რომ იქნება დროებით, სანამ ნაკადი დიდია. ჩვენ ამაზე არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივ წარმოების განვითარებას და მის უზრუნველყოფას გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი საინვესტიციო კრედიტით“, - დასძინა სიმონიშვილმა.

თურქეთის ხელისუფლებამ ტურისტებისთვის განსახლების გადასახადის შემოღება ჯერ კიდევ 2019 წელს გადაწყვიტა, თუმცა მისი ამოქმედება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. კულტურისა და ტურიზმის მინისტრ მეჰმედ ნური ერსოის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე თურქეთი 51,5 მილიონ ტურისტს, ხოლო ტურიზმიდან 46 მლრდ დოლარის შემოსავალს მოელის. მთავრობა იმედოვნებს, რომ ქვეყანა მომავალ წელს 60 მილიონ ტურისტს მიიღებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×